საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.10.2011
საქმის ნომერი
2კ-487აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.10.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹487აპ-11 ქ. თბილისი

10 ოქტომბერი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ რ. თ-იას და კ. ნ-ის, ასევე _ მსჯავრდებულ ა. ა-ისა და მისი დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის განაჩენზე რ. თ-იას, კ. ნ-ის, ა. ა-ისა და გ. ა-ის მიმართ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით:

1. ა. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2. რ. თ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3. კ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. თ-იას, კ. ნ-სა და გ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2010 წლის 5 სექტემბრიდან, ხოლო ა. ა-ეს _ იმავე წლის 6 სექტემბრიდან. მსჯავრდებულებს დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრათ 320 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის განაჩენით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ რ. თ-იას და კ. ნ-ის, ასევე _ მსჯავრდებულ ა. ა-ისა და მისი დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ი. ტყეშელაშვილი

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე

პ. სილაგაძე