შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 63-დად 30 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ რ. ჯ-ს კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც რ. ჯ. 6 თვით გადაყვანილ იქნა საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე (ათვლა დაეწყო 2004წ. 18 დეკემბრიდან).
აღწერილობითი ნაწილი:
მარნეულის სასამართლოს 2000წ. 28 დეკემბრის განაჩენით რ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა”, “ბ”, და “გ” ქვეპუნქტებით შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 30 აგვისტოდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ 2004წ. 18 დეკემბერს წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ რ. ჯ-ს საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ.
სასამართლომ წარდგინება განიხილა 2004წ. 24 დეკემბერს და დადგენილებით მსჯავრდებული რ. ჯ. 6 თვით გადაყვანილ იქნა საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას. იგი მიუთითებს, რომ უკანონოდ იქნა გადაყვანილი საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე.
მსჯავრდებული რ. ჯ. დამატებით წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს საპყრობილის რეჟიმის 3 თვით შემცირებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა მსჯავრდებულ რ. ჯ-ს მიმართ საპყრობილის რეჟიმის 1 თვით შემცირების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით, რადგანაც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული რ. ჯ. არ ემორჩილება შინაგანაწესის მოთხოვნებს და თავისი ქმედებით ცდილობს დაძაბოს სიტუაცია დაწესებულებაში. მსჯავრდებული რ. ჯ. არაერთხელ არის დასჯილი დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის. აქედან გამომდინარე იგი სავსებით კანონიერად არის გადაყვანილი საპყრობილეს მკაცრ რეჟიმზე.
ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ საპყრობილის პირობები, სხვა რეჟიმის დაწესებულებასთან შედარებით, ბევრად უფრო მკაცრია; ასევე, მხედველობაში იღებს რ. ჯ-ს მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის ხასიათს და თვლის, რომ მას საპყრობილეში მოთავსების ვადა _ 6 თვე _ უნდა შეუმცირდეს 2 თვით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 612-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული რ. ჯ. 6 თვის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე, შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: რ. ჯ-ს საპყრობილეში მოთავსების ვადა _ 6 თვე _ შეუმცირდეს 2 თვით.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.