საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 73-აპ 22 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მცხეთის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ შ. გ-სა და ადვოკატ ქ. ღ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის განაჩენი თ. ჭ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის განაჩენით თ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 თებერვლის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა და თ. ჭ-ს სსკ-ის 108-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით თ. ჭ-ს მსჯავრი დაედო ზ. პ-ს განზრახ მკვლელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002წ. 26 სექტემბერს მთვრალ თ. ჭ-ს სოფ. ... ცენტრში შეკამათება მოუხდა ზ. პ-თან. გაშველების შემდეგ სახლისაკენ მიმავალ თ. ჭ-ს წამოეწია ავტომანქანა, რომელსაც მართავდა დ. ჩ. ავტომანქანაში მძღოლთანN ერთად ისხდნენ ზ. პ, მისი ძმა _ ზ. პ. და დ. ბ.. ზ. პ-მა შენიშნა რა თ. ჭ., გადმოვიდა ავტომანქანიდან, რათა გაერკვია თ. ჭ-სა და თავის ძმას შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზები. ამის ნიადაგზე მათ შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ისინი მიწაზე წაიქცნენ. ამ მომენტში თ. ჭ-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, ზ. პ-ს დანით მუცელსა და ბარძაყში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
საკასაციო საჩივრით პროკურორი შ. გ. ითხოვს სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით თ. ჭ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას. პროკურორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თ. ჭ-ს უსაფუძვლოდ შეუმცირა სასჯელი 9 წლამდე.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ თ. ჭ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ქ. ღ. ითხოვს მსჯავრდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედების სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირებას. ადვოკატი თვლის, რომ მსჯავრდებულმა ზ. პ-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების მდგომარეობაში.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. ქ-მა პროკურორ შ. გ-ს საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა ცვლილებით. მან სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით მოითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის ხელმეორედ განხილვისათვის თბილისის საოლქო სასამართლოში დაბრუნება.
ადვოკატმა ქ. ღ-მა მოითხოვა თავისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება _ თ. ჭ-ს ქმედების სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირება და სასჯელის შემსუბუქება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა არ ეთანხმება პროკურორ შ. გ-ს საკასაციო საჩივარს სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით თ. ჭ-ს მიმართ განაჩენის გაუქმების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.
პალატა ასევე არ ეთანხმება ადვოკატ ქ. ღ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ. ჭ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მსჯავრდებულმა თ. ჭ-მ ზ. პ-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების მდგომარეობაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადასტურებული, რომ თ. ჭ-სა და ზ. პ-ს შორის შემთხვევის დღეს მოხდა ჩხუბი, რადგან თ. ჭ-მ ზ. პ-ს ძმას _ ზ. პ-ს გაარტყა ხელი. დადგენილია ისიც, რომ ჩხუბის დროს ისინი დაეცნენ მიწაზე, რა დროსაც მსჯავრდებულმა თ. ჭ-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის ორჯერ დარტყმით მუცელსა და ბარძაყში ზ. პ-ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობისათვის სახიფათო დაზიანებები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზ. პ-სათვის მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობა და მისი სიკვდილი. სააპელაციო სასამართლომ, დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ თ. ჭ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, როცა დადგენილად მიიჩნია, რომ მან ჩაიდინა ზ. პ-ს განზრახ მკვლელობა. პალატას მიაჩნია, რომ თ. ჭ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის 108-ე მუხლით. განაჩენი ამ მიმართებით კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
ამასთან ერთად, პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულის პიროვნებას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე იმას, რომ თ. ჭ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა გარკვეულწილად განაპირობა თვით დანაშაულის მსხვერპლის _ ზ. პ-ს ვიქტიმურმა ქცევამ, მიზანშეწონილად თვლის, რომ თ. ჭ-ს სასჯელი შეუმცირდეს 8 წლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: თ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და მოსახდელად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.