განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 11I 7 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა პროკურორ მ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. წ-რს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში, კერძოდ იმაში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პიროვნების მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 20 ივლისს, საღამოს, გ. წ-რი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. --- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქუჩაში, კონფლიქტი მოუხდა თანასოფლელ დ. დ-თან, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გაიქცა თავისი ბებიის _ ლ. დ-ის სახლისაკენ. გ. წ-რი საქმის გასარკვევად გაეკიდა. მათ სახლთან მიახლოებულ გ. წ-რს შეხვდა დ. დ-ის დედა ლე. დიდებაშვილი, რომელიც შვილს გამოესარჩლა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ. წ-მა დედა-შვილ ლ. და ლე. დ-ებს ლანძღვა-გინება დაუწყო, ამავე დროს ხელით და ფეხით სცემდა ლე. დ-ლს. გ. წ-რი ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდა დიდებაშვილების ოჯახისა და ჩხუბის ხმაზე იქ შეკრებილი საზოგადოების მიმართ, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ამავდროულად გ. წ-რი აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდა ხულიგნობის აღმკვეთი პირების: ც. ჩ-ის, ნ. ი-ის, დ. ბ-სა და სხვათა მიმართ, რაც გრძელდებოდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. იქ შეგროვილი იყო დაახლოებით 60 ადამიანი. გ. წ-ის ხულიგნური ქმედება აღკვეთეს ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა.
აღნიშნული ბრალდების საქმე განიხილა დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ და სასამართლო გამოძიების სტადიიდან, დაზარალებულის შუამდგომლობის საფუძველზე, გ. წ-სათვის უფრო მძიმე ბრალდების წაყენების მოთხოვნით, სისხლის სამართლის საქმე გ. წ-ის მიმართ 2004წ. 18 აგვისტოს დადგენილებით დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა დედოფლისწყაროს რაიონულ პროკურატურას.
დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა განსასჯელმა გ. წ-მა.
კერძო სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს დადგენილების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელმეორედ განსახილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა ბრალდებულ გ. წ-ის საჩივარი და 2004წ. 24 დეკემბრის განჩინებით გააუქმა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 აგვისტოს დადგენილება, ხოლო მისი ბრალდების საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე პროკურორმა მ. ფ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ამ განჩინების გაუქმებასა და გ. წ-ის ბრალდების საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
პალატის სხდომაზე განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა დ. მ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
დაზარალებულმა ლე. დ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
ბრალდებულმა გ. წ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ლ. ჭ-მა მხარი არ დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვეს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები გ. წ-ის ბრალდების თაობაზე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების თაობაზე არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს გ. წ-ის ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნებისათვის. სააპელაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს, რომ რაიონულმა სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა კომისიური ექსპერტიზის დასკვნას ორ საწინააღმდეგო დასკვნასთან შედარებით; არ გამოიკვლია ის საკითხი, თუ რატომ არსებობდა წინააღმდეგობები სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნებს შორის და ისე მიიღო გადაწყვეტილება საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ წარმოშვა სერიოზული საფუძველი ეჭვისათვის _ ხომ არ ჰქონდა ჩადენილი უფრო მძიმე დანაშაული მ. წ-რს, ხოლო ასეთი ეჭვის არსებობისას, როცა ბრალდების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი შუამდგომლობს ბრალდების დამძიმების შესახებ, გამართლებული და მიზანშეწონილია, საქმე დაბრუნდეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილი არ არის, დაამძიმოს ბრალდება. აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლო გამოძიების შემდგომი წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში მიიღებდა ფორმალურ ხასიათს და არ იყო გამორიცხული, დამთავრებულიყო იმავე შედეგით, რაც მოჰყვა მხარის მიერ აღძრული შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
ასეთ პირობებში პალატა ეთანხმება კასატორის მიერ გ. წ-ის ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების სასარგებლოდ კერძო საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს. განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ. წ-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორ მ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბერს გამოტანილი განჩინება გ. წ-ის ბრალდების საქმის ხელახლა განსახილველად დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოსათვის დაბრუნების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ. წ-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.