საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 173-აპ 30 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის განაჩენით ნ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ნ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 მარტის განაჩენით შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ნ. ს-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 3 წლით და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
ნ. ჯ. განაჩენს არ ასაჩივრებს.
ნ. ს-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება დიდი ოდენობით არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ. ს. 2001წ. 12 იანვარს გაასამართლა გორის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით და მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, 2004წ. 9 მარტს ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოში გამოცხადდა მოქალაქე ი. გ., რომელმაც ნებაყოფლობით წარმოადგინა 0,09 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. მისი განცხადებით, ნარკოტიკული საშუალება 100 ლარად შეიძინა ნ. ს-საგან..
იმავე დღეს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს მუშაკებმა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ..., დააკავა ნ. ს.. მას პირადი ჩხრეკისას მარცხენა ხელში აღმოაჩნდა შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო 6 ცალი ე.წ “ბაში”, 0,48 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება _ ერთი “ბაში” 100 ლარად _ მან შეიძინა ნ. ჯ-საგან. იმავე დღეს ჩატარდა ნ. ჯ-ს ბინის ჩხრეკა და საძინებელ ოთახში არსებული ტახტიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭერი, რომელშიც გახვეული იყო 5 ცალი ე.წ. “ბაში”, 0,42 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. ეს ნარკოტიკული საშუალება მან შეიძინა ორი კვირის წინ უცნობი აზერბაიჯანელი პირისაგან და სახლში უკანონოდ ინახავდა.
პოლიციელების მიერ ნ. ს-სათვის ჩამორთმეული ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი” და ი. გ-ს მიერ ჩაბარებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” წონით შეადგენს 0, 94 გრამს.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ნ. ს. ითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; დანაშაული ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
მსჯავრდებულმა ნ. ს-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს.
პროკურორმა სისაურმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა ნ. ს-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის _ მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით ნ. ს-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას ნ. ს-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა რა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ ნ. ს. აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის ახალგაზრდა, მარტოხელა ქალი, ეკონომიკურად უკიდურესად გაჭირვებულია; მიუხედავად იმისა, რომ ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის, წარსულში ნარკოტიკებთან შემხებლობა არ ჰქონია და ამ სახის დანაშაული ჩაიდინა პირველად, მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირა 3 წლით, ე.ი 6 წლამდე ანუ სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციის მინიმუმამდე; ამდენად, სასჯელის კვლავ შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს, რომ თვითონ მსჯავრდებული ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ განსაკუთრებულ შემამსუბუქებელ გარემოებაზე, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიმართ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 მარტის განაჩენი ნ. ს-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.