საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 38-კოლ 4 მარტი, 2004 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 23 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 23 დეკემბრის განაჩენით მ. ხ-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებები. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 19,262-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით მ.ხ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოტანის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2003წ. 1 ივლისს მ. ხ-ლი გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში. იმავე დღეს ქ.ტრაპიზონში შეხვდა მისთვის უცნობ თურქი ეროვნების მოქალაქეს, რომელმაც მ.ხ-ლს გადასცა შეკვრები, რომლებიც ამ უკანასკნელმა გადაყლაპა, რათა ყოველგვარი საბაჟო შემოწმების გარეშე გაეტანა აღნიშნულ შეკვრებში არსებული ნივთიერება თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოზე, შემდეგ კი _ საქართველოს სარფის საბაჟოზე და ჩაეტანა ქ.ბათუმში, სადაც მას დახვდებოდა უცნობი პიროვნება და ანაზღაურების ფასად შეკვრებს წაიღებდა. 2003წ. 2 ივლისს, ღამის 2 საათზე, მ.ხ-ლი გადმოვიდა რა თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოდან სარფის საბაჟოზე, საბაჟო დეკლარაციაში მას არაფერი უჩვენებია, მაგრამ საბაჟოს მუშაკებმა მიიტანეს ეჭვი, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება გადმოჰქონდა, ამიტომ გასინჯვის მიზნით გადაიყვანეს ცალკე ოთახში, სადაც მან აღიარა, რომ გადატანის მიზნით გადაყლაპული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების ხუთი შეკვრა. მ.ხ-ლს დაალევინეს სპეციალური წამალი, რომელმაც გამოიწვია კუჭ-ნაწლავის აშლილობა და იქვე, ტუალეტში, თანამოწმეთა თანდასწრებით, ხუთივე შენაფუთი გამოდევნა სწორი ნაწლავიდან. შენაფუთებიდან ამოღებულ იქნა ნივთიერება, რომლის შემოწმებით გაირკვა, რომ ეს იყო ნარკოტიკული ნივთიერება “---”. აღნიშნულის გამო მ.ხ-ლი კანონით დადგენილი წესით დააკავეს და გადაიყვანეს აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში, სადაც მან კვლავ გამოდევნა სწორი ნაწლავიდან ჯერ ექვსი, შემდეგ კი _ ერთი შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება. სულ მ.ხ-სგან ამოღებულ იქნა 12 შეკვრა, სადაც აღმოჩნდა 104,08 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება “---”.
მსჯავრდებული მ.ხახუტაიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს მისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან იმ მოტივებით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის; მსჯავრი ედება დანაშაულის მცდელობაში; იგი, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, აქტიურად მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციებში და მისი მოქმედებების შედეგად გადარჩენილია არა ერთი ადამიანის სიცოცხლე; მისი მოღვაწეობა არაერთხელ იქნა აღნიშნული საპატიო სიგელებით, წერილობითი მადლობებითა და სხვა სახის წახალისებებით; შერყეული აქვს ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა, რაც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კიდევ უფრო გაურთულდა და მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა.
პროკურორი ე.ქარჩავა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მ.ხ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უდავოდაა დადასტურებული, რომ მ.ხ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,262-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, 104,08 გრამი, ე.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება “---ის” შემოტანის მცდელობა, რასაც არც თავად მსჯავრდებული ხდის სადავოდ და ითხოვს ისეთი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
მ.ხ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. სასამართლომ მ.ხახუტაიშვილისთვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და განუსაზღვრა ჩადენილი ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მ.ხ-ლს სასჯელი დანიშნული აქვს მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად და მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. ამდენად, განაჩენი მ.ხ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 23 დეკემბრის განაჩენი მ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.