შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 25-აპ 12 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. ლ-ლი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ 2003წ. 19 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, როგორიცაა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ამ სატრანსპორტო საშუალების მართვისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ჩადენილი დანაშაულისათვის სასამართლომ ჯ. ლ-ლს სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაუთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუნიშნა 2 წელი.
განაჩენის მიხედვით ჯ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 22 თებერვალს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, ქ. თბილისში, --- სახლის წინ იგი მინდობილობით მართავდა რა ა. ჯ-ის კუთვნილ მსუბუქ ავტომანქანას, ვაზ. 2101, მოძრაოდა ---ის გამზირზე, გლდანის --- მხრიდან კინოთეატრ “---ს” მიმართულებით, სავალი გზის მესამე ზოლში დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით. როდესაც იგი მიუახლოვდა საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლს, დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები: “ხილვადობის გაუარესების შემთხვევაში მძღოლი მოძრაობის ზოლის შეუცვლელად რთავს საავარიო მაშუქ სიგნალიზაციას, ანელებს სიჩქარეს და ჩერდება”. უგულებელყო რა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა, ხილვადობის გაუარესებისას არ მიიღო შესაბამისი ზომები, კერძოდ, არ ჩართო საავარიო მაშუქი სიგნალიზაცია, არ შეანელა სიჩქარე, ავტომობილის სრული გაჩერების ჩათვლით, გააგრძელა სვლა და დაეჯახა გზაზე ქვეითად მოსიარულე ზ. ა-ლს, რომელმაც დაჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
აღნიშნული განაჩენი პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. გ-მა გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში. საჩივრით იგი ითხოვდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ ჯ. ლ-სათვის საუარესოდ, კერძოდ, მის მიმართ რეალური სასჯელის დანიშვნას _ 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით და, ასევე, დამატებით სასჯელად იმავე ვადით მისთვის ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევას.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი და 2003წ. 11 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. ლ-ლს სასჯელი განუსაზღვრა აღნიშნულ საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. ლ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აღნიშნულ განაჩენში მის სასიკეთოდ ცვლილების შეტანას, კერძოდ, მისთვის მოსახდელად დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას.
პალატის სხდომაზე მომხსენებელმა მოსამართლემ გამოაქვეყნა საკასაციო საჩივრის შინაარსი და მოთხოვნა.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ბ. გ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 11 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის მიმართ წარსული ნასამართლობებიდან აბსოლუტური უმრავლესობა გაქარწყლებულია; ბოლო ქმედება წარმოადგენს შემთხვევით გარემოებათა გამო ჩადენილ გაუფრთხილებელ დანაშაულს, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მისი პოსტკრიმინალური ქცევა, კერძოდ, ის, რომ მან დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ყველაფერი გააკეთა, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა საიმისოდ, რათა დაზარალებულს გაწეოდა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება; მან იმთავითვე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო გულწრფელი ჩვენებებით ხელი შეუწყო გამოძიებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსჯავრდებული ჯ. ლ-ლი გამოსასწორებლად არ საჭიროებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის კმაყოფაზეა მეუღლე 7 თვის ბავშვით და მოხუცი დედა, ოჯახი იმყოფება ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში, ხოლო დაზარალებულის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდა უფრო რეალური იქნება, თუკი იგი არ იქნება თავისუფლებააღკვეთილი და მიეცემა შრომითი საქმიანობის შესაძლებლობა.
გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სრულიად გაუმართლებლად, უყურადღებოდ დატოვეს გამოძიებისას და ორ სასამართლო ინსტანციაში საქმის განხილვისას. სახელდობრ, საკითხი ეხება იმას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა რეალურად განპირობებული იყო როგორც მძღოლის, ისე ფეხით მოსიარულის _ დაზარალებულ ზ. ა-ის ბრალით, კერძოდ, ეს უკანასკნელი ქუჩას კვეთდა სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობისა და ფეხით მოსიარულეთათვის კანონით ნებადაურთველ ადგილზე, რა დროსაც დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ქვეითად მოსიარულე სატრანსპორტო საშუალებათა სავალ ნაწილს გადაკვეთს მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე, მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრის, გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ და, ამასთან, მან არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის სასიკეთოდ უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით _ მას უნდა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ჯ. ლ-ს დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით _ ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.