საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.04.2005
საქმის ნომერი
2კ-113აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 113-აპ 26 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის განაჩენზე, რომლითაც თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ოქტომბრის განაჩენში ზ. ა-ის მიმართ შევიდა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ოქტომბრის განაჩენით ზ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ოქტომბრის განაჩენში ზ. ა-ის მიმართ, კერძოდ, განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ზ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდების შესახებ. იგი ამ ნაწილში გამართლდა. განაჩენიდან ასევე ამოირიცხა 30 ცალი საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ეპიზოდი. იგი ამ ნაწილშიც გამართლდა. ზ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ზ. ა-ეს მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლო იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, კერძოდ, მან გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი _ “კალაშნიკოვის” კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, თერჯოლის რაიონის სოფ. ---, საიდანაც 2004წ. 9 იანვარს ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 18 იანვრის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 დეკემბრის განაჩენი ზ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში გაუქმდა, როგორც აშკარად ლმობიერი და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის განაჩენით ზ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებულ ზ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. მ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის განაჩენის გაუქმებასა და ზ. ა-ის გამართლებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ზ. ა-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ი. მ-ემ და ლ. ა-მა ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პროკურორმა მ. ჯ-ემ კანონიერად მიიჩნია დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, საქმეზე დადგენილია კანონიერი განაჩენი, რომლის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება.

საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზ. ა-ეს დანაშაული არ ჩაუდენია; რომ თითქოს როგორც ჩხრეკის, ასევე ზ. ა-ის დაკავებისას დაირღვა საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებები, სრულიად უსაფუძვლოა.

საქმეში არსებული ჩხრეკის ოქმით, რომლის ჩატარება და ჩხრეკის შედეგად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 იანვრის დადგენილებით ცნობილ იქნა კანონიერად, დადგენილია, რომ 2004წ. 9 იანვარს თერჯოლის რაიონის სოფ. ---ში გაიჩხრიკა მსჯავრდებულ ზ. ა-ის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც საძინებელ ოთახში არსებული კარადის ქვეშ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რაც დაილუქა დამსწრეთა მონაწილეობით.

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ზ. ა-ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ამოღებული თითის კვალი წარმოადგენს ზ. ა-ის მარჯვენა ხელის დიდი თითის კვალს.

ზ. ა-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა ისეთი მტკიცებულებებითაც, როგორიცაა: ბალისტიკური, სასამართლო-კომისიური ექსპერტიზების დასკვნები, მოწმეების _ ვ. ზ-ის, ზ. გ-ის, ა. კ-ის, ნ. ქ-ის ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005წ. 16 მარტს მსჯავრდებულ ზ. ა-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის კანონიერი და სასჯელის ზომაც სამართლიანად აქვს განსაზღვრული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის განაჩენი ზ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.