საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.09.2005
საქმის ნომერი
2კ-119კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.09.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 119-კოლ 29 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 6 მაისის განაჩენზე ბ. ხ-ის, შ. მ-ის, ე. და გ. შ-ების მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 6 მაისის განაჩენით ბ. ხ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19-143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, 3 წ. გამოსაცდელი ვადით.

ამავე განაჩენით შ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19-143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, 3 წ. გამოსაცდელი ვადით.

ამავე განაჩენით ე. შ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, 3 წ. გამოსაცდელი ვადით.

ამავე განაჩენით გ. შ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, 3 წ. გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულებს _ ბ. ხ-ეს, შ. მ-ეს, ე. და გ. შ-ებს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის მე-19-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “თ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულებს _ ბ.ხ-ეს, შ.მ-ეს, ე. და გ. შ-ებს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მცდელობა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004 წ. 28 დეკემბერს, დაახლოებით 19.00 საათზე, ბ. ხ-ძე, შ. მ-ძე, ე. და გ. შ-ები მივიდნენ ქ. ბათუმში, --- ქუჩაზე, შ.მ-ის კუთვნილი “ვაზ-2106”მარკის ავტომანქანით და წინასწარი შეთანხმებით, ბ.ხ-ის დაქორწინების მიზნით, განიზრახესელისო ს-ის მოტაცება. დახვდნენ სახლში, ბიძაშვილთან – თ. ბ-სთან ერთად მიმავალ ე. ს-ეს და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ცდილობდნენ ავტომანქანაში ჩასმას და უკანონო თავისუფლების აღკვეთას. დანაშაულის ბოლომდე მიყვანა აღკვეთეს შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის მუშაკებმა და ზემოაღნიშნული პირებიც იქვე დააკავეს.

ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე ვ.გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ბ. ხ-ის, შ. მ-ის, ე. და გ. შ-ების მიმართ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 6 მაისისგანაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ სასამართლომ მიუსაჯა რა მათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სრულიად უსაფუძვლოდ შეუცვალა პირობითი მსჯავრით.

პროკურორი ნ. ნ-ძე მხარს უჭერს ვ.გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ბ. ხ-ის, შ.მ-ის, ე. და გ. შ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი ლმობიერია.

საკასაციო პალატა ეთანხმება აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 6 მაისის გადაწყვეტილებას და თვლის, რომ განსასჯელთა ქმედებაში არ არის სსკ-ის მე-19-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, რადგანაც მათ არ ჩაუდენიათ სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა _ ე. ს-ემ ჯანმრთელობის მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო ა/მანქანის ცხელი მაყუჩის მილზე ხელის შეხებით. სხვა დაზიანებები მას არა აქვს და ასეთ ძალადობას დაზარალებულიც უარყოფს. რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის საქართველოს სსკ-ის მე-19-143-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და სასამართლო გამოძიებით მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია და სასჯელიც სწორად აქვთ შეფარდებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და ბ.ხ-ის, შ.მ-ის, ე.შ-სა და გ.შ-ის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის მე-19-143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.

სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებისათვის სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და მიიჩნია, რომ დამამძიმებელი გარემოებები განსასჯელთა ქმედებებში არ მოიპოვება.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ განსასჯელები პირველად არიან სამართალში, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდებიან დადებითად, დაზარალებული მათ შეურიგდა და არ ითხოვს მათ დასჯას.

ამდენად, პალატა თვლის, რომ ბ.ხ-ის, შ.მ-ის, ე. შ-სა და გ.შ-ს მიმართ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 6 მაისის განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 6 მაისის განაჩენი ბ. ხ-ის, შ. მ-ის, ე. შ-სა და გ. შ-ის მიმართ დატოვებულ იქნეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.