საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.03.2004
საქმის ნომერი
2კ-32კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 32-კოლ 11 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა სახელმწიფო ბრალმდებელ ც. კ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 23 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ლ. ბ-ძე და ლ. ბ-ძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯათ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულთა მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეუწონლობის მოტივით.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით დადგენილად მიჩნეულია:

ლ. ბ-ძე თავის მეგობარ ლ. ბ-ა და სხვა პირებთან ერთად 2002წ. 14 აპრილს, დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე, ქ. თბილისში, ---სა და ---ის ქუჩების გადაკვეთასთან ავტომანქანით შეხვდა ნაცნობ გოგონას _ მ. ნ-ს, რომელიც გასეირნების მოტივით მოტყუებით ჩასვა ავტომანქანაში და მიიყვანა თავის ბინაში. მოკლე დროის განმავლობაში საუბრის შემდეგ ისევ ჩასხდნენ ავტომანქანაში და თითქოს წავიდნენ მ. ნ-ის სახლში მისაყვანად, ფაქტობრივად კი სვლა გააგრძელეს “---ს” დასახლებისაკენ. მ. ნ-ძე მიხვდა, რომ ლ. ბ-ე მას იტაცებდა ცოლად შერთვის მიზნით, რის გამოც მძღოლს მოსთხოვა მანქანის გაჩერება, თანაც თავისი მობილური ტელეფონით მოახერხა, დაკავშირებოდა დედას _ თ. ღ-ლს და მოასწრო ორი სიტყვის თქმა _ “დედა, მიშველე”. ამის შემდეგ ლ. ბ-ემ მას წაართვა ტელეფონი და აღარ მისცა დედასთან საუბრის საშუალება. ლ. ბ-ემ, ლ. ბ-ემ და სხვა პირებმა მ. ნ-ძე,E მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს კასპის რაიონის სოფ. ---ში და მიიყვანეს შ. ბ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. მ. ნ-ის კატეგორიული მოთხოვნით, რომ იგი არ გაჰყვებოდა ცოლად ლ. ბ-ეს, ისინი იმ ღამესვე შეთანხმდენენ, რომ მეორე დღეს დააბრუნებდნენ უკან. მეორე დღეს მ. ნ-ძე მართლაც დააბრუნეს თბილისში, თავის სახლში.

მსჯავრდებულთა მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები: ლ. ბ-ძე და ლ. ბ-ძე არიან ახალგაზრდები, ხასიათდებიან დადებითად, პირველად იმხილებიან დანაშაულის ჩადენაში, რასაც აღიარებენ და ინანიებენ, მათ ქმედებას არ მოჰყოლია რაიმე მძიმე შედეგი. ლ. ბ-ეს ამოძრავებდა დაზარალებულის მიმართ სიყვარული და მასთან ოჯახის შექმნის სურვილი, მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ მ. ნ-ძე ცოლად არ გაჰყვებოდა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დააბრუნა უკან, რითაც მან ფაქტობრივად ქმედითად მოინანია ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ ლ. ბ-ეს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ამასთან, დაზარალებული შეურიგდა მათ, აპატია ჩანადენი და არ ითხოვს მათ დასჯას.

პროკურორის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ საშეღავათო გარემოებათა მიუხედავად, ლ. ბ-სა და ლ. ბ-ის მიმართ სასამართლოს პირობითი სასჯელი არ უნდა გამოეყენებინა. ასეთი პრეცედენტი ქმნის იმის საშიშროებას, რომ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლი, რომელიც ითვლება მძიმე დანაშაულად, დაკარგავს თავის დანიშნულებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი დაუჭირა საჩივარს. ადვოკატმა ნ. მ-ემ, მსჯავრდებულებმა _ ლ. ბ-ემ და ლ. ბ-ემ ითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. მსჯავრდებულთა ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში უდავოდ დადასტურებულია და ეს სადავოდ არც ერთ მხარეს არ მიაჩნია.

პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი. განაჩენში მითითებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები სასამართლო კოლეგიას სრულ საფუძველს აძლევდა, მსჯავრდებულთა მიმართ გამოეყენებინა კანონი პირობითი სასჯელის შეფარდების შესახებ.

განაჩენისაგან საპირისპიროდ, პროკურორის საჩივარი მსჯავრდებულთა მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ ეყრდნობა მხოლოდ მოსაზრებებს და ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ასეთი განაჩენის დადგენით შეიძლება კანონმა ზოგად პრევენციული მნიშვნელობა დაკარგოს.

პალატა თვლის, რომ კანონი პირობითი სასჯელის შესახებ სასამართლომ ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გამოიყენოს საქმის გარემოებებისა და განსასჯელთა პიროვნებების გათვალისწინებით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს ჰქონდა ამ კანონის გამოყენების სათანადო საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ ც. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 23 დეკემბრის განაჩენი ლ. ბ-სა და ლ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.