საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 405-დად 29 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 1 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც მას უარი ეთქვა მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების გადავადებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 3 ივნისს გ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და იმ მოტივით, რომ 2005წ. 17 თებერვალს ხანძრის შედეგად დაიწვა და განადგურდა მისი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ბაღდათის რაიონის სოფ. ---ში, ითხოვა 3 თვით განაჩენის აღსრულების გადავადება. სასამართლომ გ. გ-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მსჯავრდებული გ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის აღსრულების გადავადებას 3 თვით იმ მოტივით, რომ მონაწილეობა მიიღოს 2005წ. 17 თებერვალს ხანძრის შედეგად დამწვარი და განადგურებული, ბაღდათის რაიონის სოფ. ფერსათში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ბინის შეძენასა და მშენებლობაში.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-ამ ითხოვა დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს სასამართლომ, თუკი სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს, ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა მაშინ, როცა იგი უკვე იხდიდა სასჯელს, ე.ი. ამ შემთხვევაში არ წყდება სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ეს უარი უნდა ეთქვას კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 607-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 1 ივლისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.