საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 26-კოლ 5 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც:
მ. ღ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ა” პუნქტითა და 109-ე მუხლის “კ” პუნქტით. ერთობლივად შეეფარდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 1 მარტიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:
2003წ. 1 მარტს, 1.30 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფ. ---ში მ. ღ-ძე, მთვრალი, შემთხვევით შეხვდა თანასოფლელ რ. გ-ეს, რომელიც ბრუნდებოდა იმავე სოფ. ---ში მცხოვრებ ი. ღ-ს ოჯახიდან, სადაც იმყოფებოდა დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე. მ. ღ-ძე სრულიად უმიზეზოდ აუხირდა რ. გ-ეს, რომელიც თითქოს აგინებდა იმავე წვეულებიდან მომავალ მამამისს _ ნ. ღ-სა და ბიძას _ ლ. ღ-ეს. მთვრალი მ. ღ-ძე დაამშვიდა ბიძამისმა ლ. ღ-ემ, ჩამოაშორა რ. გ-ეს და მიაცილა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკრამდე, თვითონ კი გააგრძელა გზა თავისი სახლისაკენ. ამის შემდეგ მ. ღ-ძე გამობრუნდა უკან, წამოეწია გზად მიმავალ რ. გ-ეს და სახლში გაყოლა მოსთხოვა. რ. გ-ეც გაჰყვა. მ. ღ-ემ იგი შეიყვანა საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში, სადაც მამამისი, დაზარალებული ნ. ღ-ძე საწოლზე წამოწოლილი ტელევიზორს უყურებდა. მ. ღ-ემ, მთვრალმა, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ცულით გადაჭრა ელექტროსადენები, რომლითაც ჩართული იყო ელექტროღუმელი და რ. გ-ეს მოსთხოვა, შეეგინებინა მამამისისათვის, ნ. ღ-სათვის, რაზედაც რ. გ-ემ უარი უთხრა. აგრძელებდა რა ხულიგნურ ქმედებას, ნაჯახის მოღერებითა და მოკვლის მუქარით აიძულა მამა, ნ. ღ-ძე, ამდგარიყო საწოლიდან და ასევე მოკვლის მუქარით აიძულა რ. გ-სთან ერთად გაჰყოლოდა იმავე ეზოში არსებულ სახლში. მ. ღ-ემ შეიყვანა ისინი საცხოვრებელი სახლის იმ ოთახში, სადაც ჰქონდა შენახული არაყი და მისი დალევა მოსთხოვა. რ. გ-ემ, სიტუაცია რომ არ გაერთულებინა, ჩამოასხა არაყი ჭიქაში და რამდენიმე ყლუპი მოსვა, ხოლო ნ. ღ-ემ უარი განუცხადა არყის დალევაზე იმ მოტივით, რომ ნასვამი იყო და აღარ შეეძლო მეტის დალევა. მამის ეს უარი გამოიყენა რა დანაშაულის ჩადენის საბაბად, მ. ღ-ემ მამას ნაჯახი რამდენჯერმე დაარტყა კეფის მარჯვენა მესამედში და შუბლის მარჯვენა ნაკვეთში, რითაც კეფის არეში მიაყენა არასწორკიდეებიანი ნაფლეთოვანი ჭრილობა, ზომით _ 4X2 სმ, ხოლო შუბლზე _ ნაჭდევი, ზომით _ 3X1,5 სმ. დარტყმისთანავე ნ. ღ-ძე დავარდა და დაკარგა გონება. რადგან დაზარალებული ნ. ღ-ძე აღარ მოძრაობდა, მ. ღ-ძე დარწმუნდა, რომ იგი მოკლა და ნაჯახი განმეორებით აღარ დაარტყა. მოქმედებდა რა ერთიანი განზრახვითა და ხულიგნური ქვენაგრძნობით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ ნაქონი ნაჯახი რ. გ-ეს დაარტყა თავის არეში, მარჯვენა საფეთქლის ზედაპირზე, სიცოცხლისათვის სახიფათო ზონაში. ნაჯახის დარტყმის შედეგად რ. გ-ემ მიიღო ქალა-ტვინის ღია ტრავმა თავის ტვინში სისხლჩაქცევებითა და დაჟეჟილობებით, ასევე _ ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მოტეხილობა, რამაც გამოიწვია სიკვდილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. ღ-ძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს, რისთვისაც მიუთითებს, რომ იგი მთლიანად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს მოხუცებული მამა, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ფ. ვ-მა მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ მ. ღ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულმა მ. ღ-ემ აღნიშნა, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს სასჯელის ზომის შემცირებას.
დაზარალებულმა მ. -ემ კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ე. ქ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია მ. ღ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი მ. ღ-ს მიმართ არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ მ. -ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, როგორც მისი აღიარებითი ჩვენებებით, ასევე _ დაზარალებულ ნ. ღ-ის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. ღ-ის ქმედებას სასამართლო კოლეგიამ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ხოლო სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ასევე _ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში), მის მიერ ჩადენილ დანაშაულს მოჰყვა მძიმე შედეგი.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. ღ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად მკაცრ სასჯელად და არ არსებობს მისი შემცირების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განაჩენი მ. ღ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.