საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 526-დად 1 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ თ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. პ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2005წ. 12 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც თ. ლ-ეს უარი ეთქვა მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001წ. 27 მარტის განაჩენით თ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ქალთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსსკ-ის 607-ე მუხლის საფუძველზე გადაევადა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე ანუ გამოჯანმრთელებამდე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სასჯელის აღსრულებაზე მეთვალყურეობა დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2005წ. 27 აპრილს სასამართლოს წარდგინებით მიმართა მსჯავრდებულ თ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. პ-ამ. იგი ითხოვდა თ. ლ-ის მიმართ განაჩენის გადავადების გაუქმებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2005წ. 12 ოქტომბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და ადვოკატ ი. პ-ას უარი ეთქვა მსჯავრდებულ თ. ლ-ს მიმართ სასჯელის აღსრულების გადავადების გაუქმებაზე.
მსჯავრდებულ თ. ლ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. პ-ვა კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმებას იმ მოტივით, რომ განაჩენის აღსრულების გადავადებიდან გასულია 4 წელიწად-ნახევარი. აღნიშნული დროის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ. ლ-ის განკურნების პერსპექტივა ნაკლებსაიმედოა.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ თ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. პ-ამ იშუამდგომლა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-ამ ითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება, ვინაიდან თ. ლ-ეს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით თ. ლ-ის განკურნების პერსპექტივა ნაკლებსაიმედოა, მაგრამ მსჯავრდებულ თ. ლ-ეს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დღეისათვის მას მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის მხოლოდ ნახევარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატ ი. პ-ას უარი უნდა ეთქვას კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. პ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2005წ. 12 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ თ. ლ-ეს უარი ეთქვა მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმებაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.