საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 38-დად 24 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე, ი. ბიბილაშვილი
განიხილა ა. წ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა დაზარალებული მხარის საჩივარი, გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის 2003წ. 29 მაისის დადგენილება ა. წ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები ამ საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეგზავნა იმავე რაიონის პროკურორს.
კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილებისა და პროკურატურის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 4 მარტს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დ.Yს-ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება მკვლელობის ჩადენაში თ. წ-ის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ. გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2003წ. 3 მარტს თ. წ-ლი სტუმრად იმყოფებოდა ძმასთან _ ა. წ-თან თბილისში, --- დასახლებაში, სადაც აღნიშნეს დედის დაბადების დღე. ღამით ნასვამები გამოვიდნენ ბინიდან და ა. აცილებდა ძმას _ თ. წ-ლს. 403-ე კორპუსთან მათ დაინახეს მთვრალი დ. ს-ძე, რომელიც უმისამართოდ იგინებოდა. ძმებმა წ-ებმა დ. ს-ის გინება მიიღეს თავიანთ თავზე და დაიწყეს ჩხუბი, რა დროსაც თ. წ-მა ჯიბიდან ამოიღო დანა და მოკვლის მიზნით გულმკერდის არეში ჩაარტყა დ. ს-ეს. მიღებული დაზიანებით ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა.
2003წ. 20 მაისს გარდაცვლილ დ. ს-ის დედამ საჩივრით მიმართა რაიონის პროკურორს და მოითხოვა ა. წ-ის ცნობა მკვლელობის თანამონაწილედ და მისი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა. 29 მაისს გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება დ. ს-ის განზრახ მკვლელობისა და ხულიგნობის ნაწილში ა. წ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
2003წ. 10 ივლისს სისხლის სამართლის საქმე თ. წ-ის მიმართ სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით განსახილველად წარიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში, მაგრამ მისი განხილვა დღემდე არ დაწყებულა.
ა. წ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის 2003წ. 29 მაისის დადგენილების ასლი დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატს გამომძიებელმა მხოლოდ 22 ივლისს ჩააბარა. ამ უკანასკნელმა ეს დადგენილება რაიონულ სასამართლოში 4 აგვისტოს გაასაჩივრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აწ გარდაცვლილ დ. ს-ის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებებისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის ა. წ-ის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გამომძიებლის დადგენილებაში სათანადოდ არ შეფასებულა. ამ მოტივით მოსამართლემ დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა _ გააუქმა გამომძიებლის დადგენილება და მასალები ა. წ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნა ისანი-სამგორის რაიონის პროკურორს. სასამართლოს ეს დადგენილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. წ-მა. საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოიტანა დაუსაბუთებელი და არაობიექტური დადგენილება.
პალატის სხდომაზე კასატორმა ა. წ-მა ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი დაუჭირა პროკურორმა ნ. გ-მა.
ადვოკატმა მ. ქ-მა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ. ს-ემ ითხოვეს სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსამართლე ნ. ო-მა სრულიად საფუძვლიანად მიუთითა თავის დადგენილებაში იმის თაობაზე, რომ გამომძიებლის დადგენილებაში სრულყოფილად არ არის ასახული და შეფასებული ყველა მოწმის ჩვენება, აღმოფხვრილი არ არის ამ ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები.
გამომძიებლის დადგენილბა ა. წ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ძირითადად, ეყრდნობა მოწმე რ. კ-ის ჩვენებას. დადგენილებაში აღნიშნულია: “რ. კ-მა აჩვენა, რომ 2003წ. 3 მარტს, დაახლოებით 23 საათზე, ქუჩიდან გაიგონა ყვირილისა და გინების ხმა. აივანზე გასვლისას ხმის მიხედვით მიხვდა, რომ იგინებოდა მისი ნათესავი დ. ს-ძე. იგი სასწრაფოდ ჩავიდა ეზოში და დაუწყო დ. ს-ეს დაწყნარება. ამ დროს მას შემოესმა ყვირილი _ ვის აგინებო და დაინახა, რომ ორი პიროვნება მირბოდა მისი მიმართულებით. მიახლოებისას მათ შორის გაიმართა ხელჩართული ჩხუბი. დ. ს-ეს ეჩხუბებოდა ორი პირიდან შედარებით უფრო დაბალი, რომელიც, როგორც შემდეგ გაიგო, აღმოჩნდა თ. წ-ლი, ხოლო მასთან იმყოფებოდა ა. წ-ლი. ჩხუბის პროცესში მან დაინახა, რომ თ. წ-ლი დანით ხელში ედგა მიწაზე დავარდნილ დ. ს-ეს, რის შემდეგაც იგი მომარჯვებული დანით გაემართა მისი მიმართულებით, თან იძახდა _ ახლა მეორე უნდა ავჩეხოო. ამის გამო მან თ. წ-ლს შეასხა ცრემლსადენი გაზი, რის შემდეგაც გამოიქცა იქიდან. აქვე მოწმე რ. კ-მა აჩვენა, რომ ჩხუბის დროს არანაირი დაზიანებები არ მიუღია და წარმოშობილი ჩხუბი თ. და ა. წ-ებთან გამოიწვია დ. ს-ის მხრიდან უმისამართო გინებამ”.
საქმის მასალების მიხედვით, რ. კ-ნი გამომძიებელმა დაკითხა ორჯერ _ პირველად 4 მარტს, მეორედ _ 17 აპრილს. პირველი დაკითხვის დროს ის აჩვენებდა: “დ. ს-ეს მე გამოვედევნე, დავეწიე და ვუთხარი: რა გაყვირებს, დაწყნარდი-მეთქი და შევთავაზე სახლში წამომყოლოდა, რაზედაც მან უარი მითხრა და განაგრძო გზა. იგი იქვე ჩაჯდა, იგინებოდა და ყვიროდა გაურკვეველი მიმართულებით. ამ დროს მე მომესმა შორი-ახლოდან ყვირილის ხმა _ ვის აგინებო და შეიგინეს ჩვენი მისამართით. გავიხედე ყვირილის მიმართულებით და დავინახე, რომ ორი მამაკაცი წამოვიდა ჩვენსკენ. ამ გინების გაგონებაზე დათო საბანიძემაც შეიგინა და წავიდა მათკენ. მეც გავყევი დათოს უკან. ჩემს მისვლამდე დათოსა და ამ ორ პირს შორის, რომელთაგან ერთი იყო მაღალი და მელოტი (ა. წ-ლი), ხოლო მეორე _ დაბალი, თავზე ეხურა ნაქსოვი ქუდი და ეცვა თბილი ქურთუკი (თ. წ-ლი), მოხდა ჩხუბი. დაბალს ხელში ეჭირა დანა. ამ მომენტში დათო დაეცა, ხოლო დაბალი დანით ხელში და მაღალი წამოვიდნენ ჩემსკენ. ვინაიდან შემეშინდა ჩემთვისაც არ დაერტყათ დანა, ჯიბიდან ამოვიღე ცრემლსადენი გაზის ბალონი, გაზი შევასხი მაღალს და გამოვიქეცი კორპუსისაკენ. ორივენი მომდევდნენ და მაგინებდნენ დედის მისამართით“.
მეორე დაკითხვის დროს რ. კ-მა დამატებით აჩვენა: “როდესაც მე მათთან მივედი, დავინახე, რომ მაღალს მარჯვენა ხელით ეჭირა დ. ს-ძე, ხოლო მარცხენათი კი ურტყამდა სახის არეში. მე მაშინვე მივვარდი მათთან, მაღალს ხელი მოვკიდე და ვუთხარი _ თავი დაანებე, შენ არ გაგინებდა-მეთქი. როგორც კი გავაშვებინე ხელი, მან მაშინვე დამარტყა სახის არეში და ჩემსა და ამ მაღალ პიროვნებას შორის მოხდა ჩხუბი. ამ ჩხუბის დროს მე დავინახე, თუ როგორი მოწყვეტით დაეცა დ. ს-ძე. დავინახე ისიც, რომ დაბალს ხელში ეჭირა დანა და თავზე ადგა დ. ს-ეს. იგი შემოტრიალდა ჩემსკენ და დაიძახა: “ამასაც ავჩეხავო” და წამოვიდა ჩემსკენ დანით. ამ დროს კი მე ხელით ვეჭირე მაღალს, მე ჯიბიდან ამოვიღე ცრემლსადენი გაზის ბალონი და შევასხი მაღალს. ამ უკანასკნელმა მაშინვე გამიშვა ხელი და მე გამოვიქეცი კორპუსისაკენ. ორივენი მომდევდნენ და მაგინებდნენ დედის მისამართით“.
როგორც ზემოთ მოყვანილი ამონარიდებიდან ჩანს, მოწმე რ. კ-ის ჩვენებების შინაარსი არასწორად და შეცვლილად არის გადატანილი გამომძიებლის დადგენილებაში. გარდა ამისა, დადგენილებაში არასრულყოფილი შეფასება აქვს მიცემული სხვა მოწმეთა ჩვენებებს. ყოველივე ეს რაიონულ სასამართლოს სათანადო საფუძველს აძლევდა, დაეკმაყოფილებინა დაზარალებული მხარის საჩივარი და გაეუქმებინა გამომძიებლის დადგენილება ა. წ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისEაღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
პალატა ყურადღებას აქცევს იმ გარემოებასაც, რომ რაიონულ სასამართლოში დაზარალებულის საჩივრის განხილვის დროს პროცესში მონაწილე პროკურორმა მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა გამომძიებლის დადგენილების გაუქმება. შემდეგ კი პროკურორს სასამართლოს დადგენილება არ გაუსაჩივრებია.
ამრიგად, პალატა თვლის, რომ ა. წ-ის ქმედებას გამოძიებამ სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს საქმის მასალების სრულყოფილი, დეტალური და ობიექტური ანალიზის შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. წ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის დადგენილება ა. წ-ის მიმართ რაიონული პროკურატურის 2003წ. 29 მაისის დადგენილების გაუქმების თაობაზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.