განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 13.10.2011
საქმის ნომერი
2კ-457აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.10.2011

გადაწყვეტილების ტექსტი

¹457აპ-11 ქ. თბილისი

13 ოქტომბერი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ნ. ჩ-ს, გ. ტ-ს, მ. ა-სა და მათი ადვოკატების _ ზ. ნ-სა და ა. კ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენით:

1. ნ. ჩ-ი _ ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 12 ათასი ლარი;

2. მ. ა-ი, _ ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 12 ათასი ლარი;

3. გ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25-ე, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 12 ათასი ლარი. აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ. ტ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა _ 12 ათასი ლარი.

აღნიშნულ მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2010 წლის 10 მაისიდან.

გარდა ამისა, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ ხ. ხ-ს შორის. ამ უკანასკნელს საქართველოს სსკ-ის 25-ე, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და 25-ე, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5 ათასი ლარი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის დეკემბერში დაბა ... მცხოვრებმა მ. ა-მ და მისმა ნაცნობმა მ. კ-მ განიზრახეს ... და ... მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი, 5 ათასი კვ.მ. საკარმიდამო ხუთი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება და მათი კერძო საკუთრებად რეგისტრაცია შესაბამისი უფლების დამდგენი ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით.

იმის გამო, რომ მ. ა-ი, როგორც ... მაცხოვრებელი, არ დაფიქსირებულიყო რამდენიმე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, მისი დავალებით მ. კ-ი დაუკავშირდა ... დირექტორ ხ. ხ-ს და სთხოვა ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით დახმარებოდა უძრავი ნივთის დაუფლებაში, რაზეც თანხმობა მიიღო. ხ. ხ-მ თავის თანამშრომლებს _ თ. ჩ-სა და რ. შ-ს სხვადასხვა მოტივით გამოართვა პირადობის მოწმობები, რომლებიც თავის მოწმობასთან ერთად ყალბი დოკუმენტის დამზადების მიზნით გადასცა მ. კ-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა _ მ. ა-ს. თავის მხრივ, მ. ა-მ დაუდგენელ ვითარებაში მოიპოვა ნ. ბ-სა და მ. ხ-ს პირადობის მოწმობები და მათი გამოყენებით, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირის დახმარებით დაამზადა 1997 წლის 24 დეკემბრით დათარიღებული, ორგანიზაცია “საქქალაქაგროსერვისის” მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ხუთი ყალბი აქტი, რომელთა მიხედვით, ხსენებული ორგანიზაცია ... და ... ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებს თითქოსდა გადასცემდა რ. შ-ს, თ. ჩ-ს, ხ. ხ-ს, ნ. ბ-სა და მ. ხ-ს, თითოეულს _ 1000-1000 კვ.მ.-ს.

აღნიშნული ყალბი აქტების ნოტარიალურად დამოწმებული ასლები მ. ა-მ წარუდგინა საჯარო რეესტრის თბილისის სამსახურში მომუშავე გ. ტ-ს, რომელმაც დაამზადა რ. შ-ს, თ. ჩ-ს, ხ. ხ-ს, ნ. ბ-სა და მ. ხ-ს მიერ თითქოსდა ხელმოწერილი განცხადებები საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ. სინამდვილეში, მითითებულმა პირებმა განცხადებებისა და დოკუმენტების წარდგენის შესახებ არაფერი იცოდნენ. 2008 წლის 4 იანვარს გ. ტ-ს მიერ წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე საჯარო რეესტრის სამსახურმა რეგისტრაციაში გაატარა აღნიშნული ხუთი პირის საკუთრების უფლება სახელმწიფოს კუთვნილ 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე. ამის შემდეგ მ. ა-მ მ. კ-ს გადასცა 500 აშშ დოლარი, რაც ამ უკანასკნელმა გაწეული დახმარების სანაცვლოდ გადასცა ხ. ხ-ს.

2009 წლის აგვისტოში ნ. ჩ-მ დაუდგენელ პირებთან ერთად განიზრახა, ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით თაღლითურად დაუფლებოდა ... და ... მდებარე 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მიწის ნაკვეთები, როგორც აღინიშნა, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებული იყო რ. შ-ს, თ. ჩ-ს, ხ. ხ-ს, ნ. ბ-სა და მ. ხ-ს სახელზე. ამ მიზნით ნ. ჩ-მ დაუდგენელი პირის მეშვეობით დაამზადა 2008 წლის 23 იანვრით დათარიღებული და ნოტარიუს დ. ქ-ს სახელით დამოწმებული ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებშიც შეიტანა მონაცემები არარსებული გარიგების შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნულმა პირებმა მათზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მიჰყიდეს ნ. ჩ-ს. ეს ყალბი ხელშეკრულებები, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ნ. ჩ-მ წარადგინა საჯარო რეესტრის თბილისის სამსახურში, სადაც ეს უკანასკნელი დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ. 2009 წლის 21 აგვისტოდან 2010 წლის 17 თებერვლამდე ნ. ჩ-მ მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები გაასხვისა კ. ბ-ზე, გ. გ-ზე, ხ. ბ-ზე, ო. გ-სა და ნ. ხ-ზე, რითიც სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ ნ. ჩ-მ, მ. ა-მ და გ. ტ-მ. ნ. ჩ-მ და გ. ტ-მ მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო მ. ა-მ _ მხოლოდ სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. ტ-ე და მისი ადვოკატი თავიანთი საკასაციო საჩივრით მოითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება თუნდაც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ. ა-სა და გ. ტ-ს შორის არსებულ შეთანხმებას დანაშაულის ჩადენის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვა პირების ნაცვლად განცხადებებს ხელი მოაწერა მ. ასიტაშვილმა და ასეთ შემთხვევაში გ. ტ-ს მიერ დოკუმენტის გაყალბებაზე საუბარი უსაფუძვლოა. გ. ტ-ს, როგორც ავტორიზებულ მომხმარებელს, არ ევალებოდა უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადება. მას ევალებოდა მხოლოდ მოქალაქეთათვის კონსულტაციის გაწევა და მათგან აუცილებელი დოკუმენტაციის მიღება სარეგისტრაციო სამსახურში წარსადგენად. კასატორთა მტკიცებით, რეალურად ადგილი ჰქონდა მხოლოდ ამკრძალავი ნორმის გაუცნობიერებლად დარღვევას, რაც დაუდევრობაა და რაც გამორიცხავს დანაშაულში თანამონაწილეობას. გარდა ამისა, სსკ-ის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, “ჯგუფურობა”, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება, გ. ტ-ს მხოლოდ მაშინ უნდა შერაცხვოდა, თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის არსებობის შესახებ, მაგრამ საქმის მასალებითა და განაჩენის მიხედვით, გ. ტ-სთან ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ მ. ა-ს.

მსჯავრდებული ნ. ჩ-ი და მისი დამცველი ა. კ-ა თავიანთ საჩივრებში მიუთითებენ, რომ 2008 წლის 23 იანვრით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულებებზე ხელმოწერების ვინაობისა და ბეჭდების წარმომავლობის დასადგენად აუცილებელი იყო გრაფიკული და ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება. ნ. ჩ-ს ჩვენებით, მან არ იცოდა მიწის ნაკვეთების უკანონოდ გაყიდვის შესახებ და მას შემდეგ, რაც მ. ა-საგან აღნიშნული შეიტყო, შეწყვიტა ნაკვეთების გაყიდვაც. ნ. ჩ-ს აქტიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა დანაშაულში მონაწილე პირთა მხილება, მაგრამ სახელმწიფო ბრალმდებელმა არ აღნიშნა ამის შესახებ და ნ. ჩ-ს ბრალი დაედო დაუდგენელ პირებთან ერთად დანაშაულის ჩადენაში. ნ. ჩ-ი ვერ აცნობიერებდა თავის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას და როდესაც ამის შესახებ განმარტება მიიღო, ნებაყოფლობით ხელი აიღო მართლსაწინააღმდეგო ქმედების გაგრძელებაზე. სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იყო მისაღები განსასჯელის სამართალდამცავებთან აქტიური თანამშრომლობა და მიღწეული დადებითი შედეგები. სასამართლომ არ იმსჯელა ნ. ჩ-ს პიროვნების მახასიათებელ მონაცემებზე. იგი ხასიათდება დადებითად, არის ხანდაზმული, მარტოხელა დედა და აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები. ამ გარემოებების გაუთვალისწინებლობამ უარყოფითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე, რამაც გამოიწვია მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო განაჩენის გამოტანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ჩ-ი და მისი ადვოკატი მოითხოვენ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენების გაუქმებასა და საქმის ახალი სასამართლო განხილვისათვის გაგზავნას ან სააპელაციო პალატის განაჩენის შეცვლას მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

კასატორი _ მსჯავრდებული მ. ა-ი საჩივრით მოითხოვს მისთვის ბრალად შერაცხული ყალბი დოკუმენტების დამზადების ეპიზოდში საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები არ დაუმზადებია, ისინი შეიძინა უცნობი პირისაგან და ფლობდა 10 წლის განმავლობაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულთა მტკიცებას მათი უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს თავად მათ მიერვე სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებებიდან, კერძოდ:

მ. ა-ი განმარტავს, რომ ხუთივე მიღება-ჩაბარების აქტი გადასცა სხვა პირმა. ეს აქტები იყო ბეჭედდასმული და ხელმოწერილი და ისინი მ. ა-ს მითითებით “შეავსო” მისივე მეგობარმა გოგონამ, რის შემდეგაც წარადგინა სარეგისტრაციო სამსახურში. ამავე ჩვენებით, მ. ა-მ მოგვიანებით შეიტყო, რომ მიწის ნაკვეთები ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გადაფორმებული იყო ნ. ჩ-ს სახელზე და იგი ასხვისებდა სხვადასხვა პირზე.

თავისი საკასაციო საჩივრის მოტივის საწინააღმდეგოდ, ნ. ჩ-მ სასამართლოს განუმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა მას შემდეგაც, რაც შეიტყო, რომ მიწის ნაკვეთები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით იყო შეძენილი (...).

გ. ტ-ე აჩვენებს, რომ შეცდა, რადგან დოკუმენტაციის წარმოდგენა მინდობილობის გარეშე დაუშვებელი იყო, მაგრამ მან მაინც მიაწოდა ისინი სარეგისტრაციო სამსახურს. ამავე ჩვენებით, მ. ა-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილი იყო, მაგრამ გ. ტ-ს არ ახსოვს, ვინ მოაწერა ხელი ხუთ განცხადებას _ “ალბათ, ხელი მოაწერა მ. ა-მო” (...).

მსჯავრდებულ ხ. ხ-ს ჩვენებით, მან მ. კ-საგან იცოდა, რომ იგი თავის მეგობრებთან ერთად კერძო პირებზე უკანონოდ ახდენდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას. ხ. ხ-მ მ. კ-ს გადასცა პირადობის მოწმობები, რაც საჭირო იყო ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად, რის სანაცვლოდ, შეთანხმებისამებრ, მიიღო 500 აშშ დოლარი.

გარდა ამისა, სასამართლოში დაიკითხა არაერთი მოწმე, რომელთა ჩვენებებით და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები. ამდენად, სააპელაციო პალატის განაჩენი დადგენილია საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და იგი დასაბუთებულია.

ამასთან, გ. ტ-ე გასამართლებულია 2009 წლის 4 დეკემბერს, რაც სასამართლომ არასწორად მიიჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, ვინაიდან ამ განაჩენის გამოტანის შემდეგ გ. ტ-ს დანაშაული არ ჩაუდენია.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, გაარკვიოს მტკიცების საგნის ყველა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, სრულად არ გამოიკვლია მსჯავრდებულების პიროვნული მახასიათებლები და სასჯელის დანიშვნისას არ მისცა მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაარკვიოს მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის შემდეგაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ტ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს, ასევე მსჯავრდებულ მ. ა-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ნ. ჩ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების _ ნ. ჩ-ს, მ. ა-ს, გ. ტ-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.