საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 16.12.2005
საქმის ნომერი
2კ-137კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.12.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 137-კოლ 16 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულ დ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 24 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც დ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 388-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ", “ზ", “თ" ქვეპუნქტებით.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით შეფარდებული სასჯელის მოხდისაგან დ. შ. განთავისუფლდა სსსკ-ის 28-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ", “ზ", “თ" ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 388-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ტუსაღობა 6 თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დ. შ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 11 სექტემბრიდან.

ამავე საქმეზე მსჯავრდებულია ბ. ნ., რომელიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. შ.Aდა ბ. Lნ. 2002წ. ივლისიდან რიგით ჯარისკაცებად მსახურობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო რაზმ “ლაგოდეხში". 2002წ. 31 მაისიდან ამავე სასაზღვრო რაზმის ¹10 სასაზღვრო საგუშაგოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო ლეიტენანტი რ. გ., რომელსაც დ. შ-თან ჰქონდა ცუდი დამოკიდებულება _ აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

2002წ. 7 სექტემბერს, 24 საათიდან, საგუშაგოზე მორიგეობდა დ. შ., რომელზეც გაპიროვნებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი “აკ-74”. დაახლოებით 2.00 საათზე საგუშაგოზე დ. შ-თან მივიდა რ. გ. და უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა _ შეაგინა და ხელი გაარტყა, თან დაემუქრა ¹10 სასაზღვრო საგუშაგოდან სასაზღვრო რაზმ “ლაგოდეხში" გადაყვანით და დაბრუნდა საგუშაგოს შენობაში არსებულ თავის ოთახში. რამდენიმე წუთის შემდეგ დ. შ. მივიდა რ. გ-ს ოთახში და სთხოვა, რომ მისი ახლად დაღუპული ბიძაშვილის, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალებიდან მეორმოცე დღემდე არ გადაეყვანა სასაზღვრო რაზმ “ლაგოდეხში", რადგან “ორმოცზე" სურდა მის საფლავზე გასვლა.

რ. გ-მა კვალვ მიაყენა შეურაცხყოფა დ. შ-ს და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია მისი გარდაცვლილი ბიძაშვილი. ამით განაწყენებული დ. შ. გამოვიდა რ. გ-ის ოთახიდან, იქვე მონახა ქსოვილის ნაჭერი, ხმის დახშობის მიზნით შემოახვია ავტომატის ლულას, იარაღი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, მივიდა რ. გამხარაშვილის საძინებელი ოთახის კართან, გააღო იგი და საწოლზე მწოლ რ. გ-ს განზრახ, მოკვლის მიზნით, ერთჯერადი სროლის რეჟიმით, დამიზნებით ოთხჯერ ესროლა, რის შედეგადაც რ. გ. ადგილზევე გარდაიცვალა.

რ. გ-ს მოკვლის შემდეგ დ. შ. შეშინდა რა, რომ მხილებული და დაკავებული იქნებოდა, შევიდა რ. გ-ს ოთახში და საწოლის გვერდით მდგარი ტუმბოდან აიღო იარაღის შესანახი ოთახის გასაღებები. ოთახიდან გამოსულს აივანზე შეხვდნენ სროლის ხმაზე გაღვიძებული ჯარისკაცები: კ. პ., ხ. ჭ. და ლ. ბ.. დანაშაულის დაფარვისა და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ასევე, რომ არ დაეკავებინათ, მან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, იარაღი დაუმიზნა ჯარისკაცებს, კავშირგაბმულობის ანძიდან ჩამოახსნევინა სადენები და კავშირგაბმულობის ოთახიდან გამოატანინა “რაცია", რათა ჯარისკაცები არ დაკავშირებოდნენ ხელძღვანელობას და სამივე ჯარისკაცი აიძულა, შესულიყვნენ კავშირგაბმულობის ოთახში. ჯარისკაცებმა სცადეს წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ დ. შ-მა მათი შეშინების მიზნით ერთხელ ისროლა მიწის მიმართულებით, ოთახის კარი გარედან დაკეტა ბოქლომით და სამ ჯარისკაცს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. ამის შემდეგ დ. შ-მა გახსნა შეიარაღების ოთახის კარი, კარადიდან აიღო იქ არსებული სამი ცალი “აკს" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი თუნუქის ყუთით ვაზნები, შვიდი ცალი მჭიდი 205 ვაზნით, ჩაალაგა ზურგჩანთაში, თავის ავტომატურ იარაღს ამოაცალა საკეტი და დატოვა იქვე, ხოლო დანარჩენი იარაღი და საბრძოლო მასალა ზურგჩანთით წაიღო და მიმალვის მიზნით შევიდა იქვე არსებული ტყის მასივში. დაახლოებით 30-40 მეტრის გავლის შემდეგ მას წამოეწია საძინებელი ოთახიდან გვიან გამოსული მეგობარი _ ბ. ნ., რომელმაც სთხოვა დ. შ-ს, ჩაბარებოდა სამართალდამცავ ორგანოებს. რადგან უარი მიიღო, იმის შიშით, რომ თავი არ მოეკლა, ბ. ნ-მა თვითნებურად მიატოვა საგუშაგოს ტერიტორია და გაჰყვა დ. შ-ს სოფ. ალმატის მიმდებარე ტყისაკენ. მათ აღნიშნულ ტყეში გაატარეს ორი დღე-ღამე, რის შემდეგ დ. შ. მის საძებრად წასული ძმისა და სიძის მეშვეობით დაუკავშირდა მამას _ ს. შ-ს და უთხრა, რომ სურდა ჩაბარებოდა სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობას და ჩაებარებინა გატაცებული იარაღი და ტყვია-წამალი. ს. შ-მა დ. შ. და ბ. ნ. მიიყვანა სოფ. ალმატში მცხოვრებ ნათესავ ჟ. ზ-ს სახლში, ხოლო თვითონ წავიდა ქ. თბილისში და სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობას შეატყობინა აღნიშნული დანაშაულის თაობაზე. 2002წ. 11 სექტემბერს სასაზღვრო ჯარების სამხედრო მოსამსახურეები ჩავიდნენ ყვარლის რაიონის სოფ. ალმატში. დ. შ. და ბ. ნ. ნებაყოფლობით ჩაბარდნენ მათ და ასევე ნებაყოფლობით ჩააბარეს გატაცებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ დ. შ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ჯ. ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ დ. შ-ს ქმედება სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 111-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო 143-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სასჯელი შეუმსუბუქდეს და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ დ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ჯ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებული დ. შ. მკვლელობის ჩადენისას იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში; ამასთან, სასამართლოს 143-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის ზომის განსაზღვრისას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ დ. შაშიაშვილი ხასიათდება დადებითად, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, ფაქტობრივად, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული. ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში მსჯავრდებულ დ. შ-ს განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.

მსჯავრდებული დ. შ. დაეთანხმა ადვოკატ ზ. ჯ-ს მოთხოვნას და იშუამდგოლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ს. კ-ს ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა მ. მ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია დ. შ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის უცვლელად დატოვების შესახებ.

პროკურორმა ს. ო-მა აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი დ. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული, მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმის მიხედვით აქვს განსაზღვრული. პროკურორმა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ დ. შ-ს მიმართ დადგენილ განაჩენში, სასჯელის ზომის განსაზღვრის ნაწილში, უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ მკვლელობის ჩადენისას დ. შ. იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას აღნიშნული საკითხი დეტალურად გამოიკვლია სასამართლომ და მიიჩნია, რომ დ. შ. მკვლელობის ჩადენისას არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, კერძოდ, რ. გ-საგან შეურაცხყოფილი დ. შ. გავიდა ოთახიდან, ავტომატურ იარაღს შემოახვია დიდი ნაჭერი, რათა სროლის ხმა არ გაეგოთ ჯარისკაცებს, შევიდა ოთახში და თითო ჯერად ოთხი ტყვია ესროლა რ. გ-ს. ასეთ ვითარებაში საკასაციო საჩივრის მითითებას, რომ თითქოს დ. შ. იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, პალატა ვერ გაიზიარებს.

პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი მსჯავრდებულ დ. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, პალატა თვლის, რომ სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში დ. შ-ს განსაზღვრული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 3 წლით და განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ დ. შ-ს მიერ მკვლელობის ჩადენა გამოიწვია დაზარალებულის არამართლზომიერმა ქმედებამ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დ. შ. არის ახალგაზრდა, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, ხასიათდება დადებითად. სხვა ნაწილში განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" და “დ" ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 24 სექტემბრის განაჩენში დ. შაშიაშვილის მიმართ შევიდეს ცვლილება, კერძოდ: დ. შ-ს სსკ-ის 108-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდეს 3 წლით და ამ მუხლით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, აღნიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ", “ზ", “თ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დ. შ-ს განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.