განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 26.04.2005
საქმის ნომერი
2კ-51კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.04.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 51-კოლ 26 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე,მ. გოგელია

განიხილა პროკურორ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 იანვრის განაჩენზე, რომლითაც:

ვ. ზ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილით, რომელთა ერთობლიობით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით. აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 19 ივლისიდან.

მ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:

2002წ. ივლისის დასაწყისში ვ. ზ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა მ. გ-ეს. მათ მოილაპარაკეს, რომ ვ. ზ-ძე იშოვიდა საქართველოს ეროვნული ვალუტის ყალბ მონეტებს, რომელთა რეალიზაციას მოახდენდა მ. გ-ძე, ხოლო აღებულ თანხას გაინაწილებდნენ.

ვ. ზ-ემ საკუთარ სახლში თაბაშირის გამოყენებით დაამზადა ეროვნული ვალუტის 50 და 20-თეთრიანი მონეტების ყალბი საბეჭდი ფორმები, რომლებშიც გამდნარი ტყვიის გამოყენებით ჩამოასხა 406 ცალი ყალბი 50-თეთრიანი, 203 ლარის ნომინალური ღირებულების და 20 ცალი ყალბი 20- თეთრიანი, 4 ლარის ნომინალური ღირებულების მონეტა და 2002წ. 13 ივლისს სარეალიზაციოდ გადასცა მ. გ-ეს, რა დროსაც ისინი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნ. ც-ლი მოითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. იგი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებული სასჯელი არის უსამართლო, როგორც მეტისმეტად მსუბუქი.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ა. ს-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ, რადგან მსჯავრდებული ვ. ზ-ძე განაჩენის გამოტანის შემდეგ გარდაიცვალა, ამიტომ მის მიმართ განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას, რადგან მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის მსუბუქი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი ვ. ზ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე შეწყდეს მისი გარდაცვალების გამო; მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა გადაეცეს სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შ. კ-ის 2005წ. 28 მარტის წერილში მითითებულია, რომ მსჯავრდებული ვ. ზ-ძე 2004წ. 4 მარტს გადაყვანილი იყო პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანეს ქალაქის ¹1 საავადმყოფოში მწვავე სისხლდენით, სადაც 2004წ. 6 მარტს გარდაიცვალა. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული გარდაიცვალა, საქმე უნდა შეწყდეს ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე. ამდენად, მსჯავრდებულ ვ. ზ-ის მიმართ ზემოაღნიშნული საფუძვლით განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენი გასაუქმებულია ყველა შემთხვევაში, თუ საქმეში არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი. მოცემულ საქმეში, მართალია, არსებობს სხდომის მდივნის მიერ შედგენილი ოქმი, მაგრამ იგი არ არის სხდომის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ საქმეში არ არის სათანადოდ გაფორმებული სასამართლო სხდომის ოქმი. აღნიშნული კი განაჩენის გაუქმების საფუძველია.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები, უნდა შეისწავლოს მსჯავრდებულ მ. გ-ის პიროვნული მონაცემები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის გამკაცრების საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, 563-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ. ზ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის მეექვსე ნაწილითა და ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე. იგივე განაჩენი მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე მის ნაწილში ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.