საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
94-კოლ 19 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულების _ ბ. ნ-ს, ზ. გ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ.რ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 22 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000წ. 6 სექტემბრის განაჩენით ბ. ნ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960წ. რედაქცია) 212-ე მუხლით, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-5 ქვეპუნქტებით, ხოლო რამაზ. ლ. _ სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 212-ე მუხლით, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-5 ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იმავე სასამართლო კოლეგიის 2000წ. 6 სექტემბრის განჩინებით ბ. ნ-სა და რ. ლ-ს სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,104-ე მუხლის 1-ლი პუნქტით (1960წ. რედაქცია), დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 22 აპრილის განაჩენით ბ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1999წ. რედაქცია) 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, სსკ-ის (1960წ. რედაქცია) 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით _ 14 წლით. საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ზ. გ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960წ. რედაქცია) 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, სსკ-ის (1999წ. რედაქცია) 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 თვით. საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ბ.ნ-სა და ზ.გ-ს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:
1999წ. 16 სექტემბერს, დაახლოებით 8 საათსა და 50 წუთზე, ქ.თბილისში, სააკაძის ქუჩაზე, ბ. ნ., ზ. გ. და რ. ლ. ანგარებით, ფულის წართმევის მიზნით, თავს დაესხნენ სახლიდან გამოსულ ბ.კ-ს. ვინაიდან ამ უკანასკნელმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, ბ.ნ-მ, ამსრულებლის ექსცესის მდგომარეობაში, გასცდა რა ზ.გ-სა და რ.ლ-თან მოლაპარაკების ფარგლებს, თანნაქონი „მარგოლინის“ პისტოლეტიდან, რომელსაც ინახავდა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ, სამჯერ გასროლით, დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებითა და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, განზრახ მოკლა ბ.კ., რის შემდეგაც მას გასტაცეს 9.113 ლარი, 393 ლარად ღირებული ოქროს ჯაჭვი, 137 ლარად ღირებული ტყავის საფულე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ავტომანქანის მართვის მოწმობა და ტექნიკური პასპორტი, 196 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და გატაცებული თანხა და ნივთები ურთიერთშორის გაინაწილეს.
მსჯავრდებული ბ.ნ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ.რ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ ბ.ნ-ს ქმედების გადაკვალიფიცირებას მოქმედი სსკ-ის 116-ე მუხლსა (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 179-ე მუხლზე (ყაჩაღობა) იმ მოტივით, რომ ბ.ნ-ს ბ.კ-ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ დადასტურდა, რომ ბ.ნ-მ ბ.კ. მოკლა დამამძიმებელ გარემოებებში.
მსჯავრდებული ზ.გ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ.რ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ ზ.გივიაშვილის ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებზე (ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) იმ მოტივით, რომ ზ.გ-სა და რ.ლ-ს დაზარალებულის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა არ გამოუყენებიათ, მათთვის ცნობილი არ იყო, რომ ბ.ნ. შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ.კ. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და ითხოვს ბ.ნ-სა და ზ.გ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პროკურორი რ.ს. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და ითხოვს ბ.ნ-სა და ზ.გ-ს მიმართ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 22 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ბ.ნ-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სამართლიანად არ გაიზიარა ბ.ნ-ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ თითქოს მან შესაშინებლად ამოიღო პისტოლეტი, რა დროსაც ხელში სწვდა ბ.კ., დაუწყო ძიძგილაობა და ტყვია ამ დროს გავარდა პისტოლეტიდან. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილია, რომ ბ.კ-ს ერთი და იმავე იარაღიდან მიყენებული აქვს სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა: გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, ბეჭის ძვლის შიგნითა კუთხესთან, გულმკერდის გვერდით ზედაპირზე მარცხნივ, იღლიის უკანა ხაზზე და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ. ასეთ ვითარებაში ბ.ნ-ს მხრიდან ტყვიის შემთხვევით გავარდნის ვერსია გამორიცხულია.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ბ.ნ-ს ქმედების მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლით (ყაჩაღობით) დაკვალიფიცირების თაობაზე, პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000წ. 6 სექტემბრის განაჩენით ბ.ნ. ამ ქმედებისთვის უკვე მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენის დროისთვის მოქმედი სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-5 ქვეპუნქტებით და აღნიშნული ქმედებისთვის ახალი სისხლის სამართლის კოდექსით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შემსუბუქებულა.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და ბ.ნ-ს ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის (1999წ. რედაქცია) 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის (1960წ. რედაქცია) 104-ე მუხლის 1-ლი, მე-7 პუნქტებით.
პალატა ასევე არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ზ.გ-ს ქმედების სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირების თაობაზე.
მართალია, პალატა იზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულებს შორის არ ყოფილა შეთანხმება ყაჩაღური თავდასხმის შესახებ, მათ მოილაპარაკეს სავალუტო ჯიხურის გადამცვლელისათვის ფულის წართმევა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბ.ნ-მ ამოიღო პისტოლეტი, თავდასხმამ მიიღო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ხასიათი, ხოლო ზ.გ-მა და რ.ლ-მა განაგრძეს მასში მონაწილეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ზ.გ-ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 ქვეპუნქტებით (1960წ. რედაქცია).
ამასთან, პალატა, მსჯავრდებულ ზ.გ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად თვლის, მისთვის სასჯელის შემსუბუქებას. ზ.გ-ს სსკ-ის (1960წ. რედაქცია) 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 ქვეპუნქტებით უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის (1999წ. რედაქცია) 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად. საბოლოოდ, ზ.გ-ს, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 22 აპრილის განაჩენი ზ. გ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის (1960წ. რედაქცია) 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 ქვეპუნქტებით განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის (1999წ. რედაქცია) 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დარჩეს უცვლელად.
საბოლოოდ ზ. გ-ს, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი და მოსახდელად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.