საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 14.07.2005
საქმის ნომერი
2კ-35-I-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 35-I 14 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა მარნეულის რაიონული პროკურორის _ ი. ლ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 26 აპრილის განჩინებაზე რ. ხ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 26 აპრილის განჩინებით სისხლის სამართლის საქმე რ. ხ-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა მარნეულის რაიონულ პროკურატურას.

საბრალდებო დასკვნით რ. ხ-ს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004წ. 8 იანვარს რ. ხ-ვს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მას შარვლის ჯიბეში აღმოაჩნდა უკანონოდ შეძენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის _ 2,555 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---”.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ წინასწარი გამოძიება საქმეზე ჩატარებულია არასრულად და იგი არ შეიძლება შეივსოს სასამართლო გამოძიებით, რომელთაგანაც დამატებითი გამოძიების დროს უნდა შესრულდეს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები:

უნდა დადგინდეს ვინმე “დ. გ-სა” და ”---ის” პიროვნებები, რომლებიც, განსასჯელ რ. ხ-ის განმარტებით, პირველი ესწრებოდა მის დაკავებასა და ჩხრეკას, ხოლო მეორისგან კი შეიძინა ნარკოტიკული საშუალება;

დამატებითი გამოძიების დროს უნდა დაიკითხოს თარჯიმანი საქინა ნაგიევა, რომელიც, როგორც თარჯიმანი, ესწრებოდა ჩხრეკას. უნდა გაირკვეს, ფლობს თუ არა იგი ქართულ ენას, რასაც საეჭვოდ ხდის რ. ხ-ის ადვოკატი და ა. შ.

საკასაციო საჩივრით მარნეულის რაიონული პროკურორი ი. ლ-ლი ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას და საქმის არსებითად განხილვისათვის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში დაბრუნებას. პროკურორს მიაჩნია, რომ განჩინებაში მითითებული საკითხების შემოწმება არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს და, ამდენად, არ არსებობს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი.

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა პ. მ-ემ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

განსასჯელის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მა მოითხოვა სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და თვლის, რომ წინასწარი გამოძიება რ. ხ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებითად არასრულია და პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩატარებული სასამართლო გამოძიებით ვერ შეძლო მისი შევსება. პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს სრულყოფილად და ყოველმხრივ უნდა შემოწმდეს სასამართლოს განჩინებაში მითითებული გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 26 აპრილის განჩინება, რომლითაც რ. ხ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა მარნეულის რაიონულ პროკურატურას, უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 26 აპრილის განჩინება, რომლითაც რ. ხ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა მარნეულის რაიონულ პროკურატურას, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.