განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 18.01.2005
საქმის ნომერი
2კ-434აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 434-აპ 18 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ დ. ჩ-სა და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წ. 15 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 11 ოქტომბრის განაჩენში ზ. ა-ის მიმართ, კერძოდ, განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ზ. ა-ის საქართველოს სსკ-ის236-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდების შესახებ. იგი ამ ნაწილში გამართლდა. განაჩენიდან ასევე ამოირიცხა 30 ცალი საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ეპიზოდი. იგი ამ ნაწილშიც გამართლდა.

ზ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა ერთი წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წ. 9 იანვრიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ზ. ა-ეს მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლო იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის, კერძოდ, მან გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი _ “კალაშნიკოვის” კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, თერჯოლის რაიონის სოფ. ---ში, საიდანაც 2004 წ. 9 იანვარს ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზ. ა-ეს ბრალი დაედო ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და 30 ცალი საბრძოლო მასალის ტარებისათვის (სააპელაციო სასამართლომ ზ. ა-ძე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების ეპიზოდში გაამართლა).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დ. ჩ-ძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, იგი მიუთითებს, რომ განაჩენი უკანონოა როგორც სასჯელის დანიშვნის ნაწილში (მეტისმეტი სიმსუბუქის გამო), ისე სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების (ტარება) ამორიცხვის ნაწილშიც. ასევე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: საქმეში არსებული მტკიცებულებებით _ ჩხრეკის ოქმით, ნივთმტკიცების ამოღებისა და დათვალიერების ოქმით, მოწმეების _ ზ. გ-ის, ვ. ზ-ის, ა. კ-ს, ნ. ქ-ის ჩვენებებით, სპეციალისტ მ. ხ-ის ჩვენებით უტყუარადაა დადასტურებეული, რომ ზ. ა-ძე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს.

პროკურორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ, მართალია, მსჯავრდებულს წარსულში ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, მაგრამ სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა მიეღო ქმედების სოციალური საშიშროება, ბრალის ფორმა, დამნაშავის პიროვნება, მისი ინდივიდუალური თვისებები და თავისებურებები, მორალური სახე, ამჟამინდელი საქმიანობა და უნდა დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლომ კი არ გაითვალისწინა განსასჯელის პიროვნება, რომ იგი ამჟამადაც კრიმინალური სამყაროს აქტიური წარმომადგენელია, საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის მატარებელი მისი უარყოფითი მახასიათებლები, ახალი დანაშაულის ჩადენისაკენ მისწრაფება და გამოსწორების საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბებული მყარი ჩვენებები. ასეთ ვითარებაში თუნდაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელიც კი აშკარად ლმობიერია (საჩივრის სტილი დაცულია).

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. მ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას ზ. ა-ის სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში და მის გამართლებას, იგი მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: განაჩენი ემყარება საპროცესო კანონის უხეში დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, უხეშად დაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნა ჩხრეკის გადაწყვეტილების მიღებისა და მისი ჩატარების დროს, რის გამოც ჩხრეკის ოქმი ცნობილ უნდა ყოფილიყო დაუშვებელ მტკიცებულებად, რაც საქმეზე გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი იყო.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა პროკურორ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

ადვოკატებმა _ ი. მ-ემ და ლ. ა-მა ვრცლად მიმოიხილეს საქმეში არსებული მასალები და აღნიშნეს, რომ ჩხრეკის წარმოებისას უხეშადდაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნები. მათ იშუამდგომლეს ზ. ა-ის მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ განაჩენი ზ. ა-ს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ეპიზოდში ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას, სხვა ნაწილში კი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გაამართლა ზ. ა-ძე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ეპიზოდში, რადგან საქმეში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება იმის თაობაზე (პირდაპირი ან ირიბი), რომ მსჯავრდებული ზ. ა-ძე ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. ამის თაობაზე არც პროკურორის საჩივარშია მითითებული და ვერც საკასაციო წესით საქმის განხილვისას მიუთითა პროცესში მონაწილე პროკურორმა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მხოლოდ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ ნაწილით მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა მოპოვებული არავითარი მტკიცებულება ზ. ა-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების თაობაზე, მას წარედგინა სსკ-ის 236-ე მუხლის როგორც პირველი, ასევე მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებაც.

საპელაციო სასამართლომ სავსებით კანონიერად გაამართლა ზ. ა-ე 30 ცალი საბრძოლო მასალის შენახვა-ტარების ნაწილში, რადგან ჩხრეკის ოქმში არ ყოფილა მითითებული ვაზნების ამოღების თაობაზე და ამოღებული ვაზნები სასამართლომ არცნო კანონიერად მოპოვებულად.

პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია მსჯავრდებულ ზ. ა-ის პიროვნება, რაზედაც პროკურორის საკასაციო საჩივარშია მითითებული, სადაც აღნიშნულია, რომ იგი ამჟამად კრიმინალური სამყაროს აქტიური წარმომადგენელი და საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის მატარებელია, მისი უარყოფითი მახასიათებლებია ახალი დანაშაულის ჩადენისაკენმისწრაფება და გამოსწორების საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბებული მყარი ჩვევები. პალატა თვლის, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარში მითითებული ეს გარემოებები სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ დეტალურად უნდა გამოიკვლიოს მსჯავრდებულის პიროვნება და თუკი დადასტურდება პროკურორის საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, შეუძლია გაამკაცროს სასჯელის ზომა.

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ, რადგან საქმის ხელახალი განხილვისას უნდა შემოწმდეს ზ. ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის წარმოების კანონიერება და მოხდეს შეფასება. ამ ეტაპზე კი საქმის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წ. 15 დეკემბრის განაჩენი ზ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება _ ზ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.