საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 04.10.2005
საქმის ნომერი
2კ-34-I-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 341 4 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა მარნეულის რაიონული პროკურორის თანაშემწის ს. ფ-სა და განსასჯელ ა. ნ-ის დამცველის, ადვოკატ ჯ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 აპრილის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით ა. ნ-ლი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 5 თებერვალს ქ. მარნეულში პოლიციის მუშაკებმა პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს ა. ნ-ვს, რა დროსაც მას აღმოაჩნდა და ჩამოერთვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “---”, წონით 1,16 გრამი, რომელიც მან შეიძინა უკანონოდ და რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

ა. ნ-ის ბრალდების საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას. აღნიშნული საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, 2005წ. 27 აპრილს სასამართლო კოლეგიამ გამოიტანა განჩინება, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე განსასჯელ ა. ნამაზოვის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა მარნეულის რაიონულ პროკურატურას, ვინაიდან მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოებული გამოძიება არსებითად არასრულია და იგი არ შეიძლება შეივსოს სასამართლო გამოძიებით.

სასამართლო კოლეგიამ წინასწარი და სასამართლო გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები არ მიიჩნია საკმარისად საქმეზე კანონიერი და დასაბუთებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, რის გამოც მიზანშეწონილად და საჭიროდ ჩათვალა მთელი რიგი არსებითი გარემოებების გამორკვევა და დადგენა დამატებითი გამოძიების მეშვეობით, რომლებსაც განსაზღვრული მნიშვნელობა აქვთ იმ საკითხის უტყუარად გადაწყვეტისათვის, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა ა. ნ-მა საბრალდებო დასკვნით მისთვის შერაცხული ქმედება. თავის განჩინებაში სასამართლომ კონკრეტულად მიუთითა იმ საგამოძიებო მოქმედებებსა და სხვა საპროცესო ღონისძიებებზე, რომლებიც უნდა ჩატარდეს ზემოხსენებული გარემოებების დასადგენად.

განჩინებაზე ერთ-ერთმა მოსამართლემ დაწერა მოკლე განსხვავებული აზრი, რომლითაც ის მიიჩნევს, რომ სასამართლო გამოძიებით ა. ნ-ს ბრალი საკმარისად იყო დადასტურებული, ამიტომ მის მიმართ უნდა დადგენილიყო გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა განსხვავებული აზრის ავტორს რაიმე დასაბუთებულ არგუმენტებზე არ მიუთითებია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 27 აპრილის განჩინების თაობაზე მარნეულის რაიონული პროკურორის თანაშემწემ ც. ფ-ემ და განსასჯელ ა. ნ-ის დამცველმა, ადვოკატმა ჯ. მ-მა კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ისინი ითხოვენ აღნიშნული სასამართლო განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად განსჯადობის მიხედვით.

პალატის სხდომაზე განხილვისას განსასჯელმა ა. ნ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა მხარი დაუჭირეს ადვოკატ ჯ. მ-ის მიერ შეტანილ კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ქ-მა მხარი დაუჭირა მარნეულის რაიონული პროკურორის ც. ფ-ის მიერ შეტანილ კერძო საკასაციო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 27 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ა. ნ-ის ბრალდების საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხილს სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას საფუძვლიანად და დასაბუთებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინება საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების თაობაზე, ვინაიდან განჩინებაში მითითებულია მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომელთა გასარკვევად აუცილებელია დამატებითი მოწმეების დადგენა, მათი დაკითხვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში _ ბრალდების მოწმეებთან დაპირისპირება, რასაც ითხოვს დაცვის მხარე და რაც მის კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს, მაგრამ რისი განხორციელებაც სასამართლო განხილვის მეშვეობით ვერ მოხერხდება. ასევე დასაზუსტებელია ა. ნ-ის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები, დაკავების პერიოდში მისი რეალური ადგილსამყოფელი. პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე ა. ნ-ის დაკავების ოქმში არსებულ წინააღმდეგობებზე. გარდა ამისა, საქმეში არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ა. ნ-ვი ეჭვმიტანილის სახით დაიკითხა მაშინ, როცა მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მინიჭებული ასეთი სამართლებრივი სტატუსი.

პალატა ვერ გაიზიარებს კოლეგიის იმ მოსამართლის მოსაზრებას, რომელმაც განსხვავებული აზრი დაწერა, რადგან მასში მითითებულია, რომ სასამართლო გამოძიებით ა. ნ-ის ბრალეულობა საკმარისად იქნა დადასტურებული, მაშინ, როდესაც საქმის სასამართლო განხილვის დროს სამსჯავრო სხდომაზე ბრალდების მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები ერთობ წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა, რაც მათ რეალურობას ეჭვქვეშ აყენებს.

პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კერძო საკასაციო საჩივრების ავტორების პოზიციებს, რომლითაც ისინი ითხოვენ საქმის სასამართლოში დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის, რადგან მათი დასაბუთებები და მოთხოვნა, მტკიცებულებათა თვალსაზრისით, იმ წინააღმდეგობების გამო, რაც საქმის მასალებშია, მოკლებულია დასაბუთებულ საფუძველსა და დამაჯერებლობას, რის გამოც პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 27 აპრილის განჩინება ა. ნ-ის ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მარნეულის რაიონული პროკურორის თანაშემწის ს. ფ-სა და ბრალდებულ ა. ნ-ის დამცველის, ადვოკატ ჯ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 აპრილის განჩინება ა. ნ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების თაობაზე დარჩეს უცვლელად.

ა. ნ-ის ბრალდების საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, გადაეგზავნოს მარნეულის რაიონულ პროკურატურას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.