დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 119-აპ 7 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ თ. ქ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ფ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 მარტის განაჩენზე, რომლითაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 13 იანვრის განაჩენი თ. ქ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 13 იანვრის განაჩენით თ. ქ-ვა, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით თ. ქ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2003წ. აპრილში თავის საკარმიდამო ნაკვეთში, ბოსტანში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა ორი ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფი”, რაც 2003წ. 25 აგვისტოს ამოიღეს ჯვარის შს ქვეგანყოფილების მუშაკებმა.
მსჯავრდებულ თ. ქ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ფ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ე. ფ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ითხოვა თ. ქ-ას მიმართ სასჯელის შემსუბუქება და შემსუბუქებული სასჯელის გადავადება დედის ავადმყოფობის გამო, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული თ. ქ-ვა.
პროკურორმა ა. ს-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება უდავოდ დადასტურებულია და ამას არც საკასაციო საჩივარი უარყოფს.
პალატა თვლის, რომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის, რომ მსჯავრდებულ თ. ქ-ას სასჯელი შეუმსუბუქდეს, ამიტომ მის მიმართ დადგენილი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული თ. ქ-ს ჰყავს 81 წლის მწოლიარე, მძიმე ავადმყოფი დედა, რომლის ერთადერთი მომვლელიც თვითონაა. ამის გამო პალატა მიზანშეწონილად თვლის, რომ, საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, თ. ქ-ას, დედის მძიმე ავადმყოფობის გამო, განაჩენის აღსრულება გადაევადოს 3 თვით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს სსსკ-ის 609-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენის დამდგენი სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებული თ. ქ-ვა შეიძლება მთლიანად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან ან გაიგზავნოს თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 მარტის განაჩენი თ. ქ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
თ. ქ-ას მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულება, დედის მძიმე ავადმყოფობის გამო, გადავადდეს 3 თვით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.