საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 241-აპ 30 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე ტ.ნ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 13 აპრილის განაჩენზე გ. ჩ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წ. 9 თებერვლის განაჩენით გ. ჩ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლითთავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 13 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წ. 9 თებერვლის განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ გ. ჩ-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, მისი ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
განაჩენით გ.ჩ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წ. 26 ივლისს გ. ჩ-ემ ქ.ბათუმში, --- ქუჩაზე, დროებითი სარგებლობის მიზნით, მობილური ტელეფონი გამოართვა ნაცნობ ვ. დ-ეს. შემდეგ სთხოვა სამი დღით ეთხოვებინა და როცა პატრონისგან უარი მიიღო, ტელეფონი გაიტაცა და გამოძიებით დაუდგენელ თანმხლებ პირთან ერთად გაიქცა. მას დაედევნენ ვ.დ-ძე და მისი მეგობარი კ. ტ-ძე. ეს უკანასკნელი წამოეწია და შეეცადა მის დაკავებას, მაგრამ გ.ჩ-ემ ჯიბიდან ამოიღო საკეცი დანა, იქნევდა მას და კ.ტყაბლაძეს აფრთხილებდა, არ მისულიყო მასთან ახლოს. ამ დროს დანა კ.ტ-ეს მოხვდა მკერდის არეში, რითაც მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება.
ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე ტ.ნ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გ.ჩ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადააკვალიფიცირა გ.ჩ-ის ქმედება ყაჩაღობიდან ძარცვაზე, რადგან მან სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, განახორციელა თავდასხმა, რომელიც დაკავშირებული იყო დაზარალებულის ჯანმრთელობის საშიშ ხელყოფასთან.
პროკურორი ნ.ნ-ძე მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ გ.ჩ-ის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ყაჩაღობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ.ჩ-ეს ვ.დ-ისთვის მობილური ტელეფონი ყაჩაღობის გზით არ წაურთმევია, მან კ.ტ-ეს დაზიანება მიაყენა მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად დაეუფლა ტელეფონს და ჩაიდო ჯიბეში, მის მიერ დანის გამოყენება მიზნად ისახავდა დადევნებული პირებისგან თავის დახსნას. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ გ.ჩ-ძემ ვ.დ-ის კუთვნილი ტელეფონი გაიტაცა თანმხლებ პირთან ერთად.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და მისი ქმედება სწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.
სააპელაციო სასამართლომ გ.ჩ-ისთვის სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებული პირველადაა სამართალში, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზარალი, არ ითხოვს მის დასჯას და გ.ჩ-ეს სასჯელის ზომად განუსაზღვარა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საკასაციო პალატას სამართლიანად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გ.ჩ-ის მიმართ აჭარის ა/რ უმაღლესისასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 13 აპრილის განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 13 აპრილის განაჩენი გ. ჩ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.