შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 95-აპ 17 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა ადვოკატ ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 იანვრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 ივნისის განაჩენი ჯ. გ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 იანვრის განაჩენით ჯ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 23 იანვრიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 იანვრის განაჩენით მას სასჯელი შეუმცირდა 3 წლამდე.
განაჩენით ჯ. გ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ მან 2004წ. 23 იანვარს ქ. მარნეულში შეიძინა დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება _ 0,15 გრამი “ჰეროინი”.
საკასაციო საჩივრით ადვოკატი ზ. ჯ. ითხოვს ჯ. გ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით შემდეგი მოტივებით: მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვნების ასაკში, იგი ინანიებს და აღიარებს ჩადენილს, არის ავადმყოფი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა და ა. შ.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. ჯ-მ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა დ. მ-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი ჯ. გ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, მისი პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთმტკიცებით, სასამართლო-ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ჯ. გ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივარს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლის თაობაზე უსაფუძვლობის გამო. ამასთან ერთად პალატას მიაჩნია, რომ ჯ. გ-ს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 2 წლამდე. სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად პალატა მიიჩნევს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასა და მონანიებას, მან დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვნების ასაკში, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ჰყავს დედა და ექვსი და-ძმა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 იანვრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ჯ. გ-ს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოხდით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.