საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 134-კოლ 14 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ი. ც-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც ი. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 379-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებით და ერთობლივად შეეფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა ი. ც-ს დაეწყო 2004წ. 3 მარტიდან.
განიხილა ასევე მსჯავრდებულ ი. ც-ს კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე ი. ც-ს ბრალდების ეპიზოდებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებით, 19,109-ე მუხლის “გ”, “ზ”, “თ”, “ლ” და “ო” ქვეპუნქტებით, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილითა და 120-ე მუხლით დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა გენერალურ პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ი. ც-ს ბრალი დაედო იმაში, რომ იგი 2003წ. 21 იანვარს გასამართლდა რა აბაშის რაიონული სასამართლოს მიერ და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა”, “ბ" და “გ" ქვეპუნქტებით, 184-ე მუხლის III ნაწილით, 260-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის, მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, იგი სასჯელს იხდიდა 2003წ. 1 მარტიდან ქ. რუსთავის ¹2 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რა დროსაც იქ, სასჯელის მოხდის პერიოდში, სხვადასხვა დროს, დანაშაულებრივად დაუკავშირდა იმავე დაწესებულებაში მყოფ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ მსჯავრდებულებს, კერძოდ: ვ. ჩ-ს, მ. ჩ-ს, ზ. ხ-ს, გ. გ-ს, გ. ლ-ს, გ. მ-ს, ბ. სამაკაშვილს, კ. ს-ს, ჯ. ხ-ს, ბ. ზ-ს, ი. კ-ს და დარჩენილი სახდელის მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, განიზრახა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფური გაქცევა.
თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ი. ც-მ და ზემოხსენებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების გულგრილობით მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს და შეინახეს “აკმ” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა.
2003წ. 1 ივლისს ი. ც. აღნიშნული დანაშაულებრივი დაჯგუფების სამ წევრთან, კერძოდ: ი. კ-სთან, ჯ. ხ-სა და ბ. ზ-სთან ერთდ რეჟიმისა და შინაგანაწესის სხვადასხვა დარღვევისათვის მოთავსებული იყო დაწესებულების კარცერში, ხოლო დანაშაულებრივი დაჯგუფების დანარჩენი რვა მსჯავრდებული კი იმყოფებოდა საცხოვრებელ ზონაში.
2003წ. 1 ივლისს, დაახლოებით 22 საათზე, ი. ც-მ ისარგებლა იმით, რომ დაწესებულების ოპერატიულმა მორიგე _ ზ. დ-მ, რომელიც კარცერში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, არ აღკვეთა კარცერსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ზემოხსენებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების _ ვ. ჩ-სა და სხვათა შესვლა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ქურთუკის ქვეშ შენიღბული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, თავს დაესხა ზ. დ-ს აღნიშნულ მსჯავრდებულებთან ერთად და სცემა მას. ამის შემდეგ ი. ც., სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმისა და ჯგუფური გაქცევისათვის შექმნილ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობით, გაქცევის გაადვილების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა ¹9 საგუშაგო კოშკურაზე მყოფ გუშაგ ი. ჯ-ს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და “აკმ" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გულმკერდის მიდამოში მიაყენეს გამჭოლი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს და იდაყვის მორჩის გამჭოლი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რის შემდეგაც ავიდნენ ¹9 საგუშაგო კოშკურაზე, საიდანაც გაიტაცეს გუშაგ ი. ჯ-ზე გაპიროვნებული “აკს" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, გადალახეს ძირითადი აკრძალული კედელი, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს მათ დასაკავებლად განგაშზე გამოსულ დაწესებულების გარე დაცვის თანამშრომლებს, რა დროსაც დაჭრეს იქვე, შემთხვევით მყოფი მოქალაქე მ. გ., რომლესაც მიაყენეს მარცხენა მხრის და მარჯვენა ბარძაყის ცეცხლსასროლი ჭრილობები, რომლებიც მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ამის შემდეგ ი. ც-მ და სხვებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით გაიტაცეს რუსთავი-გარდაბნის მიმართულებით მოძრავი მოქალაქე თ. ა-ს კუთვნილი “ფორდ-ტრანზიტის" მარკის მიკროავტობუსი და მოახდინეს ჯგუფური გაქცევა, რის შემდეგაც მიიმალნენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ი. ც. ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს 379-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს რაც შეიძლება მსუბუქი სასჯელი. სხვა ნაწილში ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ი. ც. ითხოვს სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. იგი მიუთითებს, რომ მას არ ჩაუდენია მკვლელობის მცდელობა, არც ავტოსატრანსპორტო საშუალება გაუტაცია და არც არავისთვის მიუყენებია სხეულის დაზიანება.
პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ ს. ს-მ და მ. ა-მა ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ მხარი დაუჭირეს საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატების მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული ი. ც..
პროკურორმა კ. ბ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ მსჯავრდებულ ი. ც-ს მიმართ დადგენილი განაჩენი, ასევე განჩინება და იშუამდგომლა სასამართლო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ ი. ც-ს მიმართ დადგენილი განაჩენის სასჯელის ზომის განსაზღვრის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, სხვა ნაწილში კი სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებული ი. ც. 2003წ. 21 იანვარს გაასამართლა აბაშის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით, სხვა მუხლებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდიდა რუსთავის ¹2 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასჯელის მოხდის პერიოდში ი. ც-მ გადაწყვიტა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფური გაქცევა, რისთვისაც იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა სხვა მსჯავრდებულებს. მიზნის მისაღწევად ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი და შეიმუშავეს გაქცევის გეგმა, რომლის მიხედვით, გეგმის მიხედვით ი. ც-მ პირთა ჯგუფთან ერთად მოახდინა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა, ხოლო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით _ თავისუფლების აღკვეთიდან ჯგუფური გაქცევა.
მსჯავრდებულ ი. ც-ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია დაზარალებულების _ ი. ჯ-სა და მ. გ-ს, მოწმეების _ კ. გ-ს, ზ. დ-ს, გ. ბ-ს, ლ. ს-ს, ვ. ზ-ს და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ი. ც-ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, პალატა თვლის, რომ ი. ც-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის ზომა უნდა შემცირდეს 2 წლით, მისი დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის ხარისხისა და ხასიათის გათვალისწინებით და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს კერძო განჩინების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეზე უნდა ჩატარდეს სრულყოფილი დამატებითი გამოძიება და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 სექტემბრის განაჩენში ი. ც-ს მიმართ შევიდეს ცვლილება, კერძოდ: ი. ც-ს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მეოთხე ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 2 წლით და ამ მუხლით განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 61-ე მუხლების გამოყენებით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებისა და წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის ნაწილობრივ დამატებით, საბოლოოდ ი. ც-ს განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.