საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.02.2004
საქმის ნომერი
2კ-301აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 301-აპ 17 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა აფხაზეთის ა/რ პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორ რ. გ-ას საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ივნისის განაჩენი ლ. ლ-ას მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 6 ივნისის განაჩენით ლ. ლ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” პუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე, 66-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად სამი წლის გამოსაცდელი ვადით. სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად: ლ. ლ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 35100 ლარისა და 28 თეთრის გადახდა.

განაჩენით ლ. ლ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის არიდება. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ლ. ლ-ამ 2000წ. 2 ივნისს სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოში რეგისტრაციაში გაატარა ინდივიდუალური საწარმო “ლ-ვა ლ.”, იურიდიული მისამართით: ქ. თბილისი, ---, ხოლო აღნიშნული საწარმო აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში 2000წ. 2 ივნისიდან აყვანილია აღრიცხვაზე, როგორც გადასახადის გადამხდელი და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ¹--. ლ. ლ-ამ გადაწყვიტა რა კომერციული საქმიანობის განხორციელება, საზოგადოებასთან _ “--- საქართველოს” _ 2000წ. 22 აგვისტოს გააფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ¹--, 130 ტონა მცენარეული ზეთის 63,376,3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში შესყიდვის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, ლ. ლ-ვა პასუხისმგებელი იყო დაკისრებული ყოველი სახის სახელმწიფო დამატებითი ღირებულებისა და სხვა სახის ადმინისტრაციულ გადასახადებზე. მან საზოგადოებისაგან _ “--- საქართველოს” _ 2000წ. სექტემბერ-დეკემბერში შეიძინა 130 ტონა მცენარეული ზეთი, რომელშიც გადაიხადა 124800 ლარი და მისი რეალიზაცია მოახდინა საქართველოში არსებულ ბაზრობებზე, ძიებით დაუდგენელ პირებზე. აღნიშნულ კომერციულ ოპერაციას იგი ახორციელებდა საბუღალტრო აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევით და საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო გაანგარიშების წარუდგენლად, რითაც დამალა და შეამცირა გადასახადით დასაბეგრი ობიექტები.

აღნიშნულით ლ. ლ-ამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი რ. გ-ია ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. იგი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ლ. ლ-ას მიმართ შეფარდებული სასჯელი (პირობითი მსჯავრი) არის აშკარად მსუბუქი, რადგან მას აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არ გადაუხდია არც ერთი თეთრი, მაშინ, როდესაც საკმაო დრო ჰქონდა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. მსჯავრდებულ ლ. ლ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. თ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან აღნიშნა, რომ ლ. ლ-ამ უკვე დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ის ამჟამად ორ ადგილზე მუშაობს და ცდილობს, აანაზღაუროს მასზე დაკისრებული თანხა (წარმოადგინა ცნობები). ადვოკატმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებული ლ. ლ-ვა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, რის გამოც მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის კანონიერი.

მსჯავრდებულმა ლ. ლ-ამ კანონიერად მიიჩნია მის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა ი. ს-ამ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულმა ლ. ლ-ამ უკვე დაიწყო მიყენებული ზიანის ანაზღაურება და თუ პალატა განაჩენს ძალაში დატოვებს, მაშინ ლ-ას მიმართ შედგენილი იქნება გრაფიკი თანხის გადახდის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ლ. ლ-ას მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია როგორც თვით მსჯავრდებულის აღიარებით, ასევე _ საქმეში არსებული ერთობლივი, მამხილებელი მასალებით, რასაც სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

სასამართლომ ლ. ლ-ას მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: რომ იგი პირველადაა სამართალში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ხასიათდება დადებითად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა ლ. ლ-ამ უკვე დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მუშაობა დაიწყო ორ ადგილზე და პალატას აღუთქვა, რომ აუცილებლად გადაიხდის მასზე დაკისრებულ თანხას.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ლ. ლ-ას მიმართ შეფარდებული სასჯელი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის განაჩენი ლ. ლ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.