საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.01.2005
საქმის ნომერი
2კ-502დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 502-დად 11 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი

განიხილა გ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის თანაშემწის 2004წ. 7 სექტემბრის დადგენილება ბ. ლ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 9 აგვისტოს გ. ფ-ემ განცხადებით მიმართა რაიონულ პროკურატურას, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ ექსპერტმა ბ. ლ-ამ 2001წ. 7 მარტსა და 24 მაისს შეადგინა ყალბი დასკვნები და მოითხოვა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 169-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის თანაშემწე აკ. ლ-ემ შეამოწმა გ. ფ-ს განცხადებაში მოყვანილი გარემოებები და დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

1995წ. 14 თებერვალს დაფუძნდა შპს “---”, რომლის დირექტორად დაინიშნა გ. ფ-ძე. 1999წ. 12 და 14 თებერვალს, ასევე იმავე წლის 12 ივლისს შპს “---სთან” ცალ-ცალკე გაფორმდა ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, მ. ტ-ეს, ი. ქ-ეს, გ. რ-ნს, დ. ს-ლს, ა. დ-ეს, გ. ს-ლს საკუთარი სახსრებით შპს “---ის” ბალანსზე რიცხულ სოკოსა და საკომბოსტო საამქროებში, ასევე სასადილოში უნდა ჩაეტარებინათ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები. გარკვეული პერიოდის შემდეგ შპს “---ს” დირექტორმა დაარღვია ხელშეკრულება, აღარ შეუშვა ხელშეკრულების მხარეები ტერიტორიაზე და შეწყვიტა მათთან სამეურნეო ურთიერთობები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზემოთ მითითებულმა პირებმა სარჩელი შეიტანეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოში მათ მიერ გაწეული ხარჯების _ 59. 100 ლარის მიუღებელი შემოსავლის სახით 5 %-ის ანაზღაურების შესახებ. რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 27 თებერვლისა და 14 მაისის განჩინებებით დანიშნა სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზა იმის გასარკვევად, თუU რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაოები ჩატარდა შპს “---ის” სასადილოსა და სოკოს წარმოების საამქროს მოწყობისათვის. 2001წ. 7 მარტისა და 24 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, სოკოს საამქროში ჩატარებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 52154 ლარს, მათ შორის _ შპს “---ის” კუთვნილი მასალების ღირებულება _ 23143 ლარს. სოკოს საამქროში არსებული დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის გამო ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხეს, შპს “---ის” დირექტორ გ. ფ-ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დააკისრა ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვეს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის თანაშემწემ მიიჩნია, რომ გ. ფ-ის განცხადებაში მოყვანილი გარემოებები არ დადასტურდა და 2004წ. 7 სექტემბერს გამოიტანა დადგენილება ბ. ლ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

აღნიშნული გ. ფ-ემ გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, რომელმაც 2004წ. 24 ნოემბერის დადგენილებით იგი უცვლელად დატოვა.

კერძო საკასაციო საჩივრით გ. ფ-ძე ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და ბ. ლ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად მასალების პროკურატურისათვის დაბრუნებას.

საჩივარში გ. ფ-ძე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება უკანონოა, არ შეესაბამება არც ფაქტობრივ გარემოებებს და არც სამართლებრივ ნორმებს, კერძოდ: მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის განჩინებით ექსპერტ ბ. ლ-ას დაევალა, განესაზღვრა შესრულებული სამუშაოს რეალური საბაზრო ღირებულება, მან კი დასკვნის შესადგენად გამოიყენა ამ სამუშაოთა სავარაუდო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, რითაც ფაქტობრივად ხელოვნურად გააყალბა ექსპერტიზის დასკვნა და შეცდომაში შეიყვანა სასამართლო, რომელმაც, იხელმძღვანელა რა ამ ყალბი დასკვნებით, არასწორად გადაწყვიტა სამოქალაქო საქმე და მას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დააკისრა 39100 ლარი.

საკასაციო პალატის სხდომაზე გ. ფ-ემ მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა მ. ჯ-ემ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, მან თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, განიხილა რა წარმოდგენილი მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 თებერვლისა და 14 მაისის განჩინებების საფუძველზე ორჯერ ჩატარდა სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზა სამოქალაქო საქმეზე. იმის გასარკვევად, თუ რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაოები ჩატარდა შპს “-ის” სასადილოსა და სოკოს წარმოების მოწყობისათვის, ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტ ბ. ლ-ას.

ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით (დასკვნები გაცემულ იქნა 2001წ. 7 მარტსა დ 24 მაისს), სოკოს საამქროში შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 52. 194 ლარს, მათ შორის _ შპს “---ის” კუთვნილი მასალების ღირებულებაა 23143 ლარი. სოკოს საამქროში არსებული დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის გამო, დადგენა იმისა, თუ რამდენად ხარისხიანად იყო შესრულებული სამშენებლო სარემონტო სამუშაოები, ვერ მოხერხდა.

დასკვნაში მითითებულია და ექსპერტ ბ. ლ-ას განმარტებით დადგენილია ისიც, რომ ექსპერტმა დასკვნის შედგენისას გამოიყენა საქმეში არსებული მასალები, მათ შორის _ მიღება-ჩაბარების აქტები, ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ლიტერატურა, კერძოდ, სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული კრებული, მეთოდური მითითებები მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის ღირებულების მიმდინარე ფასებში განსაზღერის შესახებ. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ გამოკვლევა ჩატარდა გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლით მიღებული მონაცემების ურთიერთშეჯერების მეთოდით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საინჟინრო ექსპერტიზა ეყრდნობა არასწორ მონაცემებს, პალატა არ იზიარებს, მით უფრო, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება გ. ფ-ემ ვერ წარმოადგინა, ხოლო კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “---ეს” დაეკისრა ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოსარჩელეების სასარგებლოდ, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა უცვლელად დატოვეს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა არ იზიარებს კერძო საკასაციო საჩივრის მოტივებს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის თანაშემწის 2004წ. 7 სექტემბრის დადგენილება ბ. ლ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.