საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 157-კოლ 12 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 15 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით:
ზ. ც-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით და შეეფარდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ზ. ც-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2002 წ. 28 აგვისტოს, დაახლოებით 21.30 საათზე, ყვარლის რაიონის სოფ. --- მცხოვრები, ნასვამი ა. ვ-ლი თავისი კუთვნილი “მოსკვიჩის” მოდელის ავტომანქანით, ასევე, ნასვამ თავის მამიდაშვილთან, ქ. ახმეტაში, --- მცხოვრებ გ. გ-სთან, თავისი მეუღლის ძმასთან, ყვარლის რაიონის სოფ. -- მცხოვრებ პ. მ-თან და მის მეგობართან, იმავე სოფელში მცხოვრებ ი. კ-თან ერთად ყვარლის რაიონის სოფ. -- მოძრაობდა სოფ. -- მიმართულებით. ამ დროს გაუთავდა ბენზინი. ა/მანქანიდან ამოიღო ბიდონი და გაემართა საწვავით მოვაჭრე გ. ც-ის საცხოვრებელი სახლისაკენ. ა. ვ-ლი მივიდა გ. ც-ის სახლთან და დაუძახა მის უფროს ვაჟს _ ა. ც-ლს, რომელიც იყო მთვრალი და სთხოვა, მიეყიდა ბენზინი, რაზედაც ა. ც-მა უარი უთხრა. ა. ვ-მა დაჟინებით მოსთხოვა ბენზინი. ა. ც-მა კვლავ უარი უთხრა, რის გამოც მათი საუბარი კამათში გადაიზარდა. ხმაურზე სახლიდან გამოვიდნენ ა. ც-ის მშობლები _ გ. და ზ. ც-ები, ასევე შეგროვდნენ მეზობლები. ა. ც-ის პასუხით უკმაყოფილო ა. ვ-მა ცაცაშვილებს შეაგინა. შეგინებისთანავე ა. ც-მა ხელი გაარტყა ა. ვ-ლს და დაიწყეს ჩხუბი, რა დროსაც ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიიღეს გ. გ-ემ, გ. და ზ. ც-ებმა. ხმაურზე შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის მუშაკებმა და მეზობლებმა სახლში შეიყვანეს მოჩხუბარი ც-ები და შეეცადნენ მათ დაწყნარებას. ჩხუბის ხმაზე ეზოში შესულმა ზ. ც-მა შეამჩნია, რომ მის ძმას _ გ. ც-ლს შუბლის არეში მიყენებული ჰქონდა დაზიანება და მოსდიოდა სისხლი, რის გამოც განიზრახა, შური ეძია ა. ვ-სა და მასთან მყოფ გ. გ-ზე და მოეკლა ისინი. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან სახლიდან აიღო დანა, გამოვიდა ეზოდან, შეუმჩნევლად მიუახლოვდა ჯერ კიდევ შემთხვევის ადგილზე მყოფ გ. გ-ეს და შურისძიების მოტივითა და მისი განზრახ მოკვლის მიზნით დანა ჩაარტყა მას კისრის მარჯვენა გვერდითი ზედაპირის შუა მესამედში, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება, 4X1,5 სმ. ზომის სწორკიდეებიანი, მკერდ-ლავიწ-დვრილისებური კუნთის 3 სმ. სიღრმისა და ზედა ღრუ ვენის წინა გარეთა კედელზე 0,7X0,2 სმ. ზომის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით. აღნიშნულის შემდეგ ზ. ც-ლი მიუახლოვდა ა. ვ-ლს და ასევე შურისძიების მოტივითა და განზრახ მოკვლის მიზნით დაარტყა დანა და ამ უკანასკნელს კისრის მარცხენა მხარეს, უკანა ზედაპირზე, მიაყენა 3X1 სმ. ზომის ნაკვეთი ჭრილობა, რამაც გამოიწვია ა. ვ-ის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ზ. ც-ლს ეგონა რა, რომ სისრულეში მოიყვანა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა, გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და შევიდა თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, რათა იქ მყოფ ხალხსა და პოლიციის თანამშრომლებს არ გაეგოთ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
გ. გ-ძე პოლიციის მუშაკებმა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით წაიყვანეს თელავის რაიონულ საავადმყოფოში, მაგრამ მიღებული დაზიანებით განვითარებული მწვავე ზოგადი სისხლნაკლულობის შედეგად, დაზიანების მიღებიდან ხანმოკლე დროში, იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ა. ვ-ლი გადაყვანილ იქნა ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად სიკვდილს გადარჩა. ზ. ც-მა, მიუხედავად თავისი დანაშაულებრივი ქმედებისა, განზრახვა ბოლომდე სისრულეში ვერ მოიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად მოხერხდა ა. ვ-ის გადარჩენა.
მსჯავრდებული ზ. ც-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ. ც-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ზ. ც-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნბის თაობაზე.
პროკურორმა კ. მ-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
სასამართლო კოლეგიამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს და დაადგინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენი, რომლის გაუქმების კანონიერი საფუძველი პალატას არ გააჩნია.
პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მოსაზრება მტკიცებულებათა უკმარისობის თაობაზე. სასამართლო კოლეგიას საკმაო მტკიცებულება გააჩნდა ზ. ც-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ც-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულების: ა. ვ-ის, მ. გ-ის, მოწმეების: გ. წ-ის, ვ. გ-ის, რ. ჭ-ის, პ. ბ-სა და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, საქმეზე ამოღებული ნივთმტკიცებებითა და სხვა მტკიცებულებებით.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. ც-სა და ადვოკატ ნ. ი-ას მოთხოვნას საქმის ხელახლა განსახილველად სასამართლოსათვის დაბრუნების შესახებ იმ მოტივით, რომ თითქოს განაჩენი არის უკანონო, არაობიექტური, წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია კანონის უხეში დარღვევებით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ. ც-ის ქმედებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს (შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია) და სასჯელის ზომად სწორად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 15 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ც-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.