საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.02.2004
საქმის ნომერი
2კ-45დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 45-დად 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა კახეთის ოლქის პროკურატურის გამომძიებელ გ. ზ-ის 2003წ. 28 ოქტომბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე წინასწარი გამოძიების გასაახლებლად გადაეცა კახეთის ოლქის პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი:

სისხლის სამართლის საქმე ¹2903817 აღიძრა 28 ივნისს ყვარლის რაიონულ პროკურატურაში დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 220-ე მუხლით.

სისხლის სამართლის საქმე 2003წ. 18 აგვისტოს, აცილების წესით, შევიდა კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებისა და კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის სახელზე ქ. ყვარელში მცხოვრები თ. ნ-ის მიერ გაგზავნილი განცხადება, რომელშიც იგი ამხელდა საიჯარო საწარმო “---ის” ---ს _ თ. კ-ლს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მითვისებაში.

საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა შემდეგი:

საწარმო გაერთიანება “---ის” გენერალური ---ის 1990წ. 26 ივლისის ¹-- ბრძანების შესაბამისად, ყვარლის ღვინის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა საიჯარო საწარმო.

ამავე ბრძანების საფუძველზე დაიდო ხელშეკრულება ქინძმარაულის საწარმო გაერთიანებასა (მეიჯარე) და ყვარლის ღვინის ქარხანას (მოიჯარე) შორის ქარხნის 717,925 ათასი მანეთის ღირებულების ძირითადი ფონდების, 7,931 ათასი მანეთის საბრუნავი საშუალებების, 1,7 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე. ამ ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, მოიჯარეს უფლება ეძლეოდა, გამოესყიდა იჯარით მიღებული ქონება. გამოსასყიდი თანხა შეადგენდა 481023 მანეთს.

საიჯარო საწარმოს ეწოდა “---”. მისი --- 1990 წლიდან 1992 წლამდე იყო თ. კ-ლი, ხოლო 1992 წლიდან 1994წ. ჩათვლით _ ი. ზ-ლი. 1992წ. 2 ივნისიდან 1993წ. 6 დეკემბრამდე შპს “---ის” პრეზიდენტი იყო თ. კ-ლი, ხოლო 1993წ. 6 დეკემბრიდან 1996წ. ჩათვლით თ. კ-ლი მუშაობდა სს “---ის” ---ად. 1996-1997 წლებში ---ად მუშაობდა მ. ფ-ლი, 1997 წლიან 2001წ. 8 თებერვლამდე _ თ. კ-ლი, 2001წ. 8 თებერვლიდან 2001წ. 22 ივნისამდე ---ები იყვნენ ი. გ-ლი და ზ. ბ-ლი. 2001წ. პირველი ივლისიდან 2002წ. პირველ ივლისამდე ---ად მუშაობდა თ. კ-ლი, ხოლო 2002წ. 2 ივლისიდან დღემდე _ კ. კ-ლი.

1990წ. 30 ივლისს მოხდენილია ყვარლის --- ქარხნის ძირითად საშუალებათა, ინვენტარის, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების საინვენტარიზაციო აღწერა.

როგორც საწარმოს მიღება-ჩაბარების მასალებიდან ირკვევა, საიჯარო საწარმომ მიიღო 714925 მანეთად შეფასებული ქარხნის ძირითადი საშუალებები, ცვეთის თანხამ შეადგინა 244833 მანეთი, ხოლო ნარჩენმა ღირებულებამ _ 473092 მანეთი. ასევე “მეიჯარემ” “მოიჯარეს” გადასცა 7931 ლარის საბრუნავი საშუალებები და 1,7 ჰა მიწის ნაკვეთი. საწარმოს არ მიუღია ღვინო, ღვინომასალები ან საკონიაკე სპირტი. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მე-3 პარაგრაფის თანახმად, “მოიჯარეს” უფლება აქვს, გამოისყიდოს მასზე გადაცემული 481023 მანეთის ქონება 2000წ. 31 დეკემბრამდე.

საიჯარო საწარმო “---მა” 1992წ. 15 აპრილის საწარმო გაერთიანება “---ის” სახელზე გადაიხადა 481023 მანეთი, რითაც მთლიანად გამოისყიდა საწარმო. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995წ. 10 მარტს გაცემული აქვს საკუთრების დამადასტურებული მოწმობა ¹-- სააქციო საზოგადოება “---ზე” იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვაზე.

იმის გამო, რომ 1992 წლამდე საწარმო არ იყო გამოსყიდული, ზემდგომ ორგანოებში საწარმო გაერთიანება “---” წარადგენდა ნაერთ ბალანსებს, რომლებშიც ცალკე რომელიმე საწარმოს ქონება ან ღვინომასალები არ აისახებოდა.

თ. ნ-ის საჩივარში დაყენებული საკითხების შემოწმების მიზნით, იუსტიციის სამინსტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საექსპერტო-ეკონომიკურმა სამსახურმა კორპორაცია “---ში” ჩაატარა დოკუმენტური რევიზია, რის თაობაზეც 2003წ. 29 სექტემბერს შედგა სათანადო აქტი.

1990წ. 30 ივლისს შედგენილია აქტი 473092 მანეთის ძირითადი საშუალებისა და 7931 მანეთის საბრუნავი საშუალების, ინვენტარის, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების გადაცემაზე, რომელსაც ხელს აწერს 1990წ. 26 ივლისის ¹-- ბრძანებით შექმნილი კომისია. ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მზა პროდუქცია და ღვინომასალები გაერთიანება “---იდან” საიჯარო საწარმოს არ მიუღია.

1990-1992 წლებში საწარმო გაერთიანება “---ის” გენერალური დირექტორის, მოწმე მ. ს-ის ჩვენებით, ასევე მოწმეების: ი. ზ-ის, თ. კ-ის, ე. ც-ის ჩვენებებით დგინდება, რომ ყვარლის ღვინის ქარხნის შრომით კოლექტივს იჯარით გადაეცა მხოლოდ ქარხნის ძირითადი საშუალებები ღვინომასალებისა და სხვა საბრუნავი საშუალებების გარეშე. ღვინო, ღვინომასალები და სპირტი, რომლებიც ინახებოდა ქარხანაში, დარჩა სახელმწიფოს საკუთრებაში, რასაც განაგებდა გაერთიანება “---” და ის გატანილ იქნა სხვადასხვა ღვინის ქარხანაში იჯარით გადაცემის მომენტიდან.

საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სააქციო საზოგადოება “---ები” შექმნილია საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ” შესაბამისად. საწარმოს მოგების გამოყენება გადაწყვეტილია ამავე კანონის შესაბამისად და დანაშაულებრივი ქმედება სააქციო საზოგადოება “---ის” ხელმძღვანელობას არ ჩაუდენია.

გამოძიებამ ასევე მიიჩნია, რომ კორპორაცია “---ის” ხელმძღვანლეობის მხრიდან სახელმწიფო ქონების მითვისების, ან საწარმოს კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

საქმის წარმოებით შეწყვეტის დადგენილებას არ დაეთანხმა თ. ნ-ლი და საჩივრით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით საჩივარი განიხილა და 2003წ. 25 დეკემბრის დადგენილებით გააუქმა გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილება და საქმე წინასწარი გამოძიების გასაახლებლად გადასცა კახეთის ოლქის პროკურატურას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. გ-ლი ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას. იგი მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულყოფილად, გამოკვლეულია ყველა გარემოება და გამოძიებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. გ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ, მართალია, საჩივარი არ შეუტანია კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში, მაგრამ დაგვიანება გამოწვეული იყო იმით, რომ გვიან მიიღეს მოსამართლის დადგენილების ასლი.

საქმის შედეგით დაინტერესებულმა პირმა _ თ. კ-მა მხარი დაუჭირა პროკურატურის კერძოO საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

დაინტერსებული პირის _ თ. ნ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ა. ზ-მა კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ საჩივარი არ ყოფილა კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი და არ მომხდარა გაშვებული ვადის აღდგენა, რადგან ასეთი საჩივრის ავტორს არ მოუთხოვია.

თ. ნ-ლი დაეთანხმა ადვოკატ ა. ზ-ის მოსაზრებას და იშუამდგომლა სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, მით უმეტეს, საჩივარი არ ყოფილა კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი, კერძოდ: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მეხუთე ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში. მოცემულ საქმეზე მოსამართლემ, სსსკ-ის 142-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დადგენილება მიიღო 2003წ. 25 დეკემბერს. დადგენილების გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეები. პროკურატურამ საჩივარი შეიტანა 2004წ. 22 იანვარს, რითაც უხეშად დაირღვა ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის მოთხოვნა. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორს არ მოუთხოვია გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენა.

პალატამ, საჩივრის შინაარსთან დაკავშირებით, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სასამართლო დადგენილების კანონიერება და მიიჩნია, რომ სასამართლოს დადგენილებაში დეტალურადაა მითითებული იმ საკითხთა გამოკვლევის აუცილებლობის შესახებ, რასაც მნიშვნელობა აქვს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შემოწმდეს სასამართლოს დადგენილებაში მითითებული გარემოებები და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 242-ე, 243-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა გამომძიებელ გ. ზ-ის 2003წ. 28 ოქტომბერს მიღებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.