საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.06.2005
საქმის ნომერი
2კ-85კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 85-კოლ 21 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 27 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზემოთ მითითებული განაჩენით რ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

რ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2004წ. 20 მაისს მარნეულის რაიონში, “წითელი ხიდის” ტერიტორიაზე, მისთვის უცნობი მამაკაცისაგან 600 აშშ დოლარად შეიძინა 12, 606 გრ. ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელიც შეინახა შარვლის შიგნით მიმაგრებულ პოლიეთილენის ტომსიკაში და იმავე დღეს ჩამოიტანა თბილისში, გორგასლის ქუჩაზე. დაახლოებით 12 საათსა და 20 წუთზე იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.

საკასაციო საჩივრით ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ. მ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაცემას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად. საჩივარში მითითებულია, რომ რ. მ-ს შეფარდებული აქვს მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი.

ადვოკატები _ ა. კ. და ე. ს. ითხოვენ რ. მ-ს მიმართ სასამართლო კოლეგიის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პროკურორი გ. შ. მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 27 დეკემბრის განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიამ რ.მ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო, როგორც მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ისე მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ: რ. მირზალიევი ნასამართლობის არმქონეა, იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად, წინასწარი გამოძიებისას ჩატარებული სასამართლო _ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის რეალობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ. მ-მ, რ. მ-ს დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის ვერტებრო_ბაზილიურ სისტემაში სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა; კისრის რადიკულიტი ფესვობრივ_ალეგური სინდრომით; ორმხრივი პლაქსოპათია; არტერიული ჰიპოტენზია; კისრის ოსტეოქონდროზი; კისრის მეორე მალის დისთეზი; გავა_წელის რადიკულიტი; მარცხენამხრივი ვარიკოცელე, ვირუსული ჰეპატიტების მარკერები უარყოფითია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რ. მ. ქრონიკული ავადმყოფია, ესაჭიროება ხანგრძლივი საექიმო კონტროლი და შესაბამისი მკურნალობა. ამჟამად რ. მ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია _ ნევროლოგიური პროფილით ესაჭიროება მკურნალობა სტაციონარის პირობებში და ასევე უროლოგიური ოპერაცია მარცხენა სათესლე ჯირკვალზე..

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახეზეა განსაკუთრებით შემამსუბუქებელ პირობათა ერთობლიობა და მიზანშეწონილად ჩათვალა რ. მ-ს მიმართ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მინიმალურ ზღვარზე ნაკლები სასჯელის ზომის განსაზღვრა, რასაც პალატაც ეთანხმება. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით განაჩენის გაუქმების თაობაზე, მით უფრო, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მასში მითითებული არ არის რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც აღნიშნული საფუძვლით განაჩენის გაუქმებას იწვევს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 27 დეკემბრის განაჩენი რ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.