საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.06.2005
საქმის ნომერი
2კ-6კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 6-კოლ 15 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. ა-ძე, ზ. ტ-ძე, გ. ჯ-ძე, ტ. კ-ძე და ა. დ-ნი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წ. 6 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულნი არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ვ” და “ი” ქვეპუქნტებით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულისათვის, როგორიცაა მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით. სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს სასჯელის ზომად განუსაზღვრა: ჯ. ა-ეს _ თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით; ზ. ტ-ეს _ თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; გ. ჯ-ეს _ თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 6 თვის ვადით; ტ. კ-ეს _ თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; ა. დ-ნს _ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით ვადით. მსჯავრდებულები სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს მოიხდიან მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების _ ჯ. ა-ის, ზ. ტ-ის, მ. ჯ-ის, ტ. კ-სა და ა. დ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ჯ. ა-ემ და მისმა თანამზრახველებმა: ტ. კ-ემ, გ. ჯ-ემ, ა. დ-მა და ზ. ტ-ემ 2003 წ. იანვარში მოილაპარაკეს, გაეტაცებინათ ზ. ჯ-ია, ანგარების მოტივით მძევლად ჩაეგდოთ ხელში, აღეკვეთათ მისთვის თავისუფლება და გათავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრებისათვის გამოეძალათ ფული.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2003 წ. იანვარში ბოროტმოქმედთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა _ გ. ჯ-ემ მოქალაქე ხ-ისაგან შეიძინა “ვაზ-2106” მარკის, მუქი ლურჯი ავტომანქანა, რომლითაც, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, გატაცებული ზ. ჯ-ია უნდა გადაეყვანათ ტ. კ-ის მიერ სპეციალურად ამ დანაშაულის ჩასადენად ნაქირავებ ბინაში _ ქ. თბილისში, --- ამასთან, ზ. ჯ-ას გატაცებისათვის ხელსაყრელი ვითარების შესწავლის მიზნით ჯ. ა-ძე და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ზემოთ ჩამოთვლილი პირები, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, 2003 წ. თებერვლიდან ხსენებული ავტომანქანით დაჰყვებოდნენ მას ქ. თბილისში, რა დროსაც დააფიქსირეს, რომ ზ. ჯ-ია თავის კუთვნილ ავტომანქანა “ვაზ-2107-ს, აჩერებდა თავისი საცხოვრებელი სახლის ახლოს, ... მდებარე ავტოფარეხში, საიდანაც დილით მიდიოდა ვაკეში მდებარე ფირმა “---ის” ოფისში, საღამოს კი ბრუნდებოდა სახლში.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები _ ჯ. ა-ძე, ტ. კ-ძე, გ. ჯ-ძე და ზ. ტ-ძე შეთანხმდნენ, რომ გატაცება უნდა განეხორციელებინათ 2003 წ. 14 მარტს, დილის საათებში, როდესაც ზ. ჯ-ია ავტომანქანით გაემართებოდა სამსახურისაკენ. რაც შეეხება ა. დ-ნს, მოლაპარაკებისამებრ, იგი შემდგომში დარაჯად უნდა დადგომოდა თავს თავისუფლებააღკვეთილ ზ. ჯ-ას. შეთანხმების თანახმად, 2003 წ. 14 მარტს, დაახლოებით 10 საათზე, ჯ. ა-ძე და დანაშაულებრივი ჯგუფის ზემოხსენებული წევრები შეიკრიბნენ ფ. ჯ-ას საცხოვრებელი სახლის შორიახლოს, --- ქუჩაზე და შეარჩიეს ადგილი, საიდანაც დაინახავდნენ როგორც საცხოვრებელი კორპუსიდან ზ. ჯ-ას გამოსვლას, ისე მის მიერ ავტოფარეხიდან მანქანის გამოყვანის მომენტს. იმავე დილით, დაახლოებით 30 წუთში, ზ. ჯ-ია გავიდა სახლიდან, --- ქუჩაზე არსებული ავტოფარეხიდან გაიყვანა თავისი კუთვნილი, ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა, რომლითაც უზნაძის ქუჩის გავლით, ყოფილი “---ის” შესახვევიდან სანაპირო ქუჩით გაემართა ---ის ხიდისაკენ, გადავიდა ხიდზე და ---ის ქუჩით აუყვა ქვაფენილიან აღმართს. ჯ. ა-ძე, ტ. კ-ძე, გ. ჯ-ძე და ზ. ტ-ძე ავტომანქანა “ვაზ2106”-ით, რომელსაც ტ. კ-ძე მართავდა, აედევნენ ზ. ჯ-ს, დაეწივნენ ---ის ქუჩის ბოლოს არსებულ ავიასალაროსთან და ავტომანქანის უკანა სალონში, მარჯვნივ მჯდომმა ზ. ტ-ემ წინასწარ შეთანხმებისამებრ, იმის დასტურად, რომ თითქოს იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ზ. ჯ-ას დაანახვა პოლიციელ დ. შ-ის პირადობის მოწმობა, რომელიც ტ. კ-ემ შემთხვევით იპოვა ავტომანქანა “ტაქსით” მგზავრობისას, და მოსთხოვეს გაეჩერებინა ავტომანქანა. ზ. ჯ-ამ იქვე გააჩერა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რის შემდეგაც მასთან მივიდნენ ზ. ტ-ძე და გ. ჯ-ძე, რომელთა კატეგორიული მოთხოვნით ზ. ჯ-ია გადავიდა თავისი ავტომანქანიდან და ფიქრობდა რა, რომ ხსენებული პირები იყვნენ პოლიციელები, ჩაჯდა მათი ავტომანქანის უკანა სალონში. მას გვერდით მიუსხდნენ ზ. ტ-ძე და გ. ჯ-ძე, რომლებმაც ფიზიკური ძალადობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების იმიტაციით აიძულეს იგი, არ ეყვირა და წინააღმდეგობა არ გაეწია, რის შემდეგაც ჯ. ა-ემ და თავისმა თანამზრახველებმა მოუსპეს ზ. ჯ-ას თავისუფლად მოძრაობისა და გადაადგილების საშუალება, თავზე ჩამოაცვესქუდი და ე.წ. “სკოჩით” აუკრეს თვალები. იგი წაიყვანეს ქ. თბილისში, ---ში, წინასწარ ნაქირავებ ზემოთ მითითებულ ბინაში, სადაც იგი მოათავსეს შესასვლელი კარის მარჯვნივ მდებარე საძინებელ ოთახში და წინასწარ სპეციალურად შეძენილი ხელბორკილით მიაბეს ლითონის საწოლზე. იმავე საღამოს ანგარების მოტივით მძევლად ხელში ჩაგდებული ზ. ჯ-ას განთავისუფლების სანაცვლოდ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ზ. ტ-ემ, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან შეთანხმებით, ქ. თბილისში, --- ქუჩაზე არსებული ცენტრალური ფოსტიდან დაურეკა ზ. ჯ-ას მამას ბ. ჯ-ას და 10 დღის ვადაში 3 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვაჟიშვილის მოკვლით დაემუქრა.

2003 წ. 14 მარტიდან 20 მარტამდე, დღე-ღამის განმავლობაში, თავისუფლებააღკვეთილ ზ. ჯ-ას პერიოდულად დარაჯობდნენ გ. ჯ-ძე და ა. დ-ნი, ასევე ზ. ჯ-სა და იქ მყოფი პირებისათვის საჭმელი მიჰქონდათ ჯ. ა-სა და ტ. კ-ეს.

გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიების შედეგად 2003 წ. 20 მარტს დააკავეს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილები _ ჯ. ა-ძე, გ. ჯ-ძე, ტ. კ-ძე, ზ. ტ-ძე და ა. დ-ნი, ხოლო ზ. ჯ-ია გაათავისუფლეს.

სასამართლო კოლეგიის განაჩენის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო საჩივრებით მიმართეს მსჯავრდებულებმა _ გ. ჯ-ემ, ტ. კ-ემ, ჯ. ა-ემ, ზ. ტ-ემ და მსჯავრდებულ ა. დ-ის დამცველმა, ადვოკატმა მ. ლ-ემ.

მსჯავრდებულები _ ზ. ტ-ძე და ტ. კ-ძე თავიანთი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ მათი ბრალდების ნაწილში განაჩენის გაუქმებასა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მათ არ ჩაუდენიათ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

მსჯავრდებულები _ ჯ. ა-ძე და გ. ჯ-ძე თავიანთი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ მათი ბრალდების ნაწილში განაჩენის გაუქმებასა და მათ მიმართ საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად, რათა ჩატარდეს მტკიცებულებების ობიექტური გამოკვლევა მათი ბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად.

მსჯავრდებულ ა. დ-ის დამცველი, ადვოკატი მ. ლ-ძე თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს ამ მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულებმა _ გ. ჯ-ემ, ზ. ტ-ემ, ტ. კ-ემ და მათმა დამცველებმა, ადვოკატებმა _ ო. ხ-ემ, ა. მ-მა და ი. ქ-ამ მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

მსაჯავრდებულ ჯ. ა-ის დამცველებმა, ადვოკატებმა _ ქ. გ-ემ, ლ. შ-ამ და ი. ა-ამ პალატის სხდომაზე განხილვისას დააზუსტეს მისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მისი ბრალდების ნაწილში პირველი ინსტანციის წესით საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნების ნაცვლად, ამჯერად მათ ითხოვეს ჯ. ა-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

მსჯავრდებულ ა. დ-ის დამცველმა, ადვოკატმა მ. ლ-ემ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს მისი მარწმუნებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა კ. მ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს, რადგან ისინი მიაჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წ. 6 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ ჯ. ა-ის, ზ. ტ-ის, გ. ჯ-სა და ტ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ ა. დ-ნს, მძიმე ავადმყოფობის გამო, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სასჯელის უდაბლეს ზღვარზე უფრო ნაკლები, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო გამოძიების მასალებით სარწმუნოდ არის დადგენილი ის გარემოება, რომ მსჯავრდებულები: ჯ. ა-ძე, ზ. ტ-ძე, გ. ჯ-ძე და ტ. კ-ძე ნამდვილად მონაწილეობდნენ დაზარალებულ ზ. ჯ-ას გატაცებასა და მძევლად ხელში ჩაგდებაში მისი ოჯახისაგან _ მშობლებისგან დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, რაც დადასტურებულია დაზარალებულ ზ. ჯ-ას, მოწმეების _ თ. ბ-ის, თ. ხ-სა და სხვათა ჩვენებებით, ასევე ნაწილობრივ თვით მსჯავრდებულების _ ჯ. ა-ის, გ. ჯ-ის, ტ. კ-ისა და ზ. ტ-ის ჩვენებებით.

აღნიშნული მტკიცებულებების მეშვეობით იქმნება სავსებით ცხადი და დამაჯერებელი წარმოდგენა იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა, რომლებსაც ახორციელებდნენ აღნიშნული მსჯავრდებულები ზ. ჯ-ას მძევლად ხელში ჩაგდების დაგეგმვის, მომზადებისა და სისრულეში მოყვანის მიზნით. აღნიშნულ გარემოებათა გამო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოხსენებული მსჯავრდებულებისა და მათი დამცველების მიერ წარმოდგენილ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, თითქოს მათ არავითარი ბრალი არ მიუძღვით დაზარალებულ ზ. ჯ-ას გატაცებასა და მძევლად ხელში ჩაგდებაში. მსჯავრდებული ჯ. ა-ე ავითარებს ვერსიას იმის თაობაზე, რომ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ინსცენირება იყო ზ. ჯ-ას მძევლად ხელში ჩაგდებისა, რაც განხორციელდა პირადად მასთან შეთანხმებით და მისივე მონაწილეობით. მაგრამ მის ასეთ პოზიციას აქარწყლებს ის გარემოება, რომ ბინაში, სადაც მსჯავრდებულებს მიყვანილი ჰყავდათ ზ. ჯ-ა, ამ უკანასკნელს თავზე ადგა და მეთვალყურეობდა გ. ჯ-ძე; გარდა ამისა, ზ. ჯ-სთვის თავისუფლების შესაზღუდად გამოყენებული იყო ხელბორკილები, რისი საჭიროებაც არ იარსებებდა, თუკი მისი გატაცება მოხდა თვით ზ. ჯ-იას თანხმობით.

ამრიგად, პალატას სასამართლო კოლეგიის განაჩენი მსჯავრდებულების _ ჯ. ა-ის, ფ. ტ-ის, გ. ჯ-სა და ტ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში მიაჩნია კანონიერად და დასაბუთებულად. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. დ-ის მიმართ იმავე ქმედების ჩადენაში ბრალდებას, რაც სხვა მსჯავრდებულებს შეერაცხა, პალატა თვლის, რომ სასამართლო გამოძიების შედეგებით ა. დ-ს მონაწილეობა დაზარალებულ ზ. ჯ-ას გატაცებასა და მძევლად ხელში ჩაგდებაში არ დასტურდება, რადგან საამისოდ ვერ იქნა მოპოვებული საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებით დასტურდება _ ა. დ-მა დანამდვილებით იცოდა, რომ ჯ. ა-ძე და სხვა პირები ამზადებდნენ დაზარალებულ ზ. ჯ-ას გატაცებას და მძევლად ხელში ჩაგდებას. მას ჰქონდა იმის შესაძლებლობაც, რომ შესაბამისი ორგანოებისათვის შეეტყობინებინა აღნიშნული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მზადების თაობაზე, რაც არ გააკეთა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. დ-ნს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ვ” და “ი” ქვეპუნქტების საფუძველზე წარდგენილი ბრალდება დაზარალებულ ზ. ჯიქიას მძევლად ხელში ჩაგდების თაობაზე და მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, როგორც შეუტყობინებლობა იმისა, რომ მზადდებაგანსაკუთრებით მძიმე დანაშაული და მას სასჯელის ზომაც ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში უნდა განესაზღვროს.

ამავე დროს, პალატის აზრით, იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც მსჯავრდებულებს _ ჯ. ა-ეს, ზ. ტ-ეს, გ. ჯ-სა და ტ. კ-ეს გააჩნიათ და რომლებზედაც სასამართლო მიუთითებს განაჩენის დადგენისას, აგრეთვე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მათ მიერ ჩადენილ ქმედებას დაზარალებულ ზ. ჯ-ას ან მისი ოჯახისათვის არ გამოუწვევია რაიმე მძიმე შედეგი, სასამართლოს მიერ მათთვის დანიშნული სასჯელის ზომები არის ზედმეტად მკაცრი და შეიძლება მათ მიმართ დანიშნული სასჯელების გარკვეული ზომით შემცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წ. 6 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების _ ჯ. ა-ის, ზ. ტ-ის, გ. ჯ-ის, ტ. კ-სა და ა. დ-ის სასიკეთოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წ. 6 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

მსჯავრდებულ ჯ. ა-ეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით _ შეუმცირდეს 3 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

მსჯავრდებულ ზ. ტ-ეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით _ შეუმცირდეს 3 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

მსჯავრდებულ გ. ჯ-ეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 6 თვის ვადით _ შეუმცირდეს 3 წლითა და 3 თვით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 3 თვის ვადით;

მსჯავრდებულ ტ. კ-ეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით _ შეუმცირდეს 3 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

მსჯავრდებულ ა. დ-ნს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ვ”, “ი” ქვეპუნქტების საფუძველზე წარდგენილი ბრალდება და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, როგორც შეუტყობინებლობა იმისა, რომ მზადდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.