საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 04.03.2004
საქმის ნომერი
2კ-77აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 77-აპ 4 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ რ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 17 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. შ-ძე მსჯავრდებულ იქნა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის არაერთგზის გაუპატიურებისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ დანაშაულისათვის სასამართლომ რ. შაინიძეს სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, დანიშნული სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის მიხედვით მსჯავრდებულ რ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2000წ. სექტემბერში, გამოძიებით დაუდგენელ რიცხვში, დაზარალებული ზ. შ-ძე, მეუღლესთან _ ნ. ბ-სთან ერთად სტუმრად წავიდა ქ. ბოლნისში. სახლში დარჩნენ მათი არასრულწლოვანი შვილები _ რ. და 1983წ. 8 დეკემბერს დაბადებული ლ. შ-ძე. იმავე დღეს, დაახლოებით 14 საათზე, დაზარალებული ლ. შ-ძე სკოლიდან დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში და შეუდგა საოჯახო საქმეების კეთებას. იქვე იყო მისი ძმა _ რ. შ-ძე. რამდენიმე ხნის შემდეგ სახლში მივიდა მთვრალი რ. შ-ძე. ამ უკანასკნელმა ისარგებლა რა ოჯახის უფროსების სახლში არყოფნით, ამასთანავე, შეცნობილი ჰქონდა რა, რომ ლ. შ-ძეE იყო არასრულწლოვანი, განიზრახა მისი გაუპატიურება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, რ. შ-ემ ლ. შ-ის ძმა _ არასრულწლოვანი რ. შ-ძე გაგზავნა სოფ. ---ში ყურძნის ყუთების მყიდველის მოსაძებნად, თვითონ კი გადაკეტა საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი და შევიდა საძინებელ ოთახში, სადაც ლ. შ-ძე იმყოფებოდა. რ. შ-ძე მალევე დაბრუნდა სახლში, მაგრამ რ. შ-ემ კვლავ გაგზავნა სოფ. ---ში იმავე მოტივით. როდესაც რ. შ-ძე სახლიდან გავიდა, რ. შ-ემ კვლავ ჩაკეტა შესასვლელი კარი და შევიდა საძინებელ ოთახში, სადაც დაზარალებული ლ. შ-ძე ოთახს ალაგებდა. როდესაც ამ უკანასკნელმა ჰკითხა, თუ რატომ დაკეტა კარი, რ. შ-ძე უხმოდ მიუახლოვდა მას, წელიდან ამოიღო ორპირნალესი დანა და მუქარის ტონით უბრძანა, გაეხადა ტანსაცმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიკვდილით. დაზარალებულმა ლ. შ-ემ იცოდა, რომ რ. შ-ძე წარსულში ნასამართლევი იყო, ამასთანავე, სიმთვრალეში ჰქონდა ცუდი ხასიათი, დარწმუნდა, რომ შესაძლებელი იყო, მართლა მოეკლა იგი. იმდენად შეშინდა, რომ თვითონ გაიხადა ტანსაცმელი ისე, რომ ვერც ხვდებოდა, რა ხდებოდა. როცა მთლიანად გაშიშვლდა, რ. შ-ემ იგი მიაგდო საწოლზე, თვითონაც გაიხადა ტანსაცმელი, გაშიშვლდა და ზემოდან დააწვა დაზარალებულ ლ. შ-ეს. ეს უკანასკნელი უწევდა წინააღმდეგობას როგორც შეეძლო _ ხელს ჰკრავდა და ეწინააღმდეგებოდა. რ. შ-ძე მუქარით, ფიზიკური ძალადობის გამოყენებით ცდილობდა მის დამორჩილებას. რამდენიმე წუთის შემდეგ შეშინებულმა და დაღლილმა ლ. შ-ემ შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. ამით ისარგებლა რ. შ-ემ, გადაუწია ფეხები და, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, ერთხელ დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი, რომელიც მიიყვანა ბოლომდე. ამ დროს სახლში დაბრუნდა არასრულწლოვანი რ. შ-ძე, მან ნახა, რომ კარი კვლავ დაკეტილი იყო და სათადარიგო შესასვლელიდან შევიდა სახლში, სადაც თავისი მშობლების საძინებელ ოთახში, ლოგინზე, შიშვლები ნახა თავისი ბიძა და და, რის გამოც შეშინებული გაიქცა სახლიდან. ბრალდებულმა რ. შ-ემ ჩაიცვა ტანსაცმელი და გამოეკიდა. როცა იგი სახლში მოაბრუნა, დაემუქრა როგორც რ., ასევე ლ. შ-ებს, რომ თუ მშობლებთან ან სხვაგან იტყოდნენ მომხდარის შესახებ, მათაც და მათ მშობლებსაც დახოცავდა. ჩადენილი დანაშაულის შემდეგ დაზარალებული ლ. შ-ძე იყო რა შიშის ზემოქმედების ქვეშ, რ. შ-ძე სარგებლობდა ამით, ასევე დაზარალებულის უმწეო მდგომარეობით და რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთგზის აუპატიურებდა დაზარალებულ ლ. შ-ეს.

2001წ. 2 იანვარს, საღამოს, რ. შ-ძე მთვრალი მივიდა დაზარალებულ ზ. შ-ის ოჯახში. იგი უაზროდ აუხირდა ოჯახის წევრებს, რის გამოც ზ. შ-ძე და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ, წასულიყვნენ სახლიდან. რ. შ-ემ დიზელის საწვავი მიასხა საცხოვრებელ სახლს და განზრახ წაუკიდა ცეცხლი. ხანძრის შედეგად დაიწვა დაზარალებულ ზ. შ-ის საცხოვრებელი სახლის ნაწილი და მთლიანად დაიწვა ამ უკანასკნელის როგორც პირადი, ასევე საოჯახო ნივთები, ზარალმა შეადგინა 4000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულ რ. შ-ის დამცველმა, ადვოკატმა ი. თ-მა გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში. აპელანტი თავის საჩივარში მიუთითებდა, რომ სისხლის სამართლის საქმე რ. შ-ის მიმართ ნაწარმოები იყო სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეში დაღვევებით, ხოლო ბრალდება ემყარება არასარწმუნო და არასაკმარის მტკიცებულებებს, რის გამოც იგი ითხოვდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და რ. შ-ის მიმართYგამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

სააპელაციო სასამართლომ განიხილა აღნიშნული სააპელაციო საჩივარი და, არ დააკმაყოფილა რა იგი, 2003წ. 17 დეკემბრის განაჩენით უცვლელად დატოვა რ. შ-ის ბრალდების საქმეზე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა რ. შ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს მისი ბრალდების საქმის ობიექტურ განხილვასა და გამამართლებელი საფუძვლით მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ანდა მისი სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა რ. შ-ემ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მსჯავრდებულ რ. შ-ის დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-ამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. შ-ის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 17 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა კასატორის მიერ წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებობს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რ. შ-მ ნამდვილად ჩაიდინა არასრულწლოვან ლ. შ-ის გაუპატიურება. აღნიშნულ დანაშაულში მსჯავრდებული რ. შ-ძე, როგორც წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ისე საქმის სასამართლოში განხილვისას დაზარალებულმა ლ. შ-ემ და მოწმე რ. შ-ემ დამაჯერებლად ამხილეს მის მიერ ჩადენილ დანაშაულში, რა დროსაც დეტალურად აღწერეს დანაშაულის გარემოებები, თვით მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული მოქმედებები, რის გამოც მათი ჩვენებები პალატას სარწმუნოდ მიაჩნია.

ამასთან ერთად, პალატა არ იზიარებს საბრალდებო დასკვნასა და სასამართლოთა განაჩენებში განვითარებულ ვერსიას იმის თაობაზე, რომ რ. შ-ემ დაზარალებულ ლ. შ-ის გაუპატიურება ჩაიდინა არაერთგზის, რადგან საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი რ. შ-ის მიერ დაზარალებულ ლ. შ-სთან იძულების გზით, ძალადობით ან ძალადობის მუქარით, სქესობრივი კავშირის დამყარებას. ვერც დაზარალებული ლ. შ-ძე, ვერც რ. შ-ძე და ვერც სხვა მოწმე მიუთითებენ სხვა შემთხვევაში სად, როდის და რა გარემოებებში აუპატიურებდა ლ. შ-ეს რ. შ-ძე. აღნიშნული გარემოების გამო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. შ-ეს უნდა მოეხსნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ საქმე უნდა შეწყდეს, ხოლო, შესაბამისად ამისა, მას უნდა შეუმსუბუქდეს სასამართლოს მიერ იმ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი, რომელიც მას საბოლოოდ ბრალად შეერაცხა.

საქმეში არსებული მასალებით პალატას ასევე დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულ რ. შ-ის მიერ დაზარალებულ ზ. შ-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება და ნივთების განადგურება ცეცხლის წაკიდებით, ე.ი., რომ მან ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ რ. შ-ის სასიკეთოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ რ. შ-ეს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს, ხოლო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით _ შეუმცირდეს 4 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.