საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 185-კოლ 14 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ა. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს-ის და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 8 სექტემბრის განაჩენზე.
სასამართლო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით ა. ო-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 64-65-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
პოლიციის მაიორი _ ა. ო-ლი 1990-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004წ. 11 ივლისიდან 12 ნოემბრამდე იყო გორის შს სამმართველოს ¹-- განყოფილების ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის ინსპექტორი. დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 9 მმ კალიბრის “მაკაროვის” სისტემის უნომრო პისტოლეტი 8 ვაზნით, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. ამით უგულვებელყოფდა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, შეინახოს და გამოიყენოს სამსახურებრივი საშტატო იარაღი. 2004წ. 11 ნოემბერს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ა. ო-ლი შეამოწმეს ნარკოლოგიურ სამსახურში, რა დროსაც ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება _ “მორფინის” მიღების ფაქტი.
ადვოკატი ი. ს-ლი საკასაციო საჩივრით მოითხოვს საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას შემდეგი მოტივებით:
განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და საფუძვლად უდევს ვარაუდი. ჩხრეკის დამსწრეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ ოქმს ხელი მოაწერეს თვით ა. ო-ის თხოვნით. ამასთან, იარაღის ამოღება არ უნახავთ და პოლიციაში მიიყვანეს მოტყუებით. წინასწარი გამოძიებისას დარღვეულია სსსკ-ის 65-67-ე მუხლების მოთხოვნა, რის თაობაზეც იშუამდგომლეს დადგენილების და ჩხრეკის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, მაგრამ სასამართლომ შუამდგომლობა უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა. სსსკ-ის 67-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევით, კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილება გამოიტანა შს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს განყოფილების რიგითმა ინსპექტორმა, რითაც გადაამეტა უფლებამოსილებას. კრიმინალური პოლიციის უფროსმა კი ეს დადგენილება უკანონოდ დაამტკიცა. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილების გამოტანიდან მსჯავრდებული რამდენიმე საათის განმავლობაში არ გაუჩხრეკავთ. მას თან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი რომ ჰქონოდა, თავიდან მოიცილებდა. ა. ო-ლი შემოწმებულ იქნა არა სახელმწიფო ნარკოლოგიურ სამსახურში, არამედ კერო სტრუქტურაში. მსჯავრდებული დააკავა და ეჭვმიტანილის უფლებათა ნუსხა ჩააბარა პოლიციელმა ლ. მ-ემ. შემდეგ კი ეჭვმიტანილად ცნო და დააკავა გამომძიებელმა. სასამართლომ არასწორად გამოიყენა მტკიცებულებად ლ. მ-ის ჩვენება. ა. ო-ის ქმედება არაა მართლსაწინააღმდეგო. “პოლიციის შესახებ” კანონი მიღებულია 1993წ. 27 ივლისს. ა. ო-ლს პირადობის მოწმობა მისცეს ამის შემდეგ და მასში აღნიშნულია იარაღის ტარების უფლების შესახებ.
პროკურორი ზ. ტ-ლი საჩივრით მოითხოვს განაჩენის გაუქმებას და ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსთვის გადაცემას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ლმობიერია და აშკარად არ შეესაბამება ჩადენილის სიმძიმეს.
სასამართლო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ი. ს-მა მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ა. ო-ლი.
სახელმწიფო ბრალმდებელმა პ. მ-ემ მხარი დაუჭირა პროკურორ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარს, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება და საქმის ხელახლა განსახილველად განსჯადობის მიხედვით სასამართლოსათვის გადაცემა.
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზ. ტ-ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას ა. ო-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გამოტანილია 2004წ. 11 ნოემბერს და მას საფუძვლად დაედო მასალები იმის თაობაზე, რომ გორის შს სამმართველოს ¹-- განყოფილების ინსპექტორმა ა. ო-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, მაგრამ ამის მიუხედავად, ა. ო-ლი ჯერ შემოწმებულ იქნა შიდა ქართლის სამხარეო ნარკოლოგიურ სამსახურში, რის შემდეგ პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა შიდა ქართლის შს მთავარ სამმართველოში. სასამართლოში დაკითხვისას გორის შს სამმართველოს ¹1 განყოფილების უფროსმა დ. ბ-ემ აჩვენა, რომ მასთან სამსახურში მივიდა კრიმინალური პოლიციის უფროსი რ. კ-ლი თანამშრომლებთან ერთად. რ. კ-მა ა. ო-ს უთხრა, რომ არსებული ინფორმაციით იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნული ა. ო-მა უარყო, რის შემდეგაც ერთად წავიდნენ ნარკოლოგიურ ცენტრში. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ჩხრეკის დამსწრეებმა _ ჯ. პ-მა და ვ. კ-მა განაცხადეს, რომ ჩხრეკა მათი თანდასწრებით არ მომხდარა და როდესაც პოლიციელებმა მიიწვიეს, იარაღი მაგიდაზე იდო. განაჩენის მიხედვით, პირადი ჩხრეკის დამსწრეთა მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს, მაგრამ იქვე მითითებულია, რომ ა. ო-საგან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტი უტყუარადაა დადასტურებული. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ გამოტანილია შსს შიდა ქართლის სამხრეო მთავარი სამმართველოს განყოფილების ინსპექტორ ლ. მ-ის მიერ, რომელიც 2005წ. 25 მარტამდე მოქმედი საქართველოს სსსკ-ის 65-67-ე მუხლების შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი გამოეტანა ასეთი დადგენილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო პალატა თვლის, რომ წინასწარი გამოძიებისას დაირღვა საპროცესო ნორმათა მოთხოვნები. სასამართლო გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად. მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა განაჩენი, სათანადოდ არაა გამოკვლეული, რის გამოც ა. ო-ის ბრალდების საქმეზე ჩასატარებელია ხელახალი სასამართლო გამოძიება. საქმის განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმეში არსებული მასალები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მითითებას ა. ო-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის ლმობიერების შესახებ, ვინაიდან საქმეზე უნდა ჩატარდეს ხელახალი სასამართლო გამოძიება და შემოწმდეს ამ განჩინებაში მითითებული გარემოებები. თუკი საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ დადგინდა იგივე ფაქტობრივი გარემოებები, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია დადასტურებულად, ასეთ შემთხვევაშიც ა. ო-ისათვის დანიშნული სასჯელი არ არის აშკარად უსამართლო, როგორც მსუბუქი, რადგან იგი არაა ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, მონაწილეობდა ბრძოლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ადვოკატ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 8 სექტემბრის განაჩენი ა. ო-ის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს გორის რაიონულ სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.