შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 317- დად 13 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 14 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინება მსჯავრდებულის საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე ერთი წლის ვადით გადაყვანის შესახებ.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ოქტომბრის განაჩენით გ. გ. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გ. გ. სასჯელს იხდიდა 2004წ. 30 ოქტომბრიდან.
2005წ. 10 ივნისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ს საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანა ერთი წლის ვადით, იმ მოტივით, რომ იგი არ ემორჩილება დაწესებულების შინაგანაწესს, თავისი ქმედებებით ცდილობს დაძაბოს სიტუაცია დაწესებულებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის დაწესებულებისა და სხვა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 14 ივნისის დადგენილებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინება დაკმაყოფილდა და მსჯავრდებული გ. გ. ერთი წლის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ხსენებული დადგენილება მსჯავრდებულ გ. გ-ს მიაჩნია უსაფუძვლოდ და ზედმეტად მძიმედ, რის გამოც პალატის სხდომაზე მოითხოვა საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის ერთწლიანი ვადის შემცირება, თუმცა ვადა კონკრეტულად არ მიუთითა.
პროკურორი ო. რ. საკასაციო საჩივარს მხარს უჭერს და მოითხოვს ამ ვადის რვა თვემდე შემცირებას.
სასამართლო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მართალია, საქმეში არსებული მასალებით გ. გ. არ იცავდა სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესს და რეჟიმის მოთხოვნებს, მაგრამ მას ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასჯელად დანიშნული აქვს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლის ვადით საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანა მეტისმეტად მკაცრია.
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 14 ივნისის დადგენილება შეიცვალოს მსჯავრდებულ გ. გ-ს სასიკეთოდ. მას საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის ერთწლიანი ვადა შეუმცირდეს 8 თვემდე.
განჩინება შესასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის ¹1 დაწესებულებას და ქ. თბილისის ¹1 საპყრობილის დირექტორს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.