შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 10.03.2005
საქმის ნომერი
2კ-419აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 419-აპ 10 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ ა. ო-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 სექტემბრის განაჩენი ა. ო-ს მიმართ დარჩა უცვლელად. აღნიშნული განაჩენით ა. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 22 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების ორი დღე _ 22 მარტიდან 24 მარტამდე.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ა. ო-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2003წ. მარტში, გამოძიებით დაუდგენელი მამაკაცისაგან 100 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” 0,72 გრამზე მეტი ოდენობით, საიდანაც ნაწილი პირადად მოიხმარა, ხოლო დანარჩენი უკანონოდ გადმოზიდა ქ. თბილისში. 2003წ. 22 მარტს იგი დააკვეს ორთაჭალის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოღებულ იქნა 0,72 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. ო. ითხოვს განაჩენით შეფარდებული სასჯელის ზომის შემცირებას. იგი მიუთითებს, რომ არის მძიმედ დაავადებული; აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ ვ. კ-მ და ჯ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები. მათ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებულმა ა. ო-მა აღნიშნა, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ავადმყოფი და ითხოვს განაჩენით შეფარდებული სასჯელის ზომის შემცირებას.

პროკურორმა ო. ბ-მა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ა. ო-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული და იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს:Lმსჯავრდებულ ა. ო-ს განაჩენით შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს სამი წლით შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ა. ო-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია. მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

ამასთან, პალატა თვლის, რომ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი აშკარად მკაცრია და, ამდენად _ უსამართლო, ამიტომ მისი ზომა უნდა შემცირდეს. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებული ა. ო. დაავადებულია კუჭის პილოანტრალური ნაწილის წყლულოვანი დაავადებით, წყლულის დეფორმაციით, ფერმენტული პერიტონიტით. დადგენილია ის გარემოებაც, რომ ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ა. ო-ს უკანონოდ შეძენილი ჰქონდა პირადი მოხმარებისათვის და გასაღების მიზანი არ ჰქონია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წინა დანაშაული მას ჩადენილი აქვს ძველი სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედების დროს, რის გამოც მას არ შეიძლება მიეცეს საშიში რეციდივის მნიშვნელობა, რადგან 1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ ცნებას არ იცნობდა. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ა. ო-მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელის ზომის შემცირების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განაჩენი ა. ო-ს მიმართ შეიცვალოს: ა. ო-ს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ 7 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 3 წლით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით. აღნიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.