დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 120-აპ 2 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი
განიხილა დაზარალებულ ვ. ტ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. კ-ვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005წ. 14 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, ”ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, ზ. კ-ას ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
1999წ. 27 მაისს, დაახლოებით 15 საათზე, ზ. კ-მ, თ. შ-სთან წინასწარი შეთანხმებით, განიზრახა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შემდეგ _ გატაცებული საქონლის რეალიზაცია და მიღებული თანხის ურთიერთშორის გაყოფა. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იმავე დღეს, დაახლოებით 19 საათზე, ზ. კ-ვა და თ. შ-ია, ხელკეტებით შეიარაღებულები, სენაკის რაიონის სოფ. --- ტერიტორიაზე დახვდნენ ა. ხ-ას, რომელიც მიერეკებოდა თავის ათ სულ კამეჩს. მათ ძალადობის გამოყენებით, რაც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გაიტაცეს ა. ხ-ას ათი სული კამეჩი, ღირებული 5000 ლარად, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
2000წ. 18 თებერვალს, დაახლოებით 4 საათზე, ზ. კ-ვა იმყოფებოდა რა მიმალვაში და იყო განაწყენებული სენაკის რაიონის სოფ. --- მცხ. ხურციაზე, პირადი მოტივით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც უკანონოდ ატარებდა სათანადო ვაზნებთან ერთად, რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ა. და ლ. ხ-ების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ფასადს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2002წ. ზამთარში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ზ. კ-ას ნადირობისას გაუსკდა თავისი კუთვნილი “ტოზ-24” მოდელის 122 მმ კალიბრიანი ორლულიანი ¹-- თოფის ლულა. ამ დროს იქვე შემოხვდა უცნობი, გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომელმაც ზ. კ-ას შესთავაზა თოფის შეკეთება, რაზედაც იგი დაეთანხმა და თოფი გადასცა. ორი დღის შემდეგ დათქმულ ადგილას ზემოხსენებულმა პირმა ზ. კ-ას გადასცა ლულაგადაჭრილი თოფი და უთხრა, რომ მეტი ამ თოფისაგან არაფერი გამოვიდოდა.
აღნიშნულ ლულაგადაჭრილ თოფს ზ. კ-ვა მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და ინახავდა თავის სახლში. გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად თოფი ამოიღეს სენაკის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების თანამშრომლებმა 2003წ. 11 მარტს. დასკვნის თანახმად, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღს.
2003წ. 2 მარტს, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, ზ. კ-ვა იმყოფებოდა სენაკის რაიონის სოფ. --- მცხოვრები ა. ხ-ას საცხოვრებელ სახლთან. იყო რა მასზე განაწყენებული, ზ. კ-ამ ხელთ არსებული, ორლულიანი “ტოზ-24” მოდელის გადაჭრილი, 12-კალიბრიანი თოფიდან გაისროლა ა. ხურციას საცხოვრებელი სახლის მიმართულებით და დაუზიანა სახლის წინა ფასადის ფანჯრის ჩარჩო და მინა, რომელთა ღირებულება შეადგენს 60 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საბრალდებო დასკვნით დაზარალებულად ცნობილმა პირმა ვ. ტ-ამ და დაზარალებულმა ა. ხ-ამ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ვ. ტ-ვა საჩივრით ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად, რადგან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ზ. კ-ას უსაფუძვლოდ მოუხსნა ბრალდება, რომლის მიხედვით, მან 2002წ. 26 დეკემბერს სხვა პირებთან ერთად მოიპარა მისი კუთვნილი ხუთი სული მსხვილფეხა საქონელი და ამით მიაყენა სამი ათას ხუთასი ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც სააპელაციო სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა.
დაზარალებული ა. ხ-ია საჩივრით ითხოვს ზ. კ-ას მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, რათა ზ. კ-ას წარედგინოს უფრო მძიმე ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის თაობაზე.
პალატის სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულთა მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრების შინაარსი, კასატორთა მოთხოვნები და მათი დასაბუთება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ჯ. კ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და ითხოვა, რომ დაზარალებულ ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად, ვინაიდან, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული საჩივარი დაუშვებელია, ხოლო დაზარალებულ ვ. ტ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. პროკურორის დასკვნით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. კ-ას მიერ უნდა დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობა და საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაზარალებულ ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, როგორც დაუშვებელი საჩივარი, ხოლო დაზარალებულ ვ. ტ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებული ა. ხ-ია თავისი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ზ. კ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, მისთვის განზრახ მკვლელობის მცდელობის თაობაზე უფრო მძიმე ბრალდების წასაყენებლად.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ, პალატაში საჩივრის განხილვის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად სისხლის სამართლის საქმის დაბრუნების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ პროკურორს და ისიც _ საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე. ამრიგად, საპროცესო კანონიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე დაზარალებულ ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი არის დაუშვებელი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი.
რაც შეეხება საბრალდებო დასკვნით საქმეზე დაზარალებულად ცნობილ ვ. ტ-ას საკასაციო საჩივარს, პალატას მიაჩნია: როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს განაჩენებში მართებულად არის აღნიშნული იმის თაობაზე, რომ არ მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობით სარწმუნოდ დადასტურდებოდა ეჭვი, რომ ნამდვილად ზ. კ-ამ ჩაიდინა მისი კუთვნილი ხუთი სული მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობა, ხოლო საპროცესო კანონის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონიერი გზით მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულისა და განსასჯელის სასარგებლოდ. ის მტკიცებულებები, რომლებზეც მიუთითებს თვით მომჩივანი ვ. ტ-ვა, არ არის უტყუარი საიმისოდ, რათა ბრალდება წარედგინოს ზ. კ-ას და ეს ბრალდება საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005წ. 14 თებერვალს მსჯავრდებულ ზ. კ-ას მიმართ გამოტანილი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაზარალებულ ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
ვ. ტ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. კ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.