საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 10.02.2004
საქმის ნომერი
2კ-25დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 25-დად 10 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია

განიხილა ბრალდებულ შ. ბ-ის დამცველის, ადვოკატ თ. ზ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქედის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქედის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის დადგენილებით შ. ბ-ძე ცნობილ იქნა შეურაცხ პირად ფსიქიკური დაავადების გამო მის მიერ ბ. ბ-ის სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით, რისთვისაც აღნიშნული სასამართლო დადგენილებით იგი მოთავსებულ იქნა ქ. Fფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით ირკვევა შემდეგი:

2001წ. 17 იანვარს ქედის რაიონის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის სსკ-ის 108-ე მუხლით ბ. ბ-ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. იმავე დღეს, 2001წ. 17 იანვარს, 16 საათზე, მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახით დაკავებულ იქნა ქედის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრები შ. ბ-ძე.

წინასწარმა გამოძიებამ შ. ბ-ის მოქმედება დააკვალიფიცირა სსკ-ის 108-ე მუხლით. გამოძიების დროს, შ. ბ-ის პიროვნების შემოწმებისას, დადგინდა, რომ იგი აღრიცხვაზე იმყოფებოდა აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დიაგნოზით: ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობა, ანიმური რემისია, რის გამოც შ. ბ-ის შერაცხადობის საკითხის დასადგენად ქ. თბილისის ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის კვლევით ინსტიტუტში დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის თანახმად, შ. ბ-ძე ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა ფსიქიკურად ავადმყოფურ მდგომარეობაში. ქედის რაიონულმა პროკურატურამ 2001წ. 13 დეკემბერს სისხლის სამართლის საქმე დადგენილებით გააგზავნა ქედის რაიონულ სასამართლოში შ. ბ-ის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად.

ქედის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ. დ-ემ თვითაცილების მოტივით საქმე გადააგზავნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში, სადაც საქმე განსახილველად დაექვემდებარა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 26 თებერვლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე დააბრუნა ქედის რაიონის პროკურატურაში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ხოლო შ. ბ-ის მიმართ გააუქმა ბრძანება დაპატიმრების შესახებ და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მოათავსა ფოთის მკაცრი რეჟიმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ.

ჩატარებული დამატებითი გამოძიების შემდეგ საქმე შ. ბ-ს მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად დადგენილებით კვლავ გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 7 ოქტომბრის დადგენილებით მიიჩნია, რომ შ. ბ-ემ მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხ მდგომარეობაში და შეუფარდა იძულებითი მკურნალობა ქ. ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

აღნიშნული სასამართლო დადგენილება გასაჩივრდა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში სააპელაციო წესით.

უმაღლესმა სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მიიღო, განიხილა იგი და 2003წ. 21 თებერვლის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის დადგენილება შ. ბ-ის მიმართ იძულებითი მკურნალობის გამოყენების შესახებ დატოვა უცვლელად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს აღნიშნული განჩინება შ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელმაც 2003წ. 19 აგვისტოს შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა რა ნაწილობრივ, გააუქმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თბერვლის განჩინება. იმავე განჩინებით ასევე გააუქმა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის დადგენილება შ. ბ-ის მიმართ იძულებითი მკურნალობის გამოყენების შესახებ და სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა გენერალურ პროკურატურას, რომელმაც საქმე დაუქვემდებარა ქედის რაიონულ პროკურატურას.

დამატებითი გამოძიების ჩატარების შემდეგ, 2003წ. 7 ოქტომბერს, ქედის რაიონულმა პროკურორმა დაამტკიცა დადგენილება შ. ბ-ის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ, რის შემდეგაც საქმე განსახილველად წარიმართა ქედის რაიონულ სასამართლოში, რომელმაც 2003წ. 8 დეკემბრის დადგენილებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, შ. ბ-ძეE ფსიქიკური დაავადების საფუძველზე ცნო შეურაცხ პირად და მას შეუფარდა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება ქ. ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებით.

შეურაცხ პირად ცნობილი შ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ზ-ემ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომელშიც მიუთითებს, რომ შ. ბ-ძე არ არის ფსიქიკურად დაავადებული შეურაცხი პირი და მას არც ბ. ბ-ის მკვლელობა ჩაუდენია, რის გამოც ითხოვს შ. ბ-ის მიმართ ქედის რაიონული სასამართლოს მიერ 2003წ. 8 დეკემბერს გამოტანილი დადგენილების გაუქმებას, საქმის წარმოების შეწყვეტას გამამართლებელი საფუძვლით და მის გათავისუფლებას სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებისგან.

პლატის სხდომაზე განხილვისას შ. ბ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ე. ს-მა და თ. ზ-ემ მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორი მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს ქედის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის დადგენილების შ. ბ-ის მიმართ უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები შ. ბ-ის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წინასწარი და სასამართლო გამოძიების შედეგებით საფუძვლიანად არის დადასტურებული ის, რომ ბ. ბ-ის მკვლელობა ნამდვილად შ. ბ-ს მიერაა ჩადენილი. ასეთი დასკვნის საფუძველს წარმოადგენს კანონით განსაზღვრული საპროცესო წესების დაცვით მოპოვებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა _ მოწმეთა ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ბიოლოგიური, სასამართლო ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებისა და ნივთმტკიცებების სახით. ამავე დროს, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შ. ბ-ძე ნამდვილად დაავადებულია ფსიქიკურად, რის გამოც იგი წარმოადგენს სოციალურად საშიშ პირს და მოთავსებულ უნდა იქნეს შესაბამისი რეჟიმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. საქმეში არ მოიპოვება სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდნენ რაიონული სასამართლოს დასკვნებს, როგორც შ. ბ-ის მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, ისე შ. ბ-ის შეურაცხაობის შესახებ. საგულისხმოა, რომ საკასაციო განხილვისას დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე არსებითი არგუმენტი სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გასაბათილებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქედის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის დადგენილება შ. ბ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ზ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქედის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის დადგენილება შეურაცხად ცნობილ შ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.