საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 481-აპ 3 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ისა და ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ტ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 10 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა ქარელის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 6 დეკემბრის განაჩენი მ. მ-სა და მ. კა-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქარელის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 6 დეკემბრის განაჩენით მიესაჯათ: მ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 10 აგვისტოს განაჩენით მ. მ-ძეს სასჯელი შეუმცირდა 9 წლამდე. ამავე განაჩენით მ. კ-კი გამართლდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 375-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 4 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
განაჩენით მ. მ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან 2002 წ. 18 ივნისს სხვა პირებთან ერთად, სიცოცხლისათვის საშიში მუქარითა და ძალადობით, დანის გამოყენებით დაზარალებულ ჯ. ს-სა და ნ. რ-ლს გასტაცა 6500 აშშ დოლარად ღირებული მიკროავტობუსი “მერსედეს-ბენცი”. მ. კ-კს კი მსჯავრი დაედო ამ დანაშაულის დაფარვისათვის.
საკასაციო საჩივრით ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ. ტ-ძე ითხოვს მ. კ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ განხილვას. პროკურორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაამართლა მ. კ-კი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. მ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა არ ჩაუდენია და დაზარალებულისათვის მიკროავტობუსის გატაცებაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია. საჩივარში მიუთითებს იმასაც, რომ პალატამ გაითვალისწინოს მისი ოჯახური მდგომარეობა, რომ კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, თვითონ დაავადებულია ტუბერკულოზით და ა.შ.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა პ. მ-ემ მხარი დაუჭირა პროკურორ მ. ტ-ის საკასაციო საჩივარს მ. კ-ის მიმართ განაჩენის გაუქმების შესახებ და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. რაც შეეხება მ. მ-ის მიმართ დადგენილ განაჩენს, იგი მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
პალატის სხდომაზე მ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ამ მ. კ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება. მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ხ-ლმა მოითხოვა მ. მ-ის გამართლება სსკ-ის 179-ე მუხლისმე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, მსჯავრდებულის ქმედების სსკ-ის 375-ე მუხლით დაკვალიფიცირება და სასჯელის შემცირება ფაქტობრივად მოხდილამდე. მსჯავრდებული მ. მ-ძე დაეთანხმა თავისი ადვოკატის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ ყაჩაღობა არ ჩაუდენია და დაზარალებულისათვის მიკროავტობუსის გატაცებაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ მ. მ-ის საკასაციო საჩივრის მოტივებს, რომ თითქოს მას ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია და უკანონოდ არის მსჯავრდებული.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის, დაზარალებულების _ ჯ. ს-ისა და ნ. რ-ს ჩვენებებით, მათი ამოცნობის ოქმებით, ამავე საქმეზე მსჯავრდებულ მ. კ-ის განმარტებებით პალატას მსჯავრდებულ მ. მ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულად მიაჩნია და თვლის, რომ მის ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. რაც შეეხება სასჯელის ზომას, პალატა თვლის, რომ მ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელი _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა _ არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ იგი წარსულში ნასამართლევია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყაჩაღობისათვის, რომელიც გაქარწყლებული არა აქვს.
პალატა ასევე არ იზიარებს პროკურორ მ. ტ-ის საკასაციო საჩივარს მსჯავრდებულ მ. კ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელმეორედ განხილვის შესახებ. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სასამართლო გამოძიებით ვერ მოიპოვა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მ. კ-ის მონაწილეობას ყაჩაღურ თავდასხმაში. ამიტომ მისი ქმედება სავსებით სწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის 375-ე მუხლით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 10 აგვისტოს განაჩენი მ. მ-სა და მ. კ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 10 აგვისტოს განაჩენი მ. მ-სა და მ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.