საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.03.2004
საქმის ნომერი
2კ-34კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 34-კოლ 11 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 12 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 12 დეკემბრის განაჩენით თ. ნ-ეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 1 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.

განაჩენით თ. ნ-ეს მსჯავრი დაედო სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

“ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს 1995წ. 17 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლით განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, რომელ კატეგორიასაც ამ კანონის “ე” (მეხუთე) პუნქტის თანახმად, განეკუთვნენ სამოქალაქო პირები, რომლებიც აფხაზეთის რაიონების და ქალაქების დაცვისას მუშაობდნენ წარმოებებში, მათ შორის, სარკინიგზო დაწესებულებებში და მათი სამსახურებრივი საქმიანობა უშუალოდ დაკავშირებული იყო საბრძოლო მოქმედებებთან, ან დაინვალიდდნენ საბრძოლო მოქმედებების შედეგად. ამ კანონის 231-ე მუხლის შესაბამისად, მე-9 მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეღავათების გავრცელება განისაზღვრა 2004წ. 1 იანვრიდან, ხოლო დანარჩენ ნაწილში კანონი ძალაში შევიდა 1995წ. ოქტომბრიდან. ამ კანონის რეალიზაციის მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ დირექტიული წერილით დაავალა სამხედრო კომისარიატებს კანონში მითითებული კატეგორიის პირებისათვის “ცნობების ჟურნალის” გახსნა და საქმის წარმოების ერთი პირისათვის დავალება. თ. ნ-ემ, რომელიც მუშაობდა ხაშურის რაიონის სამხედრო კომისრად, ვეტერანთა საქმეების წარმოება დაავალა კომისარიატის წამყვან სპეციალისტ ლ. ტ-ნს, თუმცა ამ ბრძანების შესრულებაზე არ განახორციელა სათანადო კონტროლი. ამ საქმიანობას ახორციელებდა კომისარიატის სხვადასხვა თანამშრომელი, რომლებიც, არ იცნობდნენ რა კანონის მოთხოვნას, აღრიცხვაზე მყოფ ყველა პირს, როგორც ომის მონაწილეებს, ისე მასთან გათანაბრებულ პირებსაც მიიჩნევდნენ ომის მონაწილეებად. ამ პირებზე გაცემულ ცნობებს ხელმოწერითა და ბეჭდით ადასტურებდა თ. ნ-ძე. ამ წესით თ. ნ-მ ხაშურის სალოკომოტივო დეპოს 17 თანამშრომელზე, რომლებიც აფხაზეთში მუშაობდნენ რკინიგზის აღდგენით სამუშაოზე და საომარ მოქმედებეში მონაწილეობა არ მიუღიათ, გასცა ცნობები, როგორც აფხაზეთის ომის მონაწილეებზე, ნაცვლად მასთან გათანაბრებული პირისა, რის გამოც მათზე არასწორად გავრცელდა შეღავათები და უკანონოდ გაიცა პენსიის სახით _ 3452 ლარი, ელექტროენერგიისა და სატელეფონო გადასახადის სახით _ 55 ლარი, 90 თეთრი, ხელფასების სახით _ 11619 ლარი, 96 თეთრი.

საკასაციო საჩივრით თ. ნ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას. საჩივარში იგი არ უარყოფს ხაშურის რაიონის სალოკომოტივო დეპოს თანამშრომლებზე ცნობების გაცემას, მაგრამ აღნიშნავს, რომ კანონში “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების” შესახებ არ არის გამიჯნული, ვინ უნდა ჩათვლილიყო ომის მონაწილედ და ვინ _ მასთან გათანაბრებულ პირად. მისი შეცდომა შეიძლება ის არის, რომ ვეტერანის ნაცვლად ცნობებში მიუთითებდა ომის მონაწილეს, მაგრამ თვლის, რომ მისი ქმედება არ არის დანაშაული.

პალატის სხდომაზე თ. ნ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. მ-მა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ი. მ-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. განაჩენი თ. ნ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ. ნ-ემ ხაშურის რაიონის სამხედრო კომისრად მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, ხაშურის რაიონის სალოკომოტივო დეპოს 17 თანამშრომელზე, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობდნენ რკინიგზის აღდგენით სამუშაოებში და უშუალოდ არ მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში, გასცა ცნობები, რომ თითქოსდა ისინი იყვნენ აფხაზეთის ომის მონაწილენი, რის გამოც მათზე არასწორად გავრცელდა შეღავათები და უკანონოდ გაიცა პენსიებისა და ხელფასების სახით 15127 ლარი და 87 თეთრი. თ. ნ-ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია მოწმეების _ ზ. კ-ას, ნ. ლ-ის, მ. გ-ლი, ვ. ჩ-ის, ე. ტ-ის, ნ. ბ-ის და სხვათა ჩვენებებით, საქმეში არსებული ცნობებით, სასამართლო _ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ თ. ნ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული, განაჩენი მის მიმართ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 12 დეკემბრის განაჩენი თ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.