საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 12.01.2005
საქმის ნომერი
2კ-510დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.01.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 510-დად 12 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2004წ. 18 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც მას (ა. ხ-ას) უარი ეთქვა იმავე სასამართლოს 2003წ. 21 ნოემბრის დადგენილების საკასაციო გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 9 ნოემბერს, დაახლოებით 9 საათზე, სენაკის რაიონის სოფ. --- ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულ იქნა ბ. ხ-ია.

მოქალაქე ბ. ხ-ას განზრახ მკვლელობისა და არაერთი სხვა მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 2003წ. 28 მაისს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ზ. კ-ვა. მრავალი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ სენაკის რაიონული პროკურატურის გამომძიებლის 2003წ. 19 ოქტომბრის დადგენილებით ბ. ხ-ს განზრახ მკვლელობის ბრალდების ნაწილში ზ. კ-ას მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. გამომძიებლის ეს დადგენილება 2003წ. 7 ნოემბერს დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ა. ხ-ას წარმომადგენელმა ადვოკატმა გაასაჩივრა სენაკის რაიონულ სასამართლოში. საჩივარი სასამართლომ განიხილა საჩივრის ავტორის _ ადვოკატ ლ. ხ-ას მონაწილეობით და 2003წ. 21 ნოემბრის დადგენილებით გამომძიებლის დადგენილება დატოვა უცვლელად. მოსამართლის დადგენილება ადვოკატ ლ. ხ-ას ჩაბარდა 26 ნოემბერს. საკასაციო ვადაში ეს დადგენილება არც ადვოკატსა და არც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს არ გაუსაჩივრებიათ.

2004წ. 12 აგვისტოს ა. ხ-ამ განცხადებით მიმართა პოლიტიკური გაერთიანება “--- _ დემოკრატების” სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და სთხოვა სასამართლოს დადგენილების საკასაციო გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის აღძვრა. ეს განცხადება განსახილველად სენაკის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2004წ. 12 ნოემბერს. სასამართლომ 2004წ. 18 ნოემბრის დადგენილებით არ დააკმაყოფილა განცხადება გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე.

კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმებას, გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლას და სასამართლოს 2003წ. 21 ნოემბრის დადგენილების საკასაციო წესით განხილვას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. ხ-მ და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა. ხ-ამ ითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

პროკურორი ს. კ-ლი მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა კასატორსა და მის წარმომადგენელს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ზ. კ-ას მიმართ ბრალდების ერთ ნაწილში, სახელდობრ, ბ. ხ-ას განზრახ მკვლელობის ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გამომძიებლის დადგენილების გაუქმების თაობაზე საჩივარი სასამართლოში შეიტანა დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ა. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ხ-ამ. სასამართლომ საჩივარი ამ უკანასკნელის მონაწილეობით განიხილა და 26 ნოემბერს მასვე ჩაბარდა დადგენილების ასლი. საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ ადვოკატმა ლ. ხ-მ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ა. ხ-ას 2003წ. დეკემბერში გააცნო. მიუხედავად იმასა, არც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს და არც მის ადვოკატს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ. ადვოკატმა ლ. ხ-მ როგორც სენაკის რაიონულ სასამართლოში, ასევე საკასაციო პალატის სხდომაზე განმარტა: “სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვის დროს ა. ხ-ია იმყოფებოდა სოფ. ჭალადიდში არსებულ საძოვარზე. მე დაველოდე მის ჩამოსვლას და ვინაიდან ამ დროს უკვე გასული იყო სასამართლოს დადგენლების გასაჩივრების ათდღიანი ვადა, შევთანხმდით, დავლოდებოდით უფრო ხელსაყრელ დროს და შემდეგ შეგვეტანა საჩივარი”.

ა. ხ-ამ სასამართლოს დადგენილების ასლის ჩაბარებიდან მხოლოდ რვა თვის შემდეგ მიმართა განცხადებით რაიონულ პარტიულ ორგანიზაციას და ითხოვა შუამდგომლობის აღძვრა გაცდენილი ათდღიანი საკასაციო ვადის საპატიოდ ჩათვლის შესახებ. ეს განცხადება სენაკის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2004წ. ნოემბერში. მასში მითითებული არ არის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების საკასაციო გასაჩივრების ათდღიანი ვადის თითქმის ერთი წლით გაცდენის რაიმე საპატიო მიზეზზე. ამის გამო, რაიონულმა სასამართლომ, სავსებით საფუძვლიანად, არ მიიჩნია გაცდენილი ვადა საპატიოდ და მომჩივანს კანონიერად უთხრა უარი საკასაციო ვადის აღდგენაზე.

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლემ და მისმა ინტერსების დამცველმა ადვოკატმა ვერც საჩივრის საკასაციო განხილვის დროს წარმოადგინეს რაიმე მტკიცებულება და დასაბუთება სასამართლოს დადგენილების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევისათვის.

ამრიგად, პალატა თვლის, რომ განსახილველი კერძო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ა. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2004წ. 18 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც ა. ხ-ს უარი ეთქვა იმავე სასამართლოს 2003წ. 21 ნოემბრის დადგენილების საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.