საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 23-აპ 4 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 სექტემბრის განაჩენი მის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 სექტემბრის განაჩენით ზ. ს-ლს საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის განაჩენით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განაჩენი ზ. ს-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
ზ. ს-ლს მსჯავრი დაედო დროებითი გამოყენების მიზნით ზ. ი-ის ავტომანქანის გატაცებისათვის, რაც განაჩენის მიხედვით გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 24 იანვარს, ღამით, ზ. ს-ლი თბილისში, ---, შემთხვევით შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ პირებს: ვინმე გელას, გ-ს და მ-ს, რომლებსაც სთხოვა, მისთვის მცხეთაში გასამგზავრებლად ავტომანქანა ეშოვათ. დაახლოებით 1 საათზე ხსენებული პირები ---ს ქუჩაზე თავს დაესხნენ ზ. ი-ეს და წაართვეს ავტომანქანა “ტოიოტა-ლენდკრუზენის” გასაღები, დისტანციური მართვის პულტი და 250 ლარი. იმავე ღამით მათ ავტომანქანის გასაღები გადასცეს ზ. ს-ლს და უთხრეს, რომ ავტომანქანა წაეყვანა ---ს ქუჩაზე არსებული ავტოსადგომიდან. ამის შემდეგ ზ. ს-ლი მივიდა ავტოსადგომზე, დარაჯ გ. გ-ვს უთხრა, რომ იყო ზ. ი-ის შვილი და მამის დავალებით სურდა ავტომანქანის გაყვანა. დარაჯმა გ. გ-მა ირწმუნა ზ. ს-ის ნათქვამი, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ავტომანქანა გაიყვანა ავტოსადგომიდან და დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
საკასაციო საჩივრით ზ. ს-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის წარმოების შეწყვეტას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ზ. ი-ის ავტომანქანა არ გაუტაცია, წინასწარი გამოძიების დროს მის მიმართ გამოიყენეს ფიზიკური ზემოქმედება, რის გამოც იძულებული გახდა, მიეცა ე.წ. აღიარებითი ჩვენებები.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, განაჩენის გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ზ. რ-მა და ხ. კ-ამ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირეს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. ადვოკატების აზრით, მსჯავრდებულს აღიარებითი ჩვენებები მიცემული აქვს კანონით დაუშვებელი მეთოდების გამოყენებით. საქმის მასალები და მტკიცებულებები გაყალბებულია, საქმიდან ამოღებულია მოწმე გ. გ-სა და ზ. ს-ის დაპირისპირების ოქმი, ზ. ს-ის ბრალდებულად დაკითხვის ოქმის ფურცლები შეცვლილია, მასზე მსჯავრდებულის ხელმოწერები გაყალბებულია და ა.შ.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-ამ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი ზ. ს-ის მიმართ მიაჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და ზ. ს-ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, თვით მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით ზ. ს-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული ზ. ს-ლი არა მარტო წინასწარი გამოძიების დროს, არამედ სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში განხილვის დროსაც სადავოდ არ ხდიდა ბრალდებას და ადასტურებდა დროებითი გამოყენების მიზნით ზ. ი-ის ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას.
პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი ზ. ს-ის მიმართ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის განაჩენი ზ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.