საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 20.01.2005
საქმის ნომერი
2კ-413აპ.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 413-აპ 20 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. ისაევი

განიხილა გ. შ-ის კერძო საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 9 სექტემბრის დადგენილება მისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ შს სამინისტროს საგამოძიებო განყოფილებამ 1973წ. 28 ოქტომბერს წარმოებით შეწყვიტა გ. შ-ის მიმართ 1960წ. სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 და 110-ე მუხლის პირველი ნაწილებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. წინასწარ პატიმრობაში გ. შ-ძე იმყოფებოდა 15 თვის განმავლობაში.

გ. შ-ემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც სასამართლომ 2004წ. 9 სექტემბერს არ დააკმაყოფილა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 5 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 9 სექტემბრის განჩინება უცვლელად დატოვა.

კერძო საკასაციო საჩივრით გ. შ-ძე ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თავის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 16 ათასი დოლარის დაკისრებას.

პალატის სხდომაზე გ. შ-ემ მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ გ. შ-ის საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა სააპელაციო პალატის დადგენილების უცვლელად დატოვება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა შ. კ-მა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის განჩინება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ გ. შ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა საგამოძიებო განყოფილებამ 1973წ. 28 ოქტომბერს წარმოებით შეწყვიტა გ. შ-ის მიმართ 1960წ. სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი და 228-ე მუხლის მე-2 ნაწილებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით. გ. შ-ძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 15 თვის განმავლობაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ და აჭარის ა/რ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ გ. შ-ის საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დააკმაყოფილეს იმ მოტივით, რომ გ. შ-ს გაშვებული ჰქონდა სისხლის სამართლის სააპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის 6-თვიანი ვადა.

პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 9 სექტემბრის დადგენილება გ. შ-ს მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 227-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. შ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 9 სექტემბრის დადგენილების გაუქმებაზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან მის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.