საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.02.2004
საქმის ნომერი
2კ-24კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 24-კოლ 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულების _ ლ. დ-სა და ვ. ა-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 5 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 5 დეკემბრის განაჩენით ლ. დ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის “დ”, “ვ”, “თ”, “კ” პუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ვ. ა-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის “დ”, “ვ”, “თ”, “კ” პუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები: 2001 წელს ლ. დ-მა ნაცნობთან, დ. ყ-თან გაიცნო ქ. თბილისში, --- მცხოვრები ე. შ-ძე. იგი ხშირად ხვდებოდა ე. შ-ეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლ. დ-ნი ე. შ-ეს შეჰპირდა, რომ იქორწინებდნენ. იმავე წლის სექტემბერში ლ. დ-მა, თითქოსდა ბორჯომის რაიონში ხე-ტყის ბიზნესის დაწყების და ამონაგები თანხით ქორწილის პრესტიჟულ რესტორანში გადახდის მიზნით, ე. შ-ეს სთხოვა, ესესხებინა გარკვეული თანხა, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა და გადასცა 2000 აშშ დოლარი. მითითებული ფაქტიდან ორი კვირის შემდეგ ლ. დ-ნი განმეორებით მივიდა ე. შ-სთან და ახლა უკვე კახეთში ღვინის ბიზნესის დასაწყებად სთხოვა 2000 აშშ დოლარი. ე. შ-ემ ახლობლებისაგან ისესხა მითითებული თანხა და გადასცა იმ პირობით, რომ ლ. დ-ნი ვალს, 4000 აშშ დოლარს, დააბრუნებდა 2001წ. 15 ნოემბრამდე. ლ. დ-მა მითითებული თანხა არ დააბრუნა.

2003წ. 1 ივნისს, დაახლოებით 18.00 საათზე, ლ. დ-ნი ვ. ა-ლი, ი. ბ-ძე, დ. ჟ-ტი და მ. ს-ძე ერთად იმყოფებოდნენ ქ. მცხეთის მახლობლად არსებულ რესტორან “---ში”, სადაც მათ დალიეს ალკოჰოლური სასმელი. რესტორანში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ. ა-ლი და მ. ს-ძე შეკამათდნენ. მათ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვ. ა-ლი, ი. ბ-ძე, მ. ს-ძე და ლ. დ-ნი რესტორნიდან ავტომანქანით წამოიყვანა დ. ჟ-მა. გზად მანქანაში ვ. ა-მა და მ. ს-ემ კამათი კვლავ განაგრძეს. დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე მ. ს-ის მიერ მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფით განაწყენებულმა ვ. ა-მა მას ყელში მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც მ. ს-ემ დაკარგა გონება. მ. ს-ის მიერ გონების დაკარგვის შემდეგ ლ. დ-ის კატეგორიული მოთხოვნით ავტომანქანის მძღოლი დ. ჟ-ტი იძულებული გახდა, ისინი გაეყვანა მუხათგვერდის სასაფლაოსაკენ მიმავალ გზაზე. ლ. დ-ის მოთხოვნით დ. ჟ-მა გზის პარალელურად მოხრეშილ სავალზე გააჩერა მანქანა, საიდანაც ლ. დ-მა და ვ. ა-მა გადმოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი მ. ს-ძე. მათ ი. ბ-სა და დ. ჟ-ტს მოსთხოვეს ავტომანქანის მოშორებით გაჩერება, რაც მათ შეასრულეს. ამის შემდეგ ვ. ა-ის თანდასწრებით ლ. დ-მა დასაკეცი დანით მ. ს-ეს მიაყენა კისრის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობა მაგისტრალური სისხლძარღვების, ხორხისა და საყლაპავი მილის სრული დაზიანებით. ამით გამოწვეული მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანების გამო ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

მ. ს-სათვის თავის მოკვეთის შემდეგ ლ. დ-ნი და ვ. ა-ლი ჩასხდნენ დ. ჟ-ის ავტომანქანაში და გაემართნენ მინდელის სახელობის ხიდის მიმართულებით. ავტომანქანის სალონში მათ იპოვეს მ. ს-ის ხელჩანთა, რომელშიც აღმოაჩინეს ორი ოქროს სამაჯური, სამი ოქროს ბეჭედი, დაუდგენელი ფირმის მობილური ტელეფონი. დ. ჟ-სა და ი. ბ-ის თანდასწრებით მათ აიღეს ეს ნივთები და გაინაწილეს. ხელჩანთა და მობილური ტელეფონი გადააგდეს მდინარე მტკვარში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოთ მითითებულ გარემოებებს და დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. დ-მა ჩაიდინა თაღლითობა. მან ე. შ-ეს მოტყუებით, არაერთგზის გამოართვა ფული, მთლიანად 4000 ამერიკული დოლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი; პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. დ-მა ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, კერძოდ _ უმწეო მდგომარეობაში მყოფ, მთვრალ მ. ს-ეს უმნიშვნელო საბაბით, ხულიგნური ქვენაგრძნობით, განსაკუთრებული სისასტიკით დანით თავი მოაჭრა, ვ. ა-თან ერთად; პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ლ. დ-მა ჩაიდინა ძარცვა, მკვლელობის შემდეგ იგი ვ. ა-თან ერთად დაეუფლა მ. ს-ის ოქროს სამკაულებს, აღნიშნული ნივთების დაუფლების შემდეგ კი ვ. ა-თან ერთად გაანადგურა მ. ს-ის კუთვნილი ხელჩანთა და მობილური ტელეფონის აპარატი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ა-მა ლ. დ-ნთან ერთად დამამძიმებელ გარემოებებში ჩაიდინა მ. ს-ის განზრახ მკვლელობა, კერძოდ, მას შემდეგ, რაც მ. ს-ეს მან ავტომანქანაში ყელზე ხელის მოჭერით გონება დააკარგვინა და მისი და ლ. დ-ის მოთხოვნით მძღოლმა ისინი მიიყვანა მუხათგვერდის სასაფლაოს გზაზე, მან ლ. დ-თან ერთად გადმოიყვანა ავტომანქანიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი მ. ს-ძე, რომელსაც ლ. დ-მა თავი მოაჭრა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ვ. ა-მა ჩაიდინა ძარცვა, მკვლელობის შემდეგ იგი ლ. დ-თან ერთად დაეუფლა მ. ს-ის ოქროს სამკაულებს, აღნიშნული ნივთების დაუფლების შემდეგ კი ლ. დ-ნთან ერთად გაანადგურა მ. ს-ის კუთვნილი ხელჩანთა და მობილური ტელეფონის აპარატი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებულ ლ. დ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ხ. ყ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო გამოძიებისათვის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ სრულყოფილად არ გამოკვლეულა საქმის მასალები. კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არასწორად ცნო დამნაშავედ მსჯავრდებული ყველა ბრალდებაში. კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე წარდგენილ იქნა დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ლ. დ-ის მამა ფსიქიკურად იყო დაავადებული, სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულის შუამდგომლობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების თაობაზე და ამ საკითხის გარკვევის გარეშე მსჯავრდებულს შეუფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ადვოკატის განმარტებით, ლ. დ-ნს თაღლითობისათვის არასწორად დაედო მსჯავრი. ადვოკატის მითითებით, მართალია, ლ. დ-მა ე. შ-ეს გამოართვა გარკვეული თანხა, მაგრამ მას იგი არ მოუტყუებია. ადვოკატის განმარტებით, ლ. დ-ნს არც ძარცვა ჩაუდენია, მას მ. ს-ის ოქროს სამკაულები არ დაუტაცია.

მსჯავრდებულმა ლ. დ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი ბრალდების საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე დაადგინა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, რომ არ გაურკვევია მისი ფსიქიკური მდგომარეობა. კასატორის მითითებით, შემთხვევის დღეს, მართალია, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ახსოვს რა მოხდა. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე გამოიტანა განაჩენი, რომ სრულყოფილად არ გამოუკვლევია, რამ გამოიწვია მ. ს-ის სიკვდილი. კასატორის განმარტებით, მ. ს-ძე უკვე მკვდარი იყო, როდესაც ავტომანქანიდან გადმოიყვანეს, რის დადასტურებასაც წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გარდაცვლილს ტანსაცმელი დასვრილი ჰქონდა შარდით. კასატორის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე ამ საკითხების გასარკვევად არ იქნა დაკითხული სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა მ. ს-ის გვამის გამოკვლევა. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ მითითებულ საკითხთა გასარკვევად და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს. კასატორის მითითებით, მას თაღლითობა არ ჩაუდენია, მან, მართალია, გარკვეული თანხა გამოართვა ე. შ-ეს, მაგრამ არა მოტყუებით. კასატორის მითითებით, მართალია, თანხა ვერ დაუბრუნა ე. შ-ეს, მაგრამ ეს წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს და არა სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველს. კასატორის განმარტებით, მას არც ძარცვა ჩაუდენია.

კასატორი _ მსჯავრდებულ ვ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ხ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ვ. ა-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლბრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს და არასწორად დასდო მსჯავრი მ. ს-ეს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში. მას მ. ს-ძე არ მოუკლავს.

მსჯავრდებულმა ვ. ა-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მიუთითა, რომ მას არ ჩაუდენია მ. ს-ის მკვლელობა. მსჯავრდებულის განმარტებით, მართალია, ის იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ მას არც მ. ს-ის მოკვლის განზრახვა ჰქონია და არც რაიმე მოქმედება განუხორციელებია მის მოსაკლავად.

დაზარალებულმა ე. შ-ემ მხარი არ დაუჭირა ლ. დ-ის საკასაციო საჩივარს თაღლითობის ნაწილში და მოითხოვა განაჩენის ამ ნაწილში უცვლელად დატოვება.

დაზარალებულ მ. ს-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა მ. მ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გამოძიებისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის ყველა გარემოება. პროკურორის მითითებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სწორად დასდო მსჯავრი ლ. დ-სა და ვ. ა-ლს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, მსჯავრდებულებს _ ლ. დ-სა და ვ. ა-ლს, მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს _ ხ. ყ-სა და ნ. ხ-ეს, დაზარალებულ ე. შ-ეს, დაზარალებულ მ. ს-ის ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ მ. მ-ეს, პროკურორ ე. ქ-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით, კერძოდ, თვით მსჯავრდებულების _ ლ. დ-სა და ვ. ა-ის, ასევე მოწმეების _ დ. ჟ-სა და ი. ბ-ის ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ 2003წ. 1 ივნისს, დაახლოებით 18.00 საათზე, ლ. დ-ნი, ვ. ა-ლი, ი. ბ-ძე, დ. ჟ-ტი და მ. ს-ძე ერთად იმყოფებოდნენ ქ. მცხეთის მახლობლად არსებულ რესტორან “---ში”. მათივე ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ვ. ა-მა და მ. ს-ემ სუფრასთან იკამათეს. მათივე ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ვ. ა-მა და ვ. ს-ემ კამათი ავტომანქანაშიც გააგრძელეს. კამათის საფუძველი იყო ვ. ა-ის შენიშვნა მ. ს-ის მიმართ, რომ მას მობილურ ტელეფონზე ხშირად ურეკავდნენ, ასევე ვ. ა-ის გინება მ. ს-ის დედის მიმართ. ამავე პირთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ავტომანქანაში ვ. ა-მა მ. ს-ეს ყელზე ხელი მოუჭირა, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. მოწმეების _ დ. ჟ-სა და ი. ბ-ის ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ისინი რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ მცხეთის მხრიდან მოძრაოდნენ თბილისის მიმართულებით და დაახლოებით დიღმის მასივთან, მას შემდეგ, რაც მ. ს-ემ გონება დაკარგა, დ. ჟ-მა, ლ. დ-ის მოთხოვნით, ავტომანქანით ისინი გაიყვანა მუხათგვერდის სასაფლაოს გზაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოთ მითითებულ გარემოებებს და სწორად არ გაიზიარა მსჯავრდებულების _ ლ. დ-სა და ვ. ა-ის ჩვენებები იმ ნაწილში, რომ მათ არ ჩაუდენიათ მ. ს-ის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულთა ჩვენებები იმ ნაწილში, რომ არ ჩაუდენიათ მ. ს-ის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, უარყოფილია საქმის ერთობლივი მასალებით, კერძოდ, მოწმე დ. ჟ-ის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, სადაც მან დაადასტურა ფაქტი იმისა, რომ მ. ს-ეს ყელზე ხელი შემოხვია ვ. ა-მა, რის შემდეგაც მ. ს-ემ გონება დაკარგა, ასევე ის ფაქტი, რომ ამის დანახვით შეშინებულმა, შეასრულა ლ. დ-ის მოთხოვნა და ისინი ავტომანქანით დიღმის მასივიდან გაიყვანა მუხათგვერდის სასაფლაოს გზაზე. დ. ჟ-მა ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ავტომანქანიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი მ. ს-ძე გადაიყვანეს ლ. დ-მა და ვ. ა-მა, ასევე ფაქტი იმისა, რომ გადაყვანისას ვ. ა-მა ფეხი ჰკრა მ. ს-ეს, ხოლო მანქანასთან დაბრუნებულებმა განაცხადეს “ხომ წავაგდებინეთ ბატკანივით თავიო". მოწმე დ. ჟ-ის ჩვენებათა სარწმუნობა დადგენილია მოწმე ა. ბ-ის ჩვენებებით, რომელმაც ასევე დაადასტურა ფაქტი იმისა, რომ ვ. ა-ლს ხელი შემოხვეული ჰქონდა მ. ს-ის ყელზე, ასევე ფაქტი იმისა, რომ დიღმის მასივიდან მათ ავტომანქანით გადაუხვიეს ---ის სასაფლაოსაკენ და ამ სასაფლაოს გზაზე გავიდნენ, ასევე ფაქტი იმისა, რომ მ. ს-ძე ავტომანქანიდან უგონო მდგომარეობაში გადმოიყვანეს ლ. დ-მა და ვ. ა-მა. დ. ჟ-სა და ი. ბ-ის ჩვენებათა სარწმუნობა დადგენილია ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც მ. ს-ეს თავი თითქმის მთლიანად მოჭრილი ჰქონდა დანით (სხეულთან აკავშირებდა მხოლოდ კანის ნაფლეთი), გარდაცვლილს მიღებული ჰქონდა ალკოჰოლის დიდი დოზა (სიკვდილამდე იმყოფებოდა ძლიერი სიმთვრალის მდგომარეობაში), მისი სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია, მიყენებულია მჩხვლეტავ – მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია შედარებით თხელი ყუა და ლესილი პირი. გარდა ჭრილობებისა, მ. ს-ის გვამს აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე. ეს დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. მოწმეთა ჩვენებების სარწმუნობა ასევე დადგენილია თვით მსჯავრდებულ ვ. ა-ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების იმ ნაწილით, რომლითაც მან არ უარყო მის მიერ მ. ს-სათვის ყელზე ხელის მოჭერის, მუხათგვერდის სასაფლაოს გზაზე გასვლის, მ. ს-ის ავტომანქანიდან გადაყვანის ფაქტი.

მითითებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სპეციალისტ ი. ქ-ის განმარტებით უარყოფილია მსჯავრდებულ ლ. დ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. ს-ძე ავტომანქანიდან გადმოყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო, რასაც მსჯავრდებულის განმარტებით ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მ. ს-ეს ტანსაცმელი დასვრილი ჰქონდა შარდით. --- ი. ქ-ის მიერ გაკეთებული დასკვნით დადგენილია, რომ უნებლიე მოშარდვას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია მ. ს-ის სიკვდილის მიზეზთან, რომ მ. ს-სათვის მიყენებული ყველა ჭრილობა სიცოცხლისდროინდელია, საკეცი დანის ორი მოსმით კი თავის მოჭრა შეუძლებელია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სწორად მიიჩნია, რომ ავტომანქანაში ვ. ა-ის მიერ მ. ს-სათვის ყელში ხელის მოჭერა და მისი გონების დაკარგვა, დ-ის მოთხოვნით დიღმის მასივიდან ---ის სასაფლაოს გზაზე მისვლა, ლ. დ-სა და ვ. ა-ის მიერ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში მყოფი მ. ს-ის მიყვანა უკვე ასაბუთებს მსჯავრდებულების _ ლ. დ-სა და ვ. ა-ის ერთიან გაზრახვას, მოეკლათ უმწეო მდგომარეობაში მყოფი მ. ს-ძე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად არ გაიზიარა მსჯავრდებულ ლ. დ-ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მას არ ჩაუდენია მ. ს-ის ნივთების გატაცება. აღნიშნული უარყოფილია საქმის ერთობლივი მასალებით, კერძოდ, მოწმეების _ დ. ჟ-სა და ი. ბ-ის ჩვენებებით, სადაც მათ დაადატურეს ის ფაქტი, რომ ვ. ა-მა და ლ. დ-ნმა სასაფლაოდან უკან დაბრუნებისას ავტომანქანაში, უკანა სავარძელზე, იპოვეს მ. ს-ის ხელჩანთა, საიდანაც ამოიღეს ოქროს ნივთები და ერთმანეთში გაიყვეს, გლდანში გადასასვლელი ხიდიდან კი მტკვარში გადააგდეს ტელეფონი და ხელჩანთა. დ. ჟ-ისა და ი. ბ-ის ჩვენებათა სარწმუნობა დადგენილია მოწმე ი. ა-ის ჩვენებებით, რომლის თანახმადაც, 2003წ. 2 ივნისს, დილის საათებში, ლ. დ-ის თანხლებით მასთან მივიდა ბიძაშვილი ვ. ა-ლი და გადასადნობად მიუტანა ოქროს ნივთები, ასევე ი. ა-ის ბინიდან ამოღების ოქმით, რომლის შესაბამისადაც, ამ უკანასკნელმა გამოძიებას წარუდგინა ვ. ა-სა და ლ. დ-ის მიერ მასთან მიტანილი ოქროს ნივთები, რომლებიც საქმის მასალების მიხედვით, ამოიცნო აწ გარდაცვლილის დამ _ მ. ს-ემ. მოწმე ი. ქ-ის ჩვენებით, რომელიც ლ. დ-ის მეუღლეა, დადგენილია, რომ 2003წ. 3 ივნისს, დაახლოებით 24.00 საათზე, მათ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა და სხვა ნივთებთან ერთად ამოიღეს ერთი ცალი ოქროსფერი საყურე შავი ფერის სამშვენისით, რაც თავდაპირველად თავისი კუთვნილი ეგონა, თუმცა დაკვირვების შემდეგ მიხვდა, რომ მას არ ეკუთვნოდა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ დაზარალებულ ე. შ-ის ჩვენებებს, რომელთა შესაბამისადაც, ლ. დ-ნი მას შეჰპირდა ქორწინებას, მაგრამ ეს დაპირება გამოიყენა იმისათვის, რომ მოეტყუებინა და მისთვის ფული გამოერთმია.

საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლო გამოძიებისას ლ. დ-ის დაცვის მიერ წარდგენილ ცნობას იმის თაობაზე, რომ ლ. დ-ის მამა, აწ გარდაცვლილი ნ. დ-ნი 1978 წლიდან დაავადებული იყო შიზოფრენიით და სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ მხოლოდ აღნიშნული ცნობა არ შეიძლება გამხდარიყო ლ. დ-ის მიმართ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი. პალტა თვლის, რომ საქმის მასალების მიხედვით, არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ გამოვლენილა რაიმე მონაცემები, რაც საეჭვოს გახდიდა ლ. დ-ის შერაცხადობის საკითხს.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენი ლ. დ-სა და ვ. ა-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ ლ. დ-სა და ვ. ა-ის, მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ხ. ყ-სა და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 5 დეკემბრის განაჩენი ლ. დ-სა და ვ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.