საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 07.04.2005
საქმის ნომერი
2კ-123დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 123-დად 7 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა ქ. ს-ის კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს Mმოსამართლის 2005წ. 30 მარტის ბრძანებაზე, რომლითაც ყადაღა დაედო მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების 62/478-ს, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ---

აღწერილობითი ნაწილი:

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღძრულია ი. ქ-ას განზრახ მკვლელობისა და გ. ქ-ას, გ. ნ-ის, ასევე გ. კ-ის დაჭრის ფაქტზე, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს 1960წ. სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 ქვეპუნქტით.

1994წ. 24 იანვარს გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება ზ. ნ-ის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს 1960წ. სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 ქვეპუნქტით. მას აღმკვეთ ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება და გამოცხადდა ძებნა.

სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა თ. ქ-ამ 2005წ. 10 მარტს სამოქალაქო სარჩულით მიმართა საგამოძიებო ნაწილს და ბრალდებულ ზ. ნ-ისაგან მოითხოვა ქონებრივი და მორალური ზიანის სახით 500 ათასი ლარის ანაზღაურება, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კი _ ყადაღის დადება ზ. ნ-ისა და მისი მეუღლის _ ქ. სულაძის სახელზე რიცხულ ბინებზე, რომლებიც მდებარეობს თბილისში, --- და --- ქუჩებზე.

გამომძიებლის 2005წ. 11 მარტის დადგენილებით თ. ქ-ვა ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ, ხოლო ბრალდებული ზ. ნ-ძე _ სამოქალაქო მოპასუხედ.

2005წ. 29 მარტს გამომძიებელმა კ. ლ-ემ შუამდგომლობით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და სარჩელის უზრუნველსაყოფად მოითხოვა ყადაღის დადება ბრალდებულ ზ. ნ-სა და მისი მეუღლის ბინებზე.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 2004წ. 30 მარტის ბრძანებით დააკმაყოფილა გამომძიებელ კ. ლ-ს შუამდგომლობა და ყადაღა დაადო ზ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებულ ბინას, რომელიც მდებარეობს თბილისში, --- ამავე ბრძანებით ყადაღა დაედო ბრალდებულის მეუღლის _ ქ. სულაძის სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების ---ს, რომელიც მდებარეობს თბილისში, ---

კერძო საკასაციო საჩივრით ქ. ს-ძე ითხოვს მოსამართლის ბრძანების გაუქმებას მისი უძრავი ქონების ---ზე ყადაღის დადების ნაწილში. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ მითითებული ბინა წარმოადგენს მის საკუთრებას, იგი შეძენილია უშუალოდ მის მიერ მშობლების ნაჩუქარი ფულით და არ წარმოადგენს მეუღლესთან _ ბრალდებულ ზ. ნ-სთან თანაცხოვრების დროს მიღებული შემოსავლით შეძენილ ქონებას. ქ. ს-ეს მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება, ყადაღა დაედო მის სახელზე რეგისტრირებულ ბინაზე.

პალატის სხდომაზე ქ. ს-ემ მოითხოვა თავისი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. ყ-მა კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან მოსამართლის 2005წ. 30 მარტის ბრძანება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საჩივრის მოტივები, რომ ... მდებარე უძრავი ქონების -- შეძენილია უშუალოდ ქ. ს-ის მიერ და არასოდეს ყოფილა მეუღლეთა საერთო საკუთრება, არ წარმოადგენს ამ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან ასეთის დამადასტურებელი მასალები საქმეში არ მოიპოვება.

პალატა თვლის, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 30 მარტის ბრძანება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. ს-ის სახელზე რეგიტრირებულ უძრავი ქონების --ს, მდებარეს თბილისში, ---, კანონიერია. ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 243-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 30 მარტის ბრძანება, რომლითაც ყადაღა დაედო თბილისში, --- მდებარე ქ. ს-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების --ს, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.