საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 303-აპ 17 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 აპრილის განაჩენში, კერძოდ, ე. ა-ნი გამართლდა სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ე. ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 108-ე მუხლით და შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო _ 2001წ. 22 თებერვლიდან 2003წ. 17 სექტემბრამდე.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ე. ა-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, კერძოდ, 2001წ. 21 თებერვალს, ნასვამს, შეკამათება და ჩხუბი მოუვიდა ასევე მთვრალ ე. გ-თან, რომელსაც გულმკერდისა და მუცლის არეებში დანით მიაყენა რამდენიმე დარტყმა, რის შედეგადაც ე. გ-ნი 2003წ. 23 თებერვალს გრძნობაზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. თ-ლი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ე. ა-ის ქმედება სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე და ამის მიხედვით განესაზღვროს სასჯელი. იგი მიუთითებს, რომ ჩხუბის წამომწყები იყო ე. გ-ნი, ხოლო ე. ა-ნი თავს იცავდა _ მან თავდასაცავად ამოიღო დანა, რომელსაც მოგერიების მიზნით აქეთ-იქით იქნევდა, რა დროსაც დაჭრა ე. გ-ნი, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა. ადვოკატი მ. თ-ლი თვლის, რომ მსჯავრდებულმა ე. ა-მა გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, ამიტომ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 113-ე მუხლით.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. თ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებული იცავდა თავის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც გადაამეტა მოგერიების ფარგლებს, რასაც შედეგად მოჰყვა ე. გ-ის გარდაცვალება. ადვოკატმა მ. თ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
ადვოკატმა ფ. ვ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ე. ა-ის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის 108-ე მუხლით. მან მიიჩნია, რომ ე. ა-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 113-ე მუხლით და ამის მიხედვით განესაზღვროს სასჯელი.
ადვოკატების მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული ე. ა-იც.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე _ შ. გ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა დ. ბ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან კანონიერად მიიჩნია ე. ა-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. დაზარალებულის უფლებამონაცვლე შ. გ-მა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით კანონიერი განაჩენი დაადგინა და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ე. ქ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კანონიერად მიიჩნია მსჯავრდებულ ე. ა-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ე. ა-ნს და აწ გარდაცვლილ ე. გ-ნს შორის ჯერ მოხდა ურთიერთშეკამათება, რაც ჩხუბში გადაიზარდა და ჩხუბის დროს ე. ა-მა დანის გამოყენებით ე. გ-ნს მიაყენა გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, ფილტვის გამჭოლი და გულის მარცხენა პარკუჭის დაზიანებით, ასევე მარცხენა მტევნისა და მარჯვენა ბოქვენის არეებში _ სწორკიდეებიანი ჭრილობები, ორივე მხარის მიდამოში _ სისხლნაჟღენთები. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ა-მა ე. გ-ის მკვლელობა ჩაიდინა პირდაპირი განზრახვით.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას, რომ თითქოს მსჯავრდებულმა ე. ა-მა მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების მდგომარეობაში. კანონის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. ამასთან, თავდაცვის აშკარა შეუსაბამობა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან ნიშნავს თავდაცვისა და თავდასხმის ინტენსივობის დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილ ე. გ-სა და მსჯავრდებულ ე. ა-ნს შორის მოხდა წაკამათება და ჩხუბი. საქმის მასალებით არ არის დადგენილი, რომ აწ გარდაცვლილი თავს ესხმოდა მსჯავრდებულ ე. ა-ნს. ამდენად, საერთოდ არ არსებობდა მოგერიების აუცილებლობაც, მით უმეტეს, არ იყო დანის გამოყენების აუცილებლობა, მითუმეტეს დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილ ე. გ-ნს ჩხუბის დროს არ ჰქონდა არც დანა და არც სხვა რაიმე იარაღი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ოქტომბრის განაჩენი ე. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.