განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 37-აპ 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია, დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის განაჩენი ტ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის განაჩენით ტ. ბ-ლი (უკანასკნელად გორის რაიოული სასამართლოს 2001წ. 9 იანვრის განაჩენით სსკ-ის 241-ე მუხლის პირველი ნაწლით მისჯილი ჰქონდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა იმავე ვადით პირობითი მსჯავრით), _ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით ტ. ბ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2002წ. 23 თებერვალს, 18 საათსა და 30 წუთზე, მთვრალი მართავდა ავტომანქანა “მოსკვიჩ-412”-ს და მოძრაობდა ცხინვალიდან გორის მიმართულებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით. გზის 28,2 კმ-ზე დაარღვია მოძრაობის წესების 28-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნა _ მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში არ დაიცვა დისტანცია, არ დაიცვა აგრეთვე გვერდითი ინტერვალი და ავტომანქანა წინა ნაწილით შეეჯახა წინ, მისივე მიმართულებით, დაახლოებით 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ გ. ლ-ის მართვის ქვეშ მყოფ “მურავეის” მარკის სატვირთო მოტოროლერს, რომლის ძარაზეც იმყოფებოდა ვ. გ-ლი. შეჯახების შედეგად მოტოროლერის მძღოლმა გ. ლ-მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო ვ. გ-მა _ ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ტ. ბ-ლი აღნიშნავს, რომ გამოძიება საქმეზე ჩატარდა არასრულყოფილად, საპროცსო ნორმების უხეში დარღვევით, რამაც გავლენა მოახდინა კანონიერი განაჩენის დადგენაზე. საჩივარში მსჯავრდებული უთითებს იმასაც, რომ სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ დაზარალებულს შეურიგდა და აუნაზღაურა თანხის ნაწილი, ოჯახში აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ჰყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო მამა, პენსიონერი დედა და მცირეწლოვანი შვილი, რომლის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ტ. ბ-ლი ითხოვს მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილებას მიღებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ტ. ბ-ლი აზუსტებს თავის პოზიციას და მხარს უჭერს ადვოკატ ლ. ტ-ის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გამო. მსჯავრდებული ითხოვს აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის _ შეცვლას არასაპატიმრო ღონისძიებით.
პროკურორმა ბ. გ-ემ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ ტ. ბ-სა და მისი ადვოკატის მოთხოვნას, მან იშუამდგომლა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება დამატებით გამოძიებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს პროკურატურას დამატებითი გამოძიებისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენი ტ. ბ-ის მიმართ ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას; ამ დასკვნის მიხედვით, ტ. ბ-ის ქმედება არ შეესაბამება მოძრაობის წესების შესახებ კანონის 28-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარის თავიდან აცილება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ. ლ-სა და ვ. გ-ის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით.
პალატა თვლის, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დარღვევით, კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, ტ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე საქართველს სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით აღიძრა 2002წ. 2 აპრილს, ხოლო ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები ჩატარდა შესაბამისად 2002წ. მარტის თვეში, ე.ი. სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე. ამით გამოძიებამ დაარღვია სსსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილში მოცემული წესი იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე არ შეიძლება არც ერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ჩხრეკის, ამოღებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების გარდა.
ზემოაღნიშნულის გამო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს ტ. ბ-ის მიმართ საფუძვლად დაუდო რა კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, ამით დაარღვია სსსკ-ის 563-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რაც საპროცესო კანონის არსებითი დარღვევაა და ყველა შემთხვევაში იწვევს განაჩენის გაუქმებას, მით უმეტეს, რომ მსჯავრდებულ ტ. ბ-ის განცხადებით, საბრალდებო დასკვნითა და განაჩენით დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ასახავს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის რეალურ სურათს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც გადაჭარბებულადაა შეფასებული ავტოავარიის შედეგად გ. ლ-ის მიერ მიღებული სხეულის დაზიანების ხარისხიც. ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ საქმეზე უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური დამატებითი გამოძიება საპროცესო ნორმების დაცვით, შემოწმდეს ტ. ბ-ის ჩვენებები ავტოსაგზაო შემთხვევის გარემოებებთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ტ. ბ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის _ შეცვლის საფუძველი და არ იზიარებს საკასაციო საჩივარს ამ ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ნოემბრის განაჩენი ტ. ბ-ის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს გენერალურ პროკურატურას.