საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 86-კოლ 9 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ი. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “თ” ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 23 იანვრიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი:
ი. ჯ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა 1999წ. 26 ივლისს, ხოლო 2002წ. 23 ნოემბერს დაინიშნა უშიშროების სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს მარნეულის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ამავე სამსახურში ოპერატიული თანამშრომლის თანამდებობაზე მსახურობდნენ: 1995წ. 14 დეკემბრიდან _ ფ. გ.ი, ხოლო 2002წ. 2 დეკემბრიდან _ ზ. მ.. ი. ჯ-მა გადაწყვიტა დანაშაულებრივი გზით ეშოვა ფული. ამ მიზნით, 2002წ. დეკემბერში დაუკავშირდა ნაცნობს და გაანდო თავისი დანაშაულებრივი გეგმა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით გაეტაცებინათ თავიანთი თანამშრომელი _ ფ. გ., რაზედაც იგი დათანხმდა. ი. ჯ-მა სთხოვა ასევე, რომ თავიანთი დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოსაყვანად მოეძებნა სანდო პირები. იმავდროულად ი. ჯ-მა თავის თანამშრომელ ზ. მ-საც გაანდო ფ. გ-ს გატაცების გეგმა, თუმცა მისთვის არ უთხოვია დანაშაულში მონაწილეობა. ორივე შემთხვევაში გატაცების მიზეზად დაასახელა ის, რომ ფ. გ-ს მამა _ ს. გ. მუშაობდა წისქვილკომბინატში და ჰქონდა ფული. 2002წ. 26 დეკემბერს, 18 საათზე, სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ფ. გ. თავისი ავტომანქანა “ვაზ-2106-ით" მიდიოდა სახლში და თან მიყავდა სამსახურის უფროსის _ გ. ნ-ს მდივანი ც. დ.. ი. ჯ. ფიქრობდა, რომ გამტაცებელ პირებს, რომლებიც ქუჩაში დარაჯობდნენ ფ. გ-ს, ც. დ-ს თანდასწრებით, შესაძლებელია, ვერ მოეხერხებინათ ფ. გ-ს გატაცება, ამიტომ შენობიდან გასვლამდე მან ფ. გ-ს უთხრა, რომ ც. დ-ს სახლში მიყვანის შემდეგ, სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებით, სამსახურში დაბრუნებულიყო. ც. დ-ს სახლში მიყვანის შემდეგ ფ. გ. დაბრუნდა სამსახურში და შევიდა ი. ჯ-ს კაბინეტში, სადაც დახვდა თანამშრომელი ზ. მ-ც. კაბინეტში შესვლის შემდეგ ფ. გ. მიხვდა, რომ ი. ჯ-ს მასთან არანაირი საქმე არ ჰქონდა, რადგან იგი და ზ. მ. მხოლოდ ერთმანეთში საუბრობდნენ საყოფაცხოვრებო თემაზე. 19 საათსა და 30 წუთზე ი. ჯ-ს მობილურ ტელეფონზე დაურეკა მეგობარმა ჯ. ნ-მა, რის შემდეგაც ყველანი გამოვიდნენ მისი კაბინეტიდან. ფ. გ. დაემშვიდობა მათ, პირველი გავიდა შენობიდან და ჩაჯდა თავის ავტომანქანაში. ამ დროს მასთან მივიდა ერთ-ერთი გამტაცებელი, ჰკრა ხელი, ხოლო მეორემ ხელით გააღო მანქანის, ფ. გ-ს სავარძლის უკანა მხარეს არსებული კარი, სადაც მოთავსდა ერთ-ერთი გამტაცებელი. მან ფ. გ-ს ყელზე მიადო დანა და უბრძანა, დაეძრა ავტომანქანა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ გამტაცებლებმა ფ. გ. გადაიყვანეს მანქანის უკანა სავარძელზე, თავზე ჩამოაცვეს ნაქსოვი ქუდი, რათა მას არაფერი დაენახა, ხელები გაუკრეს ზურგს უკან და ჩამოართვეს მობილური ტელეფონი. უკანა სავარძელზე გადაყვანის დროს ფ. გ-მა სცადა წინააღმდეგობის გაწევა, რა დროსაც ერთ-ერთმა გამტაცებელმა მას დანით ფეხისა და ხელის არეში მიაყენა სამი ჭრილობა. ამის შემდეგ ავტომანქანის საჭესთან დაჯდა ერთ-ერთი გამტაცებელი. დაახლოებით 15 წუთის მგზავრობის შემდეგ გამტაცებლებმა ფ. გ. ავტომანქანიდან გადმოსვეს, ფეხით რამდენიმე მეტრი გაიარეს, მოთავსდნენ თხრილში და ფ. გ-ს პირი აუკრეს ე.წ. “სკოჩით”, ხოლო ყურებში ჩაუდეს ბამბები. ფ. გ-მა და ერთ-ერთმა გამტაცებელმა თხრილში დაჰყვეს დაახლოებით 40 წუთი. ამ ხნის განმავლობაში მეორე გამტაცებელი წავიდა. მისი დაბრუნების შემდეგ ფ. გ. ამოიყვანეს თხრილიდან, თხუთმეტი წუთის განმავლობაში ატარეს ფეხით, რის შემდეგაც შეიყვანეს ერთ-ერთი გამტაცებლის ბინაში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მოათავსეს საწოლზე, სადაც ფ. გ-ს, ი. ჯ-ს ორგანიზებით, უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება 11 დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ დანაშაულის ორგანიზატორ ი. ჯალალოვზე ეჭვი არავის აეღო, ფ. გ-ს გატაცების მეორე დღეს, 27 დეკემბერს, დაახლოებით 12 საათზე, მან ტელეფონით დაურეკა გატაცებულის მამას _ ს. გ-ს, რომელსაც ის იცნობდა, მოიკითხა ფ. და ჰკითხა, თუ რატომ არ გამოცხადდა სამსაუხრში. ს. გ-მა, რომელიც წინა დღეს ტელეფონით ერთ-ერთი გამტაცებლის მიერ გაფრთხილებული იყო, არავისთან ეთქვა ფ. გ-ს გატაცების თაობაზე, ი. ჯ-ს უთხრა, რომ თითქოს ფ-მ ფეხი მოიტეხა და მეუღლის ძმას წაყვანილი ჰყავდა სამკურნალოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. 28 დეკემბერს კი მასთან სახლში მისულ ი. ჯ-ს უთხრა ფ-ს გატაცების თაობაზე. აღნიშნულ საუბარს ესწრებოდნენ ს. გ-ს სიძე _ ი. გ., ძმა _ ვ. გ. და რძლის მამა _ მ. კ.. აღნიშნულის გაგონებაზე ი. ჯ. ისე იქცეოდა, თითქოს ამ ამბავმა მასზე ძალიან იმოქმედა _ მოითხოვა წყალი, შემდეგ დამსწრე პირებს სთხოვა, არავისთვის ეთქვათ მისი სტუმრობის შესახებ და დატოვა გ-ების ოჯახი. ს. გ. ი. ჯ-ს მიმართ ნდობით განიმსჭვალა _ მობილური ტელეფონით უყვებოდა გამტაცებლებთან საუბრის დეტალებს. 29 დეკემბერს ერთ-ერთმა გამტაცებელმა, რომელიც გატაცებულ ფ. გ-ს მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა ს. გ-ს, შვილის განთავისუფლების სანაცვლოდ თავდაპირველად მოსთხოვა 250000 აშშ დოლარი. უარის მიღების შემდეგ, 2003წ. 4 იანვარს, სატელეფონო საუბრისას გამტაცებელი ს. გ-ს დასთანხმდა 80000 აშშ დოლარის გადახდაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა შვილის მოკვლით. ს. გ-მა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ნათესავების მეშვეობით შეაგროვა მითითებული თანხა. 2003წ. 5 იანვარს მან თავის სიძესთან _ ი. გ-თან ერთად, ერთ-ერთი გამტაცებლის მითითების თანახმად, ცელოფანში მოთავსებული 80000 აშშ დოლარი დატოვა მარნეულის რაიონის სოფ. ალგეთში მდებარე ყოფილი ავტობაზრის შესასვლელში არსებულ ბოძთან, ხოლო თვითონ შემოვლითი გზით დაბრუნდა სახლში. აღნიშნული თანხა აიღო ი. ჯ-მა, რომელიც თავისი ავტომანქანით შეუმჩნევლად მიჰყვებოდა ს. გ-ს. 2003წ. 6 იანვარს ს. გ-ს ერთ-ერთმა გამტაცებელმა შეატყობინა, რომ ფ. გ. გაათავისუფლეს და იმყოფებოდა ქ. მარნეულში არსებული ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც წარმოადგინეს. 80000 აშშ დოლარიდან ი. ჯ-მა აიღო 50000, ხოლო 30000 აშშ დოლარი გადასცა მიმალვაში მყოფ ერთ-ერთ გამტაცებელ პირს. თანხის განაწილების შემდეგ, 2003წ. 6 იანვარს, ი. ჯ-მა აცნობა თავის თანამშრომელ ზ. მ-ს, რომ ფ. გ. უკვე გათავისუფლებული იყო და მას მიღებული ჰქონდა 20000 აშშ დოლარი, საიდანაც სამი ათასი შესთავაზა მას, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი უთხრა. ი. ჯ. 2003წ. 8 იანვარს ორი დღით გაემგზავრა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. 10 იანვარს კი ზ. მ-მა მიმართა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრს, რომელშიც აღწერა ი. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დეტალები, რის შემდეგაც ი. ჯ. ჯერ დაკითხული, შემდეგ კი დაკავებულ იქნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. მ. ითხოვს სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას, იგი მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ მტკიცდება ი. ჯ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ, მსჯავრდებულ ი. ჯ-თან შეთანხმებით, ცვლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. ადვოკატმა გ. გ-მ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილემ თ. მ-მა წერილობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა, რომ მსჯავრდებულ ი. ჯ-ს განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ის ეთანხმება ზემოაღნიშნულ შუამდგომლობას და ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი და შეუმცირდეს სასჯელის ზომა.
მსჯავრდებული ი. ჯ. დაეთანხმა ადვოკატ გ. გ-ს შუამდგომლობას და აღნიშნა, რომ, იგი, მართალია, თავს არ ცნობს დამნაშავედ, მაგრამ ამ ეტაპზე გამართლებას არ ითხოვს და შუამდგომლობს, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდეს სასჯელი.
დაზარალებულოს ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატები _ ს. ი. და ნ. ა. არ დაეთანხმნენ მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს მოთხოვნას. ადვოკატებმა _ ს. ი-მ და ნ. ა-მა აღნიშნეს, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი მსჯავრდებულ ი. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული, მას ერთდროულად ჩადენილი აქვს ორი მძიმე დანაშაული, ის თვითონ იყო სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი და ევალებოდა, თუკი რაიმე იცოდა, თავის დროზე განეცხადებინა. ამდენად, სასჯელის შემსუბუქების არავითარი საფუძველი არ არსებობს. მათ იშუამდგომლეს განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
დაზარალებულებმა _ ფ. და ს. გ-ებმა კანონიერად მიიჩნიეს ი. ჯ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლეს მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ს. ფ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ საქმის ერთობლივი მასალებით დადგენილია მსჯავრდებულ ი. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული და მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.
პროკურორმა იშუამდგომლა, რომ მსჯავრდებულ ი. ჯ-ს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “გ" ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს ერთი წლით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ნაწილობრივ იქნეს შეკრებილი განაჩენით განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ ი. ჯ-ს განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ი. ჯ-ს მიმართ დადგენილ განაჩენში სასჯელის ზომის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ი. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული საქმის ერთობლივი მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რაც სასამართლო კოლეგიამ სამართლებრივად სწორად შეაფასა. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ი. ჯ-მა ჩაიდინა ორი მძიმე დანაშაული, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მისი წარსული არაფრითაა შებღალული და ამის მიხედვით განუსაზღვრა სასჯელის ზომა.
ამჟამად წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილის _ ი. მ-ს წერილობითი შუამდგომლობა, რომ მსჯავრდებულ ი. ჯ-ს მიმართ გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლი და ამის მიხედვით განესაზღვროს სასჯელის ზომა. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორი და დაზარალებული მხარე. პალატა თვლის, რომ საქმეში არ არსებობს და არც შუამდგომლობაშია მითითებული სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, კერძოდ, არ მოიპოვება განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოება, რაც შეიძლება სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენების საფუძველი გამხდარიყო.
ამასთან, პალატა ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას და თვლის, რომ უშიშროების მინისტრის მოადგილის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მსჯავრდებულ ი. ჯ-ს 1 წლით შეუმცირდეს განაჩენით შეფარდებული სასჯელის ზომა, სხვა ნაწილში კი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ' ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 აპრილის განაჩენში ი. ჯ-ს მიმართ შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “გ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და ამ მუხლით განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “თ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი დარჩეს უცვლელად. სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ შეიკრიბოს შეფარდებული სასჯელები და ი. ჯ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.