საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 81-აპ 25 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ბ. უ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 სექტემბრის განაჩენი ბ. უ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 სექტემბრის განაჩენით ბ. უ-ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ის 108-ე მუხლით საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით ბ. უ-ეს მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის; განზრახ მკვლელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002წ. ზაფხულში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ბ. უ-ემ გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან და ადგილას შეიძინა “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და რვა საბრძოლო ვაზნით, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და პერიოდულად ატარებდა.
2002წ. 7 დეკემბერს, დაახლოებით 19 საათისათვის, ა. დ-სა და ს. შ-ის ოჯახში მასპინძლებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ ს. შ-ის და _ ი. ბ-ლი და მათი ნათესავები და მეგობრები, აგრეთვე ი. ბ-ის ნაცნობი გ. რ-ნი და ამ უკანასკნელის მეგობარი _ ბ. უ-ძე. ყველამ აღნიშნა ს. შ-ის დაბადების დღე, რა დროსაც სტუმრებმა, მათ შორის ბ. უ-ემ, მიიღეს ალკოჰოლური სასმელი _ ღვინო და კონიაკი. ქეიფის დროს, ვინაიდან ა. დ-ნი და ე. ზ-ვი სადღეგრძელოებს ამბობდნენ არაქართულ ენაზე, ბ. უ-ძე და ე. ზ-ვი შეკამათდნენ. ე. ზ-ვს გამოესარჩლა ა. დ-ნი, რომელმაც ბ. უ-ძე გაიყვანა ეზოში, სადაც გააგრძელეს კამათი, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში. ამის გამო შურისძიების მოტივით ბ. უ-ემ განიზრახა ა. დ-ის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იგი წავიდა ---ის ქუჩაზე, სადაც --- უკან არსებული კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოს სარდაფში აიღო მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ნომერგადაშლილი “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად და დაბრუნდა ა. დ-ის საცხოვრებელ სახლთან. იმ დროს, როცა ა. დ-ნი სტუმრებს აცილებდა და იდგა -სა და -ის ქუჩების გადაკვეთასთან მდებარე ავტოგასამართ სადგურ “-ს” მახლობლად, ბ. უ-ძე მივიდა ა. დ-თან, გაიხმო განზე და განცალკევდა რა მასთან ერთად, ჩხუბის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერ გაისროლა მისგან დაახლოებით 1,5_2,0 მეტრის მოშორებით მდგომ ა. დ-ის მიმართულებით, თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დანაშაულებრივი ქმედებით ბ. უ-ემ ა. დ-ნს მიაყენა ჭრილობები მუცლის მარცხენა ნახევარში, მარჯვენა დუნდულოსა და მარცხენა ბარძაყის არეში. ამათგან პირველი ორი ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო ხარისხის დაზიანებას. ა. დ-ნი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი თბილისის ¹1 საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს დროული სამედიცინო დახმარება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. ა. დ-ის სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების შედეგად, შინაგანი ორგანოებისა და მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანების გამო.
მსჯავრდებული ბ. უ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ადვოკატი ს. ს-ძე მხარს უჭერს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პროკურორი ე. ქ-ვა ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ 2000წ. 7 დეკემბერს ა. დ-თან სტუმრად მყოფ ბ. უგრეხელიძეს ჩხუბი მოუვიდა ა. დ-თან. ამის გამო, შურისძიების მოტივით, ბ. უ-ემ განიზრახა მისი მოკვლა, რისთვისაც იგი წავიდა ცეცხლსასროლი იარაღის მოსატანად და დაბრუნებულმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ა. დ-ნი, რომელიც საავადმყოფოში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
ბ. უ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად არის დადასტურებული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ს. შ-ის ჩვენებებით; მოწმეების _ ე. ზ-ის, ლ. კ-ას, ვ. ბ-სა და სხვათა ჩვენებებით; ბ. უ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, ნივთმტკიცებებით, თავად ბ. უ-ის 2002წ. 22 თებერვლის დაკითხვის ოქმით.
საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ბ. უ-ძე მოქმედებდა ა. დ-ის მოკვლის განზრახვით, მის მიერ წარმოებული რამდენიმე გასროლა მიმართული იყო მისგან 1,5-2,0 მეტრის დაშორებით მდგომი ა. დ-ის მიმართულებით და ჭრილობა მიაყენა მუცელსა და სხეულის შუა წელში.
აქედან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ბ. უ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მან ა. დ-ნს ესროლა შეშინების მიზნით და ა. დ-ის მოკვლა რომ სდომებოდა, ტყვიას თავში ესროდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, სასამართლო პროცესზე მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლევითა და შეფასებით დამტკიცებულად მიიჩნია ბ. უ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ნოემბრის განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ნოემბრის განაჩენი ბ. უგრეხელიძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.