შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 91-აპ 19 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ნ. გვენეტაძე
განიხილა მარნეულის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ ს. ფ-სა და მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის განაჩენში ნ. ჩ-ს მიმართ შევიდა ცვლილება.
აღწერილობითი ნაწილი:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის განაჩენით ნ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 თებერვლის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება: ნ. ჩ-ს შეფარდებული სასჯელი სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდა და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით ნ. ჩ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ. ჩ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ, დიდი ოდენობით _ 0,697 გრამი _ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.
2004წ. 28 ივნისს, დაახლოებით 13.30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფ. ჯანდარის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ. ჩ. დააკავეს პოლიციის მუშაკებმა. პირადი ჩხრეკისას მას პერანგის მარცხენა გულის ჯიბეში აღმოაჩნდა თეთრი ფერის სკოჩში შეხვეული, ცხრა ცალ პოლიეთილენის ნაჭერში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” _ 0,697 გრამის ოდენობით, რომელიც მან შეიძინა და ინახავდა უკანონოდ.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ. ჩ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება _ მოყავისფრო ფხვნილი, წონით 2,936 გრამი, წარმოადგენს “ჰეროინის” ნარევს, სადაც ნარკოტიკული საშუალების _ “ჰეროინის” სუფთა წონა შეადგენს 0,697 გრამს.
საკასაციო საჩივრით მარნეულის რაიონული პროკურორის თანაშემწე ს. ფ. აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი მ. ჩ-ს მიმართ უსამართლოა, როგორც მეტისმეტად მსუბუქი, რისთვისაც ამ საფუძვლით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ. ხ. ითხოვს ნ. ჩ-ს მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მ. ჩ-ს ეკმაროს საკასაციო საჩივრის განხილვის დროისათვის ფაქტობრივად მოხდილი სასჯელი.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს ადვოკატები _ მ. ხ. და ვ. ბ. მხარს უჭერენ საჩივარს.
პროკურორი დ. მ. აზუსტებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, კერძოდ, იგი შუმდგომლობს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგნელობისათვის ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ. ჩ-მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით _ 0,697 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი”. შერაცხულ ბრალდებას არც მსჯავრდებული ხდის სადავოდ და განაჩენს მხოლოდ სასჯელის ნაწილში ასაჩივრებს. ამდენად, პალატა თვლის, რომ ნ. ჩ-ს ქმედება სამართლებრივად სწორად არის შეფასებული.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის პოზიციას ნ. ჩ-ს მიმართYსააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმების თაობაზე მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ, კანონზე დაყრდნობით, საკმაოდ საფუძვლიანად დაასაბუთა სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ნ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემცირება. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; პირველადაა სამართალში და მისი წარსული არაფრითაა შებღალული; ხასიათდება დადებითად; აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა; არის ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი მარჩენალი; მის კმაყოფაზე იმყოფებიან მეუღლე, ორი არასრულწლოვანი შვილი და ავადმყოფი ბებია (90 წლის). პალატა ითვალისწინებს ნ. ჩ-ს ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილ ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობასაც (0,697 გრ.) და იმასაც, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონია მისი გასაღების მიზანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ნ. ჩ-ს შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 1 წლით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 თებერვლის განაჩენი ნ. ჩ-ს მიმართ შეიცვალოს: ნ. ჩ-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.