საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 75-დად 18 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. გოგელია
განიხილა პროკურორ გ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ხონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სამკურნალო ნაწილის უფროსის წარდგინება, რ. ც-ეს მოეხსნა იძულებითი მკურნალობა და გადაყვანილ იქნა ამბულატორიულ მკურნალობაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
პროკურორის საჩივარი ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და რ. ც-ის მიმართ იძულებითი მკურნალობის გაგრძელებას იმავე დაწესებულებაში.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ც-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო სხვისი ქონების ფარული გატაცების კვალიფიკაციით. გამოძიების პროცესში ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ის არის შეურაცხადი და დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით, რის გამოც ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 აგვისტოს დადგენილებით მას შეეფარდა იძულებითი მკურნალობა ჩვეულებრივი მეთვალყურეობით. იძულებითი მკურნალობისათვის რ. ც-ძე მოთავსებულ იქნა აკადემიკოს ბ. ნ-ის სახელობის ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში. აღნიშნულ დაწესებულებაში სამ თვეზე მეტი დროის განმავლობაში ჩატარებული იძულებითი მკურნალობის შემდეგ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიამ დაასკვნა, რომ რ. ც-ძეE თავისი ფსიქიკური მდგომარეობით აღარ საჭიროებს სტაციონალურ პირობებში იძულებით მკურნალობას და შესაძლებელია, იგი გადაყვანილ იქნეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამბულატორიულ მკურნალობაზე ფნდ-ს აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ. ამის გამო ხონის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სამკურნალო ნაწილის უფროსის წარდგინება რ. ც-სათვის იძულებითი მკურნალობის მოხსნისა და ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაყვანის თაობაზე.
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლოს რ. ც-ძე ამბულატორიულ მკურნალობაზე არ უნდა გადაეყვანა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის, დამატებითი დოკუმენტების გამოთხოვისა და თვით რ. ც-ის სასამართლო პროცესზე მიწვევის გარეშე. ამ მოტივებით იგი ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივარს.
ადვოკატმა ნ. ი-ამ ითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: “სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას აგრძელებს, ცვლის ან წყვეტს სასამართლო იძულებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინებით, ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე”. იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: “იმას, ვისაც დაენიშნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, არა უგვიანეს ექვსი თვისა, ამოწმებს ექიმ-ფსიქიატრთა კომისია იმ საკითხის გადასაწყვეტად, არსებობს თუ არა ასეთი ღონისძიების შეწყვეტის ან შეცვლის შესახებ სასამართლოში წარდგინების შეტანის საფუძველი”.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 678-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია იმ სამედიცინო დაწესებულების საექიმო კომისიის დასკვნა, სადაც პირი იძულებითი მკურნალობისათვის იმყოფება.
ხონის რაიონულმა სასამართლომ რ. ც-ის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოხსნის საკითხის გადაწყვეტის დროს იხელმძღვანელა კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებით და მიიღო დასაბუთებული დადგენილება სამკურნალო დაწესებულების წარდგინების დაკმაყოფილების თაობაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნდა ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნაში ეჭვის შეტანისა და პროკურორის საჩივარში მითითებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი. ასევე უსაფუძვლოა პროკურორის საჩივრის ის მოსაზრება, რომ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიამ ნაადრევად გამოიკვლია რ. ც-ის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეწყვეტის შესაძლებლობის საკითხი. კანონის შესაბამისად, ასეთი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან არაუგვიანეს 6 თვისა. რ. ც-ძე კი ექიმ-ფსიქიატრებმა შეამოწმეს სამი თვისა და 17 დღის შემდეგ, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ნაადრევ შემოწმებად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ გ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 თებერვლის დადგენილება რ. ც-ის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოხსნის თაობაზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.